Accessibility links

logo-print

თბილისში ინტერნეტკაფეების ბუმია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თანამედროვე კომუნიკაციებისა და ინტერნეტის განვითარებამ არა მარტო მსხვილ ბიზნესს დაატყო თავისი კვალი, დღეს კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებს არცთუ იშვიათად იყენებს მცირე და საშუალო ბიზნესიც,

ხოლო ზოგიერთისათვის სწორედ ეს ტექნოლოგიები გახდა ბიზნესის წარმოების სტიმული. ამ სახის საქმიანობას შორის დღეს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფორმად მომრავლებული ინტერნეტკაფეები იქცა.

სულ რაღაც 2 წლის წინ თბილისში თითო-ოროლა ინტერნეტკაფე თუ ფუნქციონირებდა, დღეისათვის კი მხოლოდ დედაქალაქში რამდენიმე ასეული ამგვარი დაწესებულებაა.

ასეთი საქმიანობა საქართველოში, თავისი საშემოსავლო ბრუნვისა და დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, მცირე ან საშუალო ბიზნესის კატეგორიას განეკუთვნება. ბევრ ქვეყანაში არსებობს ინტერნეტკაფეების ქსელი, რომელიც ერთი კორპორაციის სავაჭრო ნიშნის ქვეშ ფუნქციონირებს. საქართველოში ჯერჯერობით ამგვარი ქსელები არ გვხდება და ეს პროცესი ბიზნესში ძალთა გადანაწილების შემდგომ არის მოსალოდნელი, მანამდე კი, შესაბამისი კაპიტალისა და უნარ-ჩვევების არსებობის შემთხვევაში, ამ საქმის დაწყება ნებისმიერი მსურველისათვის ხელმისაწვდომია.

საქართველოში არსებული სხვა ბიზნესისაგან განსხვავებით, ინტერნეტკაფეების ბუმი იმით არის გამოწვეული, რომ ამ საქმეში ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერები არ არსებობს. ინტერნეტკაფეს გასახსნელად მეწარმეს იურიდიული ფორმის მოძებნა, ადგილის შერჩევა და ტექნიკით უზრუნველყოფა ესაჭიროება. ამ საქმიანობისათვის საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს საკანონმდებლო შეზღუდვა ან ლიცენზირებისა თუ სერტიფიცირების პროცედურა, რაც საქმის დაწყებას აიოლებს.

ამ ტიპის კაფეს გასახსნელად თბილისში, საწყისი კაპიტალის სახით, დაახლოებით 10 ათასი აშშ დოლარია საჭირო. აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი ტექნიკის შეძენაზე მიდის. ტექნიკური ბაზა 7-დან 15-მდე საკმაოდ კარგი კონფიგურაციის კომპიუტერისაგან და ქსელის აპარატურისაგან შედგება. თუ შენობის პრობლემა ბიზნესმენს მოხსნილი აქვს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ერთჯერადი ხარჯია. ინტერნეტპროვაიდერთან შეერთებისა და პერსონალის ანაზღაურების ხარჯებს შემდგომ უკვე თავად ბიზნესი ფარავს.

დღეს თბილისში არსებული ინტერნეტკაფეების ტარიფები საკმაოდ ხელმისაწვდომია და დღის განმავლობაში ერთი საათით მომსახურება 2 ლარს, საღამოს კი ერთ ლარს შეადგენს.

ამ სახის სერვისით უმრავლეს შემთხვევაში თინეიჯერები და სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ. თბილისის ინტერნეტკაფეების უმრავლესობა ქსელურ თამაშებზეა სპეციალიზებული, რაც მეტად პოპულარულია ქართველ ბავშვებში. არის სხვა ტიპის მომხმარებელიც, რომელიც, ძირითადად, ელექტრონული ფოსტით სარგებლობს, ან ინტერნეტში სასურველი გვერდის ძებნით არის დაკავებული. გარდა ინტერნეტ მომსახურებისა, ამ ობიექტებს შემოსავალი ბარიდანაც აქვთ. ამდენად, ინტერნეტკაფეების ბიზნესი დღეს მეტად პოპულარულია, თუმცა ამგვარი დაწესებულებების მომრავლება და უკვე დაწყებული კონკურენცია ამ ბაზარზე თავის კორექტივს შეიტანს და, სავარაუდოა, რომ ბევრ მათგანს პროფილის შეცვლაც მოუწევს.
XS
SM
MD
LG