Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოს რამდენიმე სამომავლო პრობლემა


დავით პაიჭაძე, თბილისი როგორც ცნობილია, თბილისის საოლქო სასამართლომ ოთხშაბათს, გვიან ღამით, უარი უთხრა სოციალისტურ პარტიას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც თბილისის 2 ივნისს არჩეული საკრებულოს

წევრებმა აღიქვეს როგორც ნებართვა საკრებულოს მუშაობის გაგრძელებაზე. უნდა ითქვას, რომ საკითხზე ნებისმიერი გადაწყვეტილება განწირული იყო პოლიტიკური დატვირთვის შესაძენად. ყველას აინტერესებდა სასამართლოს განჩინების შინაარსი და არა საფუძველი, ხოლო შინაარსს მყისვე მიეცა პოლიტიკური ინტერპრეტაცია. საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნდა, მალე მზად იქნება მისი სრული მოტივაცია. საყურადღებოა სწორედ ხსენებული განჩინების სამართლებრივი ასპექტი, აგრეთვე, რამდენიმე პოლიტიკური პრობლემა და კოლიზია, რომელიც საკრებულოს კიდევ წინა აქვს.

საოლქო სასამართლოს მოსამართლის ინგა თოდრიას აცილება მოითხოვა როგორც მოსარჩელემ, ისე პროცესში მესამე პირად ჩართულმა მხარემ – საკრებულოს წარმომადგენლობამ, თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის, სახით. კოლეგიამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სოციალისტური პარტიის სარჩელი პირვანდელი შემადგენლობით განიხილა. განხილვის პრინციპული რეზულტატი ის არის, რომ არჩევნების შედეგები ბათილად არ გამოცხადდა. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებით გაწბილებული მხარე ალაპარაკდა სააკაშვილის მხრიდან სასამართლოზე განხორციელებულ ზეწოლასა თუ სასამართლოს მიერ საააკაშვილის ინტერესების გამოხატვაზე. იოლი წარმოსადგენია, რას იტყოდა თვითონ მიხეილ სააკაშვილი, საოლქო სასამართლოს საპირისპირო შინაარსის გადაწყვეტილება რომ მიეღო. ასეა თუ ისე, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს ინგა თოდრიას ფაქტობრივი და წმინდა იურიდიული საფუძველიც ჰქონდა საიმისოდ, რომ საქმე გადაეწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა. განჩინების სრული ტექსტი პარასკევ საღამოს იქნება მზად, მანამდე კი მოსამართლე თოდრიამ რადიო “თავისუფლებას” ზოგადად გააცნო ის პრინციპები, რომელსაც დაეფუძნა სასამართლოს გადაწყვეტილება [ინგა თოდრიას ხმა]: “გადათვლის შედეგად, არ დადასტურდა ის გარემოებები, რომლებიც, საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების გაბათილების საფუძველს წარმოადგენს. სოციალისტები აცხადებენ, რომ გადათვლა არ მომხდარა, მოხდა მხოლოდ გადათვალიერება, მაგრამ იმ პირობებში და იმ მონაცემთა საფუძველზე, რაც ჰქონდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მან ეს გადათვლა მოახდინა. თან, მეტი გადათვლის შესაძლებლობა არ არსებობს. არ იქნა დაფიქსირებული იმგვარი დარღვევები, რაც შედეგის გაბათილებას უნდა იწვევდეს”.

სრულიად სხვა საკითხია, ნიშნავს თუ არა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, პირდაპირ ნებართვას საკრებულოს მუშაობის გაგრძელებისათვის, ან რამდენად წარმოადგენს ის დოკუმენტს საკრებულოს ლეგიტიმურობის შესამაგრებლად. ინგა თოდრიამ ჩემთან საუბარში ამ საკითხზე მსჯელობას თავი აარიდა; უბრალოდ, განმიცხადა, რომ ეს სადავო საკითხია და სასამართლოს ოფიციალური განმარტების მოცემა არ შეუძლია - ის ვერაფერს იტყვის იმაზე მეტს, რასაც კანონი ამბობს.

რა თქმა უნდა, წაგებული მხარე განჩინებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს ერთი თვის მანძილზე. ეს არ არის ვადა, რომელშიც საკრებულოს ძალთა დღევანდელი განლაგება დაირღვევა. მაგრამ თუ გავიხსენებთ ლეიბორისტული პარტიის უახლოეს ისტორიასა და გამოცდილებას, აგრეთვე, გადავხედავთ მის დღევანდელ, საზოგადოებისთვის პრაქტიკულად უცნობ დეპუტაციას თბილისის საკრებულოში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთიანობის დაშლა ძნელი საქმე არ უნდა იყოს: ლეიბორისტები ლაბილური ხალხია, მათი ნაწილ-ნაწილ გადაბირება ხელისუფლებას ან სხვა პარტიებს არ უჭირთ. თუ ეს მომდევნო ერთი წლის მანძილზე მოხერხდა, საკრებულო უაღრესად არაეფექტიან ორგანოდ გადაიქცევა და პოლიტიკოსებს ტრიბუნადაც არ გამოადგებათ.
XS
SM
MD
LG