Accessibility links

logo-print

დიმიტრი ერისთავის გამოფენა


2 ნოემბერს თბილისის გალერეა “ტმს”-ში გაიხსნა დიმიტრი ერისთავის რეტროსპექტული გამოფენა, რომელსაც უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. და არა იმიტომ, რომ “ტმს”-ი ქალაქის ცენტრში,

რუსთაველის პროსპექტზე, მდებარეობს. საქართველოს სახალხო მხატვარი საზოგადოებას ჩვენი წარსულის დავიწყებულ სურათებს სთავაზობს. ახალგაზრდობას ეს სურათები არასდროს უნახავს, უფროს თაობას ერისთავის შემოქმედება ნოსტალგიურ გრძნობებს აღუძრავს.

ეს არის იშვიათი შემთხვევა თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებაში, როცა ხელოვანი მხატვრული ექსპერიმენტებით არ იზღუდება და თავის პოზიციას გამოხატავს ყველაფერი იმის მიმართ, რაც ჩვენ გარშემო ხდება. დიდი ხელოვანი ხომ არ შეიძლება გულგრილი იყოს. ეს არის მაგალითი, თუ გნებავთ, “დადასტურებაც” იმისა, რომ “არაგულგრილობა” თავისთავად გულისხმობს ნიჭს. ასეთია დიმიტრი ერისთავი და მისი რეტროსპექტული გამოფენა, რომელიც 2 ნოემბერს გაიხსნა და 20 ნოემბრამდე უმასპინძლებს დამთვალიერებელს. როგორც წესი, “ტმს”-ში მხოლოდ ერთკვირიანი გამოფენები ეწყობა ხოლმე, მაგრამ გალერეის მესვეურებმა, როგორც ჩანს, წინასწარ გაითვალისწინეს, რომ ექსპოზიციის დათვალიერების სურვილი უამრავ ადამიანს ექნებოდა, გაითვალისწინეს, რომ ადამიანი სიამოვნებას იღებს დროში მოგზაურობის პროცესში... მით უმეტეს, როცა გრაფიკულად, ფაქტებში აღბეჭდილი დრო უაღრესად კინემატოგრაფიულად იხატება. დიმიტრი ერისთავი ხომ არა მარტო შესანიშნავი გრაფიკოსია, არამედ კინოს მხატვარიც, პირველ რიგში - ოთარ იოსელიანის ფილმების მხატვარი. ჩვენთან საუბარში მან აღნიშნა კიდეც, რომ სურათი, მისი აზრით, არ “მთავრდება” მაშინ, როცა ხატვა დასრულებულია, სურათი სიცოცხლეს აგრძელებს გამოფენაზე, როცა მას მაყურებელი ათვალიერებს... შესაძლებელია, ამიტომაც არ იცვლის მხატვარი ფეხს საგამოფენო დარბაზიდან. ისიც ათვალიერებს. ათვალიერებს მაყურებელს, რომელიც მისი სურათებით ტკბება.

“ტმს”-ის ექსპოზიციაზე დიმიტრი ერისთავის ძველი, 60-იან წლებში შესრულებული, და სულ ახალი ნამუშევრებია გამოფენილი. სამწუხაროდ, გალერეის მესვეურებმა სურათები ქრონოლოგიის გაუთვალისწინებლად დაკიდეს, როგორც ამბობენ ხოლმე - “სილამაზის მიხედვით”... რაც შეიძლება უხდებოდეს რომელიმე სხვა მხატვარს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - დიმიტრი ერისთავს, რადგან მთავარი აქ დროა... ის, თუ როგორ იცვლება მისი გრაფიკა ლირიკული, სიცოცხლით სავსე კომპოზიციებიდან სასოწარკვეთილ, მოღუშულ, მისტიკურ სურათებამდე, რომელიც ერისთავის ახალ სერიას შეადგენს, მრავლისმთქმელი სათაურით “ლანდები”. გალერეის შესასვლელში კი ვხედავთ ერისთავის ახალ კოლაჟს, სახელწოდებით “ხალხი და ხალხის მსახურნი”. ხელოვნების ნიუანსების ცოდნა საჭირო არაა ამ ირონიული სურათის აზრის გასაგებად. ეს უკვე გაყინული დროის სიმბოლოა – საზოგადოებას ეძლევა შანსი საკუთარი თავი დაინახოს. მხატვარი კი ფეხს არ მოიცვლის გალერეის დარბაზიდან და დააკვირდება, შეიცვლებიან თუ არა ასე ადამიანები.
XS
SM
MD
LG