Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ეძებდნენ პიტერ შოუს გატაცებაში “ჩეჩნურ კვალს”


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მძევლობიდან გათავისუფლებულმა ბრიტანელმა ბანკირმა პიტერ შოუმ 7 ნოემბერს დილით თბილისი დატოვა და ლონდონში გაემგზავრა. ოფიციალური ვერსიით, პიტერ შოუს ლონდონში სასწრაფოდ

დაბრუნების გადაწყვეტილება საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ მიიღო. ის ფაქტი, რომ ძირითადი მოწმე გამოძიებაში აქტიურ მონაწილეობას არ მიიღებს, განამტკიცებს მოსაზრებას, რომ პიტერ შოუს “გახსნილი” საქმე ისევ ბურუსით იქნება მოცული.

როგორც გახსოვთ, პიტერ შოუ თბილისის ცენტრიდან 18 ივნისს გაიტაცეს. მისი კოლეგების ინფორმაციით, 19 ივნისს იგი საქართველოდან ბრიტანეთში გამგზავრებას გეგმავდა, რადგან საქართველოში მუშაობის ვადა ამოეწურა. გატაცებისთანავე, ყველაზე დამაჯერებლად ორი ვერსია ჟღერდა – რომ პიტერ შოუ გამოსასყიდის მიღების მიზნით მოიტაცეს ან რომ პიტერ შოუს გატაცება შურისძიებით იყო განპირობებული, რადგან მას დიდი წვლილი მიუძღვის რამდენიმე ქართული ბანკის გაკოტრებაში.
ახლა, როცა პიტერ შოუ არათუ გათავისუფლებულია, არამედ ლონდონშიც კი დაბრუნდა, კვლავ გაურკვეველია, რა მიზნით გაიტაცეს ბრიტანელი. სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები კატეგორიულად უარყოფენ რაიმე გამოსასყიდის გადახდის ფაქტს. სხვათა შორის, გამოსასყიდის მიღების მოთხოვნით გასული 4 თვის განმავლობაში არც ევროკავშირის წარმომადგენლობას, არც პიტერ შოუს თბილისურ ოჯახს არავინ დაკავშირებია. შესაბამისად, ძლიერდება ეჭვი, რომ პიტერ შოუ შურისძიების მიზნით გაიტაცეს, ანუ გატაცების ორგანიზატორები ქართული საბანკო ბიზნესის წარუმატებელი წარმომადგენლები არიან. მით უფრო უცნაურია სამართალდამცავი ორგანოების ერთი ნაწილის მცდელობა, ჩეჩნური კვალი ეძიოს ამ საქმეში. მაშინ, როცა შოუ უკვე გათავისუფლებული იყო, საქართველოს საინფორმაციო საშუალებები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ სროლისას დაღუპული ადამიანი ეროვნებით ჩეჩენია და რომ შოუს გატაცებასთან კავშირი აქვს ახმადოვების ცნობილ ჯგუფს.
ცნობისთვის: რუსული მხარისთვის დღემდე უცნობია, რამდენი კაცი შედიოდა ახმადოვების კლანში. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მასში 9 ან 10 ძმა იყო გაერთიანებული. სწორედ ახმადოვების ჯგუფი მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობაში. დღევანდელი ინფორმაციით, მხოლოდ ერთი ძმაა ცოცხალი – უვაის ახმადოვი, რომელიც, ისევ და ისევ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავს პანკისის ხეობას აფარებს. სხვები ჩეჩნეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაიღუპნენ.
ძალიან ძნელი სათქმელია, ჰქონდა თუ არა პიტერ შოუს გათავისუფლებისას დაღუპულ ყოფილ პოლიციელს მერაბ მექობიშვილს რაიმე კავშირი ახმადოვებთან. თუმცა ფაქტია, რომ ძალისმიერი სტრუქტურების წარმომადგენლები შემოვლითი გზებით ცდილობენ პიტერ შოუს გატაცებაში ჩეჩნური კვალის არსებობის დადასტურებას. მაგალითად, საინფორმაციო სააგენტოები, კარგად ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყებიან, რომ შოუს გატაცებაში ფიგურირებს ვინმე მევლუდ ჭიჭიაშვილი, რომელიც პანკისის ხეობის მაცხოვრებელია და რომელსაც, ჩეჩენი დედის გამო, კარგი კავშირები აქვს ცნობილ ჩეჩენ საველე მეთაურებთან. საბოლოოდ კი, რჩება შთაბეჭდილება, რომ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს პანკისის ხეობაში ჩეჩნების არსებობა კარგ “შანსს” აძლევს, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გაუარესება ჩეჩნების ფაქტორით ახსნას მაშინაც კი, როცა ჩეჩნები არაფერ შუაში არიან.
XS
SM
MD
LG