Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ბოლშევიკური რევოლუციის 85 წლისთავს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა კატალოგით აღნიშნავენ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა 7 ნოემბერს რუსეთი ბოლშევიკური რევოლუციის 85-ე წლისთავს აღნიშნავს. დღესასწაულს სახელი შეუცვალეს, ახლა მას "შერიგებისა და თანხმობის დღე" ეწოდება.

ალბათ ჯალათებსა და მსხვერპლს შორის შერიგება-მორიგება იგულიხმება.

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების სიტყვით, რუსეთის მოსახლეობა ივიწყებს კომუნისტური რეჟიმის მილიონობით მსხვერპლს, ხოლო რუსეთის მთავრობას ქვეყნის ავბედითი წარსული არასოდეს არ დაუგმია.

ადამინის უფლებათა დამცველმა რამდენიმე წამყვანმა ორგანიზაციამ ბოლშევიკური რევოლუციის 85-ე წლისთავისთვის გამოუშვა CD Rom-ი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია საბჭოთა ტერორის 640 ათასი მსხვერპლის შესახებ. პროექტის ინიციატორია "მემორიალი". მასთან თანამშრომლობდა ანდრეი სახაროვის მუზეუმი და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საპრეზიდენტო კომიტეტი, რომელსაც პოლიტბიუროს ყოფილი წევრი და პერესტროიკისდროინდელი წამყვანი რეფორმატორი ალექსანდრ იაკოვლევი ხელმძღვანელობს.

"მემორიალის" თავმჯდომარე არსენი როგინსკი ამბობს, რომ პროექტი დაეხმარება ათობით ათას მოქალაქეს, შეიტყოს, რა ბედი ეწია მათ ნათესავებსა და მეგობრებს საბჭოთა რეპრესიების ტრაგიკულ წლებში.

CD Rom-ზე მოცემული სია მსხვეპლის ჭეშმარიტი რიცხვის უმნიშვნელო ნაწილია. მსგავსი დისკი 200 ათასი სახელით შარშან გამოუშვეს; კიდევ ერთის გამოშვება მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.

ავტორების თქმით, ვლადიმირ ლენინისა და იოსებ სტალინის მმართველობის პერიოდში 20 მილიონზე მეტი ადამიანი იქნა რეპრესირებული. 10 მილიონზე მეტი დაიღუპა სტალინის სიკვდილამდე 1953 წელს. ზოგიერთი ექსპერტის ანაგარიშით, უფრო მეტი.

დისკი შეიცავს სახელებსა და მოკლე ბიოგრაფიებს, რუქებს, ინფორმაციას გულაგის სისტემის შესახებ და აგრეთვე კომუნიზმის დამხობის შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში აღმართულ მემორიალური ძეგლების ფოტოსურათებს.

არ არის ნათელი, რამდენად დააინტერესებს დღევანელი რუსეთის მოსახლეობას ეს ინფორმაცია. გასულ თვეში 1600 რესპონდენტს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში, 48 პროცენტმა აღიარა, რომ ბოლშევიკებს დაუჭერდა მხარს, რევოლუცია დღეს რომ მომხდარიყო. სიმპათიები ლენინის მიმართ 1990 წლის შემდეგ 70 პროცენიდან 36-მდე დაეცა, სამაგიეროდ სტალინით მოხიბლულთა წილი 8-დან 22 პროცენტამდე გაიზარდა.

ლიბერალური პოლიტიკოსები და ადამიანის უფლებათა დამცველები თვლიან, რომ კრემლმა უკან დაიხია საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოპოვებული დემოკრატიისგან პარლამენტის მოთოკვით, პრესის თავისუფლების შეზღუდვით და იურიდიული სისტემის პოლიტიკურ მიზნებით გამოყენებით.

7 ნოემბერს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საბჭოთა რეპრესიების დაახლოებით 600 ათასი მსხვერპლი იქნა რეაბილიტირებული და, რომ ამ საქმის დამთავრებას მომავალ წელს აპირებს.

"მემორიალის" თავმჯდომარის არსენი როგინსკის თქმით, CD Rom-ისთვის ინფორმაცია მიღებულ იქნა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე ფედერალური უშიშროების სამსახურისგან, კგბ-ს მემკვიდრისგან, რომელსაც ადევს საბჭოთა რეპრესიების ცოდვა.

მოსკოვის სახაროვის მუზეუმის დირექტორის იური სამოდუროვის თქმით, მსხვერპლთა სიცოცხლე გაანადგურა სწორედ იმ სახელმწიფომ, რომლის მემკვიდრედ ახლა თავს რუსეთის ფედერაცია აცხადებს.

სარეაბილიტაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრ იაკოვლევმა სანანულით აღნიშნა:
[იაკოვლევის ხმა] "ჩვენ რაღაც ძალიან სწრაფად დავივიწყეთ, რომ სახელმწიფო ტერორის შედეგად მილიონები და მილიონები დაიღუპა. გარდა ყველაზე ემოციური ადამიანებისა, და იმათი, ვინც სახელმწიფოს ინტერესებზე ზრუნავს, თითქმის არავის ახსოვს ისინი და კიდევ უფრო ნაკლებს სურს ცოდვის აღიარება".

იაკოვლევი აღნიშნავს, რომ რუსებს სჩვევიათ სხევებისთვის გადაბრალება, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავზე აიღონ პასუხმიგებლობა სახელმწიფოს მიერ ჩადენილ ბოროტებაზე. "ვინ მოკლა ეს 640 ათასი? კითხულობს იაკოვლევი და თავადვე პასუხობს: "მე და თქვენ".
XS
SM
MD
LG