Accessibility links

logo-print

რას ჰყვება საქართველოდან სამშობლოში დაბრუნებული პიტერ შოუ?


საქართველოში მთავარი სალაპარაკო თემა ამ დღეებში პიტერ შოუს გათავისუფლება გახლავთ. საბანკო საქმის ბრიტანელი ექსპერტის 141-დღიან ტყვეობასა და მისი დახსნის მიზნით ოთხშაბათს ჩატარებულ

ოპერაციას ჩვენს წინა გადაცემაში არაერთი მასალა მივუძღვენით. დღეს გვინდა გაგაცნოთ პიტერ შოუს ზოგიერთი გამონათქვამი, რომელსაც ამ ქვეყნის საინფორმაციო საშუალებები აქვეყნებენ.

ავიაკომპანია "ბრიტიშ ეირუესის" კუთვნილი, თბილისიდან ლონდონში ჩაფრენილი თვითმფრინავი ჰითროუს აეროპორტში სულ რამდენიმე წუთის დამჯდარი იყო, 57 წლის ყოფილი ტყვე კი უკვე პრესკონფერენციას მართავდა. ათობით ტელე- თუ რადიოჟურნალისტს, ბრიტანეთში გამომავალი მრავალი გაზეთის კორესპონდენტს, შოუ თავისი გათავისუფლების "სასწაულს" უამბობდა.

"არ მინდა, თავი შეგაწყინოთ ჩემი პატიმრობის დეტალების მოყოლითო", თქვა პრესკონფერენციის დასაწყისში "აგრობიზნესბანკის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, მაგრამ მერე მაინც დააკმაყოფილა შეკრებილთა ცნობისმოყვარეობა და უამბო მათ, როგორ გაატარა ოთხი თვე ორმოში, კისერზე ჯაჭვგამობმულმა; როგორ აწოდებდა ვიღაც ზევიდან საჭმელსა და წყალს; როგორ მოითხოვდნენ მისგან გამტაცებლები, ოჯახისთვის წერილი მიეწერა და მის გამოსასყიდად ერთი მილიონი დოლარის გადახდა ეთხოვა; დაბოლოს, როგორ სასწაულებრივად დაუძვრა ოთხშაბათს საღამოს თავის მტანჯველებს.

ეს ყველაფერი ერთი დღით ადრე ქართველმა ტელემაყურებელმაც მოისმინა. მაგრამ ჰითროუს აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე უელსელმა ბანკირმა ისეთი რამეც თქვა, რაზეც თბილისში არ ულაპარაკია. კერძოდ, "ჰითროული" ვერსიით, ოთხშაბათს საღამოს პიტერ შოუსა და მის გამტაცებლებს ერთნაირი სამხედრო ფორმები ეცვათ. და როცა შოუმ გაქცევა დააპირა, დაბნეულმა ყაჩაღებმა უკუნ სიბნელესა და არეულობაში შემთხვევით თავიანთ თანამოაზრეს ესროლეს.

"დავინახე, როგორ გაიქცა სამი კაცი – განაგრძო პიტერ შოუმ. – მეოთხე კი მიწაზე ეგდო და რაღაც ხმებს გამოსცემდა. ნახევარი საათი ბუჩქებში დამალულმა გავატარე, რადგან მეშინოდა, ჩემი გამტაცებლები არ დაბრუნებულიყვნენ. მერე სამალავიდან გამოვძვერი და აღმოვაჩინე, რომ მიწაზე დაგდებული კაცი მკვდარი იყოო."

თავის მონათხრობში უელსელმა ბიზნესმენმა ემოციური კილოც გაურია: "არ მრცხვენია იმის თქმა, რომ წუხელ სასწაული მოხდა. მე სიკვდილს იმიტომ გადავურჩი, რომ ქართველები სროლაში უვარგისები გამოდგნენ, და იმიტომაც, რომ ძალიან ბნელოდა და მე და იმ ბიჭებს ერთნაირი ფორმები გვეცვა."

სადღაც, შორს, პიტერ შოუმ სინათლე დაინახა და გეზი მისკენ აიღო. 300-400 მეტრში ქართული ლაპარაკი შემოესმა და გაიგონა, როგორ ყვიროდა ვიღაც მის სახელს. მერე, როგორც ჟურნალისტებს აუწყა, შოუს თვითონაც ამოუღია ხმა და დაუძახია: პიტერ შოუ ვარ, პიტერ შოუ! ბრიტანელი ვარო! შოუს თქმით, ეს ბიჭები ქართველი ჯარისკაცები აღმოჩნდნენ, რომლებიც მას ძალიან თავაზიანად მოექცნენ. "მერე წამიყვანეს შტაბში, სადაც უშიშროების მინისტრის მოადგილე შემხვდა და მითხრა: არ ვიცი, აქ როგორ მოხვდი, მაგრამ უსაფრთხო ადგილას კი მოხვდიო."

ყოველივე ამის მოსმენისას ალბათ ბევრს გაუჩნდება შეკითხვა: რამდენად შეესაბამება უელსელი ბანკირის ეს ნაამბობი მის მიერვე საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლებისთვის ნათქვამს? უდავოდ საინტერესოა ისიც, როგორი იქნება პიტერ შოუს "ჰითროულ" ვერსიაზე საქართველოს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების რეაქციები.
XS
SM
MD
LG