Accessibility links

logo-print

უშიშროების საბჭო სულ მალე ერაყის განიარაღების თაობაზე ახალ რეზოლუციას მიიღებს


ანდრო ეული, პრაღა გაეროს უშიშროების საბჭოში გრძელდება განხილვა ახალი რეზოლუციის პროექტისა, რომელიც ერაყის განიარაღებას ითვალისწინებს, და როგორც დიპლომატები იუწყებიან,

მრავალი უთანხმოება საბჭოს წევრებს შორის უკვე მოგვარებულია, და მოელიან, რომ კენჭისყრა უშიშროების საბჭოში ამ საკითხზე პარასკევს, რვა ნოემბერს გაიმართება. როგორც საფრანგეთის წარმომადგენელმა ჟან –დევიდ ლიუვიტმა განაცხადა, პროგრესი უშიშროების საბჭოში იმის წყალობით იქნა მიღწეული, რომ რეზოლუციის ახალი ვარიანტი გაეროს აძლევს უფლებას გადაწყვიტოს – რა ზომები უნდა იქნეს მიღებული ერაყის წინააღმდეგ, თუ ბაღდადი არ მოისურვებს განიარაღების ექსპერტებთან თანამშრომლობას.

რეზოლუციის ახალი, მოდიფიცირებული პროექტი ოთხშაბათის სხდომაზე წარადგინეს აშშ-მა და ბრიტანეთმა. საფრანგეთი მიესალმა პროექტში შეტანილ ცვლილებებს. რეზოლუციის ამ განახლებულ პროექტში ნათქვამია, რომ უშიშროების საბჭო ერაყს აძლევს უკანასკნელ შესაძლებლობას – შეასრულოს განიარაღების თაობაზე ნაკისრი ყველა ვალდებულება.
წინააღმდეგ შემთხვევაში რეზოლუცია "სერიოზული შედეგებით" ემუქრება ბაღდადს.

ხოლო რეზოლუციის თავდაპირველ ვარიანტში, რომელიც აშშ-მა წარუდგინა უშიშროების საბჭოს ნათქვამი იყო, რომ "ერაყის წინააღმდეგ ყველა საჭირო ზომა" იქნება მიღებული, თუ ბაღდადი არ მოისურვებს განიარაღების ექსპერტებთან თანამშრომლობას.

აშშ-ის წარომადგენელმა გაეროში ჯონ ნეგროპონტემ ასეთნაირი კომენტარი გაუკეთა ახალი რეზოლუციის პროექტს: [ჯონ ნეგროპონტეს ხმა] "რეზოლუციაში ფაქტობრივად ნათქვამია, რომ თუ მისი პირობები, ერაყის განიარაღებასთან დაკავშირებით, არ იქნება შესრულებული, საკითხი საბჭოს დაუბრუნდება განსახილველად. რეზოლუციაში არაა წინასწარ განსაზღვრული – რაც შეიძლება მოხდეს შემდგომ".

იმისათვის, რათა ახალი რეზოლუცია იქნეს მიღებული, მას სულ ცოტა 9 ხმა ესაჭიროება 15-წევრიან უშიშროების საბჭოში. ნეგროპონტემ და ბრიტანეთის წარმომადგენელმა ჯერემი გრინსტოკმა განაცხადეს, რომ ახალი რეზოლუციის მიზანი – ერაყის განიარაღებაა, და არა ომის დაწყება.

საფრანგეთის წარმომადგენელმა ჟან-დავიდ ლიუვიტმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც გასულ სექტემბერს უშიშროების საბჭოში ერაყის საკითხის განხილვა დაიწყო, საფრანგეთი მხარს უჭერს ერაყის განიარაღებას, მაგრამ ამ პროცესში უშიშროების საბჭოს უზენაესობას ანიჭებს უპირატესობას: [ჟან-დავიდ ლიუვიტის ხმა] "გვინდა უკანასკნელი შანსი მივცეთ ერაყს – განიარაღდეს გაეროს ექსპერტთა მეშვეობით. ამისთვის, ჩვენ, შემოწმების მკაცრი რეჟიმი გვესაჭიროება. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, იმთავითვე განვაცხადეთ, რომ რაც ჰანს ბლიქსის მიერ
იქნება მიღებული და დადასტურებული, ამას საფრანგეთი დაუჭერს მხარს".

შეგახსენებთ, რომ ჰანს ბლიქსი გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიას თავმჯდომარეობს. რეზოლუცია ამგვარი კომისიის დაარსების შესახებ 1999 წლის მიწურულს მიიღო უშიშროების საბჭომ; საფრანგეთს, რუსეთსა და ჩინეთს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

როგორც ახალი რეზოლუციის პროექტშია ნათქვამია, გაეროს განიარაღების კომისიას მიეცემა უფლება დაუბრკოლებლად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეამოწმოს ერაყში პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის სასახლეები. ადრე, ბაღდადი, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამას.

ჰანს ბლიქსმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც უშიშროების საბჭო მიიღებს ახალ რეზოლუციას, განიარაღების ექსპერტთა მოწინავე ჯგუფი 7-10 დღის განმავლობაში ეწვევა ერაყს. როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, რეზოლუციის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში ერაყმა უნდა განაცხადოს, რომ ეთანხმება რეზოლუციის პირობებს და ივალდებულოს მათი განუხრელი შესრულება. განიარაღების ექსპერტებმა 45 დღის განმავლობაში უნდა განაახლონ თავიანთი საქმიანობა ერაყში. ხოლო 60 დღის შემდეგ მათ პირველი საანგარიშო მოხსენება უნდა წარუდგინონ უშიშროების საბჭოს.
XS
SM
MD
LG