Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძევლები საქართველოში - პიტერ შოუს გათავისუფლების შემდეგ ისინი სამნი არიან


ბრიტანელი ბანკირი პიტერ შოუ საქართველოში მძევლობას ცოცხალი გადაურჩა. ვინ იქნება შემდეგი? საქართველოში მძევლად აყვანილი კიდევ სამი პირის - მამა ბასილ მაჩიტაძის,

ლევან კალაძის და თამუნა გოგინაშვილის - ბედი ისევ გაურკვეველია. მათთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ მძევლები ცოცხლები არიან. ბრიტანელი ბანკირის მძევლობიდან გამოხსნის შემდეგ ქართველ სამართალდამცავებს დანარჩენი ტყვეების გათავისუფლების იმედი გაუღრმავდათ.

ევროკავშირის ექსპერტის გათავისუფლების შემდეგ პირებს, რომლებიც მთლიანად პიტერ შოუს გათავისუფლების საქმით იყვნენ დაკავებულნი, ხელ-ფეხი გახსნილი აქვთ - ამის შემდეგ ისინი მთელ ძალისხმევას დარჩენილი მძევლების გათავისუფლების საქმეს მოახმარენ. აი, ამ გარემოებამ გაუღრმავა ქართველ სამართალდამცავებს მძევლობაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების იმედი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი სამნი არიან: მამა ბასილ მაჩიტაძე, ლევან კალაძე და არასრულწლოვანი თამუნა გოგინაშვილი. ეს გოგონა დაბა წყნეთიდან გაიტაცეს გასულ ზაფხულში, მამა ბასილ მაჩიტაძე კი - 2001 წლის 1 ნოემბერს მთა-თუშეთიდან, ტერიტორიიდან, სადაც ბერი განდგომილ ცხოვრებას ეწეოდა. ბერის გათავისუფლებისთვის გამტაცებლები ერთ მილიონ დოლარს ითხოვდნენ.

რაც შეეხება ქართველი ფეხბურთელის კახა კალაძის ძმას, ლევან კალაძეს, მისი გატაცებიდან ერთი წელი გასულ მაისში შესრულდა. ლევან კალაძე თბილისიდან დღისით გაიტაცეს. ამ ფაქტის შემდეგ ცნობილი იყო, რომ გამტაცებლები კალაძის ოჯახისგან 600000 დოლარს მოითხოვდნენ გამოსასყიდად. ლევან კალაძის მძევლობის დეტალებთან დაკავშირებით სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გახმაურებულა. ეს არის, რომ სამართალდამცავებს არაერთხელ განუმარტავთ, რომ კალაძე პანკისის ხეობაში არ ეგულებათ, განსხვავებით მამა ბასილ მაჩიტაძისგან, რომლის პანკისის ხეობაში ყოფნაც ნაკლებად დამაეჭვებლად ეჩვენებათ. მაჩიტაძის ნათესავ თემურ გოგუაძის ინფორმაციით, რომელიც სააგენტო “ინტერპრესმა” გაავრცელა, მამა ბასილ მაჩიტაძე ბოროტმოქმედებს 2 თვის წინ პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჰყავდათ გადამალული და იქიდან დაახლოებით ერთი თვის წინ გაიყვანეს.

ბერის პანკისის ხეობაში ყოფნას გამორიცხავს სოფელ დუისის გამგებელი ჯარაბ ხანგოშვილიც. ჩვენთან საუბრისას მან თქვა, რომ მძევალი გამტაცებლებს სხვა ტერიტორიაზე უნდა ჰყავდეთ გადაყვანილი. ამ ვერსიას იზიარებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც. და მაინც, მამა ბასილ მაჩიტაძის ახლობლებს ჰქონდათ იმედი, რომ ბერს ბრიტანელ ბანკირთან ერთად გაათავისუფლებდნენ. დღეს ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების ბედზე მეტად საერთაშორისო გრანტების მიღება აღელვებს. მამა ბასილ მაჩიტაძის ნათესავები პრეზიდენტთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ბერის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ:

[პაატა გომელაურის ხმა]“ მიმდინარეობს, პრაქტიკულად, ყოველდღიური მუშაობა და მიმაჩნია, რომ ეს საქმე არის პერსპექტიული, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული ოპერატიული მონაცემები გაგვაჩნია. სამწუხაროდ, მამა ბასილ მაჩიტაძის შესახებ მეტს ვერაფერს გეტყვით, უფრო სწორად, მისი გათავისუფლების საქმის შესახებ.” [სტილი დაცულია]

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს პაატა გომელაურს, ერთადერთი, შეუძლია გაიმეოროს თავისი ხელმძღვანელის კობა ნარჩემაშვილის მიერ პიტერ შოუს გათავისუფლებამდე ნათქვამი სიტყვები და ამით დაადასტუროს, რომ მძევლები ცოცხლები არიან.

[პაატა გომელაურის ხმა] “იყო ასეთი შეკითხვები ერთი თვის წინ. საკითხი მწვავედ დადგა ჟურნალისტების მხიდან: “არის თუ არა ცოცხალი?” – ამ შეკითხვას მინისტრმა მაშინ დაბეჯითებით უპასუხა, რომ პიტერ შოუ ცოცხალია. მე შემიძლია გავიმეორო მისი ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ ბერი მაჩიტაძე ცოცხალია, თამუნა გოგინაშვილზეც ითქვა ეს და, რამდენადაც მახსოვს, კალაძეზეც.” [სტილი დაცულია]

სულ ეს არის, რასაც მძევლებთან დაკავშირებით ოფიციალური პირები ამბობენ, მაგრამ არსებობს არაოფიციალური მონაცემებიც. მამუკა არეშიძის ვერსიით, ლევან კალაძე პანკისის ხეობაში არ იმყოფება და მისი გათავისუფლება იმის გამო რთულდება, რომ მის საქმეში “უფრო სერიოზული” ხალხია ჩართული.

მამუკა არეშიძის აზრით, კალაძის შემთხვევაში გამტაცებელთა იმ ჯგუფთან უნდა გვქონდეს საქმე, რომელიც ბოროტმოქმედებას ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის ბაზაზე ეწევა. ასე ფიქრობს ექსპერტი კავკასიურ საკითხებში. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი არ გამორიცხავენ, რომ კალაძის გათავისუფლება პროცესის დასაწყისში დაშვებულმა შეცდომამ გაართულა. რა შეცდომაზეა საუბარი, ჩვენთვის უცნობია. პაატა გომელაური ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს გატაცებულის ოჯახთან სისტემატური კავშირი აქვს.
XS
SM
MD
LG