Accessibility links

“გამარჯვება, მშვიდობის ნაცვლად” - არამარტო იტალიელი ფაშისტების სურვილი


იტალიის შემადგენლობაში მყოფი სამხრეთი ტიროლი და მისი მთავარი ქალაქი,

რომელსაც გერმანულად ბოცენი, იტალიურად კი ბოლცანო ჰქვია, ევროპაში უპრეცედენტო რეფერენდუმის მოწმე გახდა. ნეოფაშისტებმა მოუწოდეს ხალხს - ამ ქალაქში ისტორიულად მკვიდრ, ამჟამად უმცირესობაში მყოფ, გერმანულენოვან მოსახლეობასთან ერთად, იტალიელები ცხოვრობენ - კენჭი ეყარათ ქალაქის ცენტრში მდებარე მოედნის სახელისთვის. ლაპარაკია მოედანზე, რომელსაც ბენიტო მუსოლინის, ანუ ფაშისტების მმართველობის, დროს, ოციან წლებში, გამარჯვების სახელი უწოდეს. ამ მოედანზე დღემდე მდგარ ძეგლს გერმანელთა შეურაცხმყოფელი წარწერა აქვს: დღეიდან მოყოლებული, ვაძლევთ მათ ენას, სამართალსა და კულტურას, - წაუწერიათ ძეგლისთვის იტალიელებს, “მათში” კი იმ რეგიონის მცხოვრებნი იგულისხმებიან. მოედანს ახლახან ქალაქის ეთნიკურად შერეულმა მთავრობამ მშვიდობის სახელი მიანიჭა, რათა მეგობრული თანაცხოვრების ეს ძველი იარა მოეშუშებინა. მაგრამ, როგორც გითხარით, რეფერუნდუმმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა: მოსახლეობის 62 პროცენტმა მოედნისთვის ძველი სახელის დაბრუნება მოითხოვა, დანარჩენმა 38-მა მშვიდობის მოედანს მისცა ხმა. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ქალაქის მცხოვრებთა 62-მა პროცენტმა. როგორც არჩევნების მკვლევრებმა გამოთვალეს, რაკი ბოცენის მოსახლეობის 80 პროცენტი იტალიელები არიან, 18 პროცენტი - გერმანელები და მხოლოდ 2 - ლადინელები, - ეს ასევე გერმანულენოვანი, მკვიდრი უმცირესობაა, - გამარჯვების მოედნისთვის ხმა მიუცია იტალიელთა 70 პროცენტს. აქედან კი დაასკვნიან, რომ იტალიელთა ის ორი მესამედი, რომელიც წინა ადგილობრივ არჩევნებში მემარცხენე ცენტრისტულ ძალებს და სხვა ალტერნატიულ ჯგუფებს ემხრობოდა, ახლა ფაშისტური ორიენტაციისა გახდა. რეფერენდუმის შემდეგ ფაშისტთა მასები, გახარებულები იმით, რომ მოედანს მათი დიდი წინამორბედის მიერ მინიჭებულ სახელს დაუბრუნებდნენ, სწორედ ისევე აღნიშნავდნენ ამ გამარჯვებას, როგორც იტალიელები ფეხბურთში გამარჯვებას ზეიმობენ ხოლმე: აფრიალებდნენ დროშებს, გაჰყვიროდნენ ლოზუნგებს - ქალაქი დავიბრუნეთ, ჩვენია გამარჯვებაო. ასეთია ახლა მდგომარეობა ბოცენში ანუ ბოლცანოში, სადაც თითქოსდა მოგვარებული იყო ერებს შორის დაპირისპირების პრობლემა. იქ რამდენიმე ათეული წელია მოქმედებს იტალიის კონსტიტუციით განმტკიცებული კანონი ავტონომიური სტატუსის შესახებ. უთანხმოება ზოგიერთ სფეროში, როგორიცაა, მაგალითად, ენების თანასწორუფლებიანობა, საბოლოოდ მოგვარდა 1992 წელს, როცა ავსტრიის მთავრობამ იტალიის მთავრობას გადასცა ნოტა იმის თაობაზე, რომ კონფლიქტი საერთაშორისო სამართლის მიხედვით იქნა დასრულებული და ეს გაერომაც ცნობად მიიღო ამავე მთავრობებისგან.
სამხრეთ ტიროლში საქმე მარტივად არის. ეს რეგიონიც უსამართლო გარიგებების შედეგად იქნა გაცემული. ისიც ისეთივე საერთაშორისო შეთანხმების მსხვერპლია, როგორიც არაერთია ევროპასა და მსოფლიოში.
ტიროლი, როგორც ცნობილია, მთიანი მხარეა, ალპებში მდებარეობს. სამხრეთი ტიროლი ტიროლის საგრაფოს ნაწილი იყო. მე-7 საუკუნეში იქ მივიდნენ გერმანელთა ტომის – ბაიუვარების - წარმომადგენლები, რომლებიც ტიროლელების წინაპრები უნდა იყვნენ. ამ რეგიონის საზღვარი დიდხანს გარდას ტბასა და ეჩის ხეობაში გადიოდა, - საზღვარი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მოიშალა. აქვე გეტყვით, რომ მაშინდელი ტიროლის სამხრეთი ნაწილი, ალტო ადიჯედ წოდებული, - ეს სახელი აქვს იტალიის ახლანდელ პროვინციასაც, - ნაპოლეონის მიერ იტალიის სამეფოში იქნა გაერთიანებული. 1814 წელს იგი ავსტრიამ დაიბრუნა. 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, იტალია საიდუმლოდ გაურიგდა ანტანტას, რომ მის მხარეს იომებდა, ავსტრია-გერმანიის წინააღმდეგ, სამაგიეროდ კი, მას სამხრეთ ტიროლს დაჰპირდნენ. და მართლაც, ავსტრია ომის შემდგომ იძულებული გახდა ეს რეგიონი იტალიისთვის დაეთმო. მაშინ იქ მოსახლეობის 3 პროცენტს შეადგენდნენ იტალიელები. ავტონომიის დაპირების მიუხედავად, რეგიონში დაიწყო იტალიზაცის ძლიერი პროცესი, გერმანულენოვანი მოსახლეობის ჩაგვრა. 30-იან წლებში ნაცისტები და ფაშისტები შეეცადნენ გარიგებულიყვნენ, რაც სამხრეთ ტიროლელებისთვის წართმეული უფლებების დაბრუნებას გულისხმობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, კვლავაც -დაპირებისდა მიუხედავად, რომ სამხრეთ ტიროლელები ავტონომიის უფლებებს მიიღებდნენ, იტალიის მთავრობამ მზაკვრული გეგმა განახორციელა. სამხრეთი ტიროლი ერთი დიდი, ახლად შექმნილი, ავტონომიური ოლქის, ტრენტინო-ალტო ადიჯეს, ნაწილი გახდა, რითაც ამ ოლქში გერმანელები უმცირესობაში აღმოჩნდნენ. მომდევნო წლებში სამხრეთ ტიროლელებს თავიანთი უფლებების ნაწილი დაუბრუნდათ. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, მათ კულტურას კვლავ მიეცა დამოუკიდებელი განვითარების საშუალება. ლამის დაუჯერებელია: სამხრეთ ტიროლში არის კულტურის სამი - გერმანული, იტალიური და ლადინური - სამინისტრო, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელნი არიან. მათ თანამშრომლობას აწესრიგებს საერთო კომისია. თვით სამინისტროები ფინანსდება მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად. ასევეა განათლების სფეროში: ფაქტობრივად, არსებობს სამგვარი სასკოლო სისტემა: გერმანული, იტალიური და ლადინური.
ამ დროს, როგორც თავში გიამბეთ, იტალიელი ნეო თუ პოსტფაშისტები, როგორც თავის თავს უწოდებენ ისინი, სულ უფრო და უფრო მეტ მომხრეს პოულობენ რეგიონში. საკუთარი კულტურის უსაფრთხოება, სამუშაოს ქონა, ეკონომიკური კეთილდღეობა კონფლიქტებს დროებით ანელებს. იქ ჩასახლებული იტალიელები ერთსა და იმავე კუთხეს არ მიეკუთვნებიან, სხვადასხვა დიალექტზე მეტყველებენ და ამიტომაც ცალ-ცალკე ჯგუფებად არიან დაყოფილი. მათ იდენტიფიკაციის მხოლოდ ერთი ნიშანი აერთიანებთ - ფაშიზმი.
XS
SM
MD
LG