Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავი ზღვის ბანკი საქართველოში პროექტების გაფართოებაზე ფიქრობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი რამდენიმე წლის წინ, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით, ”ბისეკ”-ის ეგიდით შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა დაიწყო ფუნქციონირება.

ამ ბანკის დამფუძნებელი, ”ბისეკ”-ის სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც არის. ამ დღეებში შავი ზღვის ბანკის წარმომადგენლები თბილისში სტუმრობდნენ.

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შედარებით, ყველაზე ”ახალგაზრდა” საბანკო დაწესებულებაა, რომელსაც, შესაბამისად, რესურსებიც, მსოფლიო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შედარებით, შეზღუდული აქვს, თუმცა, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური წონის ზრდის კვალობაზე, ბანკის პერსპექტივები საკმაოდ მომხიბლავად გამოიყურება.

სხვათა შორის, შავი ზღვის ბანკის დამფუძნებელ ხელშეკრულებას 1994 წლის ივნისში თბილისში ჩატარებულ „ბისეკ-ის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოეწერა ხელი. საბანკო ოპერაციების წარმოება კი ბანკმა 1999 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამდენად, ბანკის “დაბადების ადგილად” შეგვიძლია თბილისი მივიჩნიოთ. ბანკის მთავარი ოფისი ამჟამად საბერძნეთში მდებარეობს.

საქართველო, შავი ზღვის აუზის 10 სახელმწიფოსთან ერთად, ბანკის დამფუძნებელია და მის მენეჯმენტშიც არის წარმოდგენილი. 2000 წლის აპრილიდან შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს ერთი წლის განმავლობაში, როტაციის წესით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია თავმჯდომარეობდა.

ამ დღეებში შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის დელეგაცია, პრეზიდენტ მუსტაფა გიურთინის ხელმძღვანელობით, თბილისს სტუმრობდა. ბანკის წარმომადგენლები, სამთავრობო წრეებისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის გარდა, საქართველოს საბანკო სფეროს წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

``ბისეკის`` ბანკის საწესდებო კაპიტალი 1 მლრდ SDR–ით განისაზღვრება, ხოლო ბანკის წილობრივი კვოტები შემდეგნაირად არის წარმოდგენილი: საბერძნეთი, რუსეთი, თურქეთი - 16,5%; ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა - 13,5%; საქართველო, ალბანეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი - 2%.

თავის დროზე „ბისეკის“ საკრედიტო დაწესებულების შექმნის მიზანი შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობათა დაფინანსების უზრუნველყოფა და რეგიონალური მასშტაბის პროექტების დაფინანსება იყო.
საქართველოში ბანკმა მასშტაბური პროექტის განხორციელებაშიც მიიღო მონაწილეობა. მაგალითად, ფოთის პორტის რეორგანიზაციისათვის ბანკმა 9.3 მლნ დოლარი გადმორიცხა.

როგორც ეროვნულ ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე ბანკის პრეზიდენტმა მუსტაფა გიურთინმა განაცხადა: ბანკი დაინტერესებულია საქართველოში საფინანსო სექტორის გაძლიერებით და სურვილი აქვს აქტიურად ითანამშრომლოს ამ ტიპის დაწესებულებებთან. ქართულ ბანკებთან თანამშრომლობისას ყურადღება მიექცევა ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომელიც პრიორიტეტულს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკაში. ესენია: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო მეწარმეობა.
XS
SM
MD
LG