Accessibility links

logo-print

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გათავისუფლებას


ბრიტანელი ბანკირის, ევროკავშირის ექსპერტის პიტერ შოუს ტყვეობიდან გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლებისათვის, პოლიტიკურთან ერთად, ეკონომიკური სარგებლის მომტანიცაა.

კერძოდ კი, სავარაუდოა, რომ აღდგება საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები, რაც მთავრობას ბიუჯეტის შესრულებას გაუადვილებს. შესაბამისად კი, ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს მთავრობის გადადგომის მოთხოვნის დასასაბუთებლად არგუმენტები შემოაკლდებათ.

საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერა აქამდეც არ აკლდა, ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გათავისუფლება კი საქართველოს კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ დივიდენდებს შესძენს. თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი ის ფისკალური ეფექტია, რაც შოუს ტყვეობიდან დახსნას მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ პიტერ შოუს გატაცების შემდეგ ევროკავშირმა საქართველოში მიმდინარე ყველა პროექტის დაფინანსება შეაჩერა და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა იმ 45 მილიონი ლარის გამოყოფაც, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილში.

ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შეუსრულებლობას სწორედ პიტერ შოუს პრობლემას უკავშირებდა და, ამ გზით, ფინანსურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას სამართალდამცავ სტრუქტურებს აკისრებდა. ირიბად, მაგრამ საკმაოდ ცხადად, ამავე პრობლემით სცადა თავის მართლება პრეზიდენტმა შევარდნაძემ 4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, როდესაც ბიუჯეტის დანაკლისად მხოლოდ 40 – 45 მილიონი ლარი დაასახელა და ისიც დასძინა, ეს კატასტროფა არ არისო.

ეკონომიკის ექსპერტმა, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ ჩემთან საუბრისას განაცხადა:

[გოცირიძის ხმა] „მას შემდეგ, რაც პიტერ შოუ იქნა გათავისუფლებული, ეს სულაც არ გულისხმობს თანხების ავტომატურად გადმორიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტისათვის. თუმცა წლის ბოლომდე არაფერია გამორიცხული. შეიძლება თვალი დახუჭოს ევროკავშირმა და გადმორიცხოს იმ პირობით, რომ მთავრობა სამომავლოდ შეასრულებს თანადაფინანსების პირობას.“[სტილი დაცულია]

გოცირიძის ვარაუდს საფუძვლიანობას მატებს ევროკავშირის „ტასისის“ პროგრამის კოორდინატორის სოსო ცისკარიშვილის სიტყვები. ჩემთან სატელეფონო საუბრისას მან განაცხადა:

[ცისკარიშვილის ხმა] „ეხლა, როდესაც, საბედნიეროდ, კეთილად დამთავრდა ეს საკმაოდ მძიმე ინციდენტი, ევროკომისია თვითონ იქნება კმაყოფილი აჩვენოს ის ტრადიციული კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ, რომელიც იძულებული იყო შეეჩერებინა და შეეკავებინა, აი, ამ პერიოდის განმავლობაში. ასე რომ, მე მგონი, აღარაფერი უნდა დაუდგეს წინ ამ გადაწყვეტილების მიღებას. ერთადერთი ვადების საკითხია, ესე იგი საჭიროა აქტიური მუშაობა.“[სტილი დაცულია]

ვადების საკითხში წლის ბოლომდე დარჩენილი მცირე დრო იგულისხმება, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ინტერესს საქართველოს მთავრობისას, რომელიც ყოველ ღონეს მიმართავს იმისათვის, რომ ბიუჯეტის სეკვესტრი - და, შესაბამისად, იმპიჩმენტიც - თავიდან აიცილოს, სავარაუდოა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები ინტენსიურად წარიმართება.

ევროკავშირის იმედი აქვს პრეზიდენტ შევარდნაძესაც:

[შევარდნაძის ხმა] „ძალიან მადლიერნი არიან ევროკავშირში, მადლიერნი არიან ევროპაში და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ევროკავშირს გრანტების მოცემაზე უარი არ უთქვამს, მხოლოდ ცოტა დაბრკოლება იყო სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით.“

სასურსათო უსაფრთხოების 45 მილიონ ლარიანი სესხის მისაღებად საქართველოს მთავრობას თანადაფინანსების გაწევაც ევალება, თუმცა ეს შეიძლება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დადგეს, რადგან დახმარების შეჩერებამ საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ცვლილებაც გამოიწვია - შეჩერებულ პროექტზე ის თანადაფინანსებას ვერ გასწევდა.

პიტერ შოუს გათავისუფლების შემდეგ აღდგება 2001 – 2002 წლებში დაწყებული იმ პროექტების დაფინანსებაც, რომელთა საერთო მოცულობა 10 – 15 მილიონ ევროს შეადგენს. მათ შორისაა კრიმინალებისაგან ყველაზე მეტად დაზარალებული კახეთის რეგიონის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების 7 მილიონიანი პროგრამა.
XS
SM
MD
LG