Accessibility links

საქართველოში იჩქერიის რესპუბლიკის წარმომადგენლობის დახურვის აბსურდულობა


ეგრეთ წოდებული იჩქერიის რესპუბლიკის წარმომადგენლობა საქართველოში ოფიციალურად არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, სახელწოდებით“ჩვენი სახლი”.

ორგანიზაცია 1996 წელს თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლომ გაატარა რეგისტრაციაში, როგორც საქართველოში მცხოვრები ჩეჩნებისა და ქისტების დიასპორის საზოგადოებრივ-კულტურული ცენტრი. 1996 წლიდან დღემდე საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებში საზოგადოების თავმჯდომარე ხიზრი ალდამოვი ერთხელაც კი არ მიუღიათ დიპლომატიურ რანგში. სხვა საქმეა, რომ იგივე ხიზრი ალდამოვი, ფაქტობრივად, არც კი თანამშრომლობდა საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან. სულ სხვა ვითარებაში იმყოფება აფხაზეთის მოსკოვის წარმომადგენლობა, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო, საელჩოს სტატუსით არ სარგებლობს, მაგრამ ოფიციალური კონტაქტები არ აკლია.

მოსკოვში აფხაზეთის წარმომადგენლობის დახურვა საქართველოს ხელისუფლების კონტრმოთხოვნაა რუსეთის მიმართ, ეგრეთ წოდებული თბილისის ჩეჩნეთის წარმომადგენლობის გაუქმების პასუხად. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ თავის რუს კოლეგას ვლადიმირ რუშაილოს მიმდინარე მოლაპარაკებების დროს საფუძვლიანად მიანიშნა, რომ აფხაზეთის თითქმის ოფიციალური სტატუსის მქონე წარმომადგენლობა რუსეთში გაცილებით გავლენიანი ორგანიზაციაა, ვიდრე საქართველოში ჩეჩნეთის წარმომადგენლობად მონათლული ორგანიზაცია. შესაბამისად, თედო ჯაფარიძემ რუშაილოსთან კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა, რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად, აფხაზეთთან ოფიციალური მოლაპარაკება უმაღლეს დონეზე არ აწარმოონ. სხვა სიტყვებით, ეს იმასაც ნიშნავს, რომ აფხაზეთის წარმომადგენლობა რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციის ჩარჩოებში უნდა დაეტიოს და პოლიტიკური მოღვაწეობა შეწყვიტოს. რა გაგრძელება მოჰყვება ამ მოთხოვნას, სულ მალე გამოჩნდება, ისევე, როგორც გამოჩნდება, დაკმაყოფილდა თუ არა ვლადიმირ რუშაილო თედო ჯაფარიძისგან მიღებული განმარტებით. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა რუს კოლეგას პირადად აუხსნა, რომ საქართველოში ჩეჩნეთის წარმომადგენლობის დახურვა შეუძლებელია, რადგან ამგვარი რამ ბუნებაში არ არსებობს. გამოდის, რომ ჯერჯერობით გადაჭარბებულია ხმები იმის თაობაზე, რომ ხიზრი ალდამოვმა ოფისი დახურა და საქმიანობა შეწყვიტა.

[ხიზრი ალდამოვის ხმა] “ ჩემს აზრს მე ყოველთვის გამოვხატავ. სიმართლის თქმას მე ვერავინ დამიშლის, ღმერთის გარდა. საქართველოს ტერიტორია იბომბება, რატომ არ უნდა ვუთხრა რუსს, რომ ნუ ბომბავს ჩემს ქვეყანას, ჩემს ხეობას. როგორ, ამის თქმის უფლება არა მაქვს? ყველა ქართველმა უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია. აი, მაშინ არ გამოჩნდებოდა ალდამოვი.”

მიუხედავად იმისა, რომ თავად ხიზრი ალდამოვი საბრძოლველადაა განწყობილი, ბოლომდე მაინც ნათელი არ არის, რა პოზიციას ირჩევს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის საყოველთაო მოწოდებაზე, დაიხუროს ჩეჩნეთის საინფორმაციო-კულტურული ცენტრები, როგორც ახლო ისე შორეულ საზღვარგარეთში. როგორც ცნობილი გახდა, ლიტვამ რუსეთის ამ მოთხოვნას უარყოფითად უპასუხა, რიგის ქალაქის სათათბირომ კი სამუშაო დღის წესრიგში კატეგორიულად არ შეიტანა საკითხი დუდაევის სახელობის ქუჩისთვის სახელის შეცვლის თაობაზე. უკანასკნელი ინფორმაციით, ნორვეგიაში ჩეჩნეთის მხარდაჭერის კომიტეტის აქტივისტებმა პოლიციაში სარჩელი შეიტანეს, რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით. აქტივისტები ვლადიმირ პუტინს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევაში ადანაშაულებენ. ბოლო ხანებში ჩეჩნეთის მხარდამჭერ მოძრაობაში მონაწილეობისათვის რუსეთი საქართველოს ღიად უპირისპირდება. ამდენად, არც იმის ალბათობა უნდა გამოირიცხოს, რომ რუსეთმა საქართველოში ჩეჩნეთის წარმომადგენლობის თემა არ დათმოს და სულ მალე ამ თემაზე თავისი ინტერპრეტაციები შემოგვთავაზოს.
XS
SM
MD
LG