Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის პრეზიდენტი ომის მომხრე არ არის, მაგრამ მისთვის სრულ მზადყონას არ მალავს


სანამ გაერო გადაწყვეტდა, რა შემთხვევაში შეიძლება ომი ერაყის წინააღმდეგ, ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ამ ომისთვის უკვე სრულ მზადყოფნას გამოთქვამს და აცხადებს, რომ თუ საჭირო იქნა,

ომს ის და მისი მოკავშირეები დაუყოვნებლივ დაიწყებენ. ბუში ამასთან ამბობს, რომ ერაყის წინააღმდეგ ომი მისი მთავარი არჩევანი არ არის, თუმცა მშვიდობის უზრუნველსაყოფად ის მზად არის დაადგეს ომის გზას.
ჯორჯ ბუშმა 7 ნოემბერს პრესკონფერენცია მოაწყო, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ერაყის რეზოლუციებისთვის კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე.
ბუშმა, როგორც გითხარით, განაცხადა, რომ მისთვის ომი ერაყთან კონფრონტაციის საქმეში უმთავრესი გზა არის. ბუშს არაერთი შეკითხვა დაუსვეს იმის თაობაზე, არის თუ არა ერაყთან ომი გამართლებული. ერთი ჟურნალისტის აზრით, ომი ერაყთან საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება, მეორემ განაცხადა, რომ ამგვარი ომი ტერორიზმს კიდევ უფრო გააღვივებს. ამერიკის პრეზიდენტის თანახმად, მნიშვნელოვანია ყველამ გაიგოს, რომ მის ადმინისტრაციას ომი არ სურს, მაგრამ მზად არის მისთვის, თუკი საჭირო გახდა.
ბუშის ხმა
“ომი ჩემი პირველი არჩევანი არ არის, ის ჩემი უკანასკნელი არჩევანია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის არის გზა, რათა დედამიწა უფრო მშვიდობიან ადგილად ვაქციოთ”,
დაუფარავად განაცხადა პრეზიდენტმა.
ბუშმა თქვა, ამასთან, ვიცი, სამხედრო თავდასხმა ერაყზე გაანწყენებს ბევრს არაბულსა და მაჰმადიანურ სამყაროში, მაგრამ ეს ვერ იქნება იმის მიზეზი, რომ თავი ავარიდოთ საჭირო მოქმედებასო.
ამერიკის პრეზიდენტი თვლის, რომ რისკთან არის დაკავშირებული მისი და მისი მოკავშირეების ყველა მოქმედება, მაგრამ უმოქმედობა უფრო დიდი რისკია, რომელიც სამყაროს უფრო მშვიდობიან ადგილად გადაქცევის საქმეს საფრთხეს უქმნის.
ბუშმა ვაშინგტონში პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ასევე მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ის ცდილობდა მოკავშირედ გაეხადა სხვა სახელმწიფოები, გაეროს ფარქვეშ, რათა ერთად დაეყოლიებინათ სადამ ჰუსეინი, ხელი აეღო ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის განვითარებაზე. ამიტომ ცდილობდა ვაშინგტონი, ბრიტანეთის თანადგომით გაეტანა გაეროს ის რეზოლუცია, რომელიც მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში სასჯელს ითვალისწინებს. ჰუსეინმა 16 რეზოლუცია არ შეასრულა, ამცნო ჯორჯ ბუშმა მასმედიის მუშაკებს.
ერთმა მათგანმა ბუშს ჰკითხა, რატომ მოემზადეთ ომისთვის ერაყის წინააღმდეგ, როცა არ არის ცნობილი, რომ ის მართლაც აწარმოებს ამ ტიპის იარაღს, იმ დროს კი, როცა ჩრდილოეთი კორეა აღიარებს, რომ აქვს ბირთვული რაკეტები, მის წინააღმდეგ არაფერს აკეთებთო. ამერიკის პრეზიდენტის თანახმად ეს ორი სხვადასხვა საქმეა. მასთან რანჩოზე სტუმრობისას, თქვა ბუშმა, ჩინეთის პრეზიდენტს ძიან ძემინს უცნობებია მისთვის, პეკინს სურს, რომ კორეის ნახევარკუნძული ბირთვული იარაღისგან თავისუფალი იყოსო.
ამ პრესკონფერენციაზე ჯორჯ ბუშმა მოკლედ თქვა აგრეთვე, რომ კონგრესში მისი პარტიის დომინირება მას იმედს აძლევს, რომ უფრო სწრაფად მოხერხდება ჩამოყალიბდეს საშინაო უშიშროების დეპარტამენტი, რომლის მიზანი ამერიკის შიგნით ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.
ბუშის პრესკონფერენციაზე გამოთქმული იმედი გამართლდა ნიუ იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, როცა კენჭი უყარეს იმ რეზოლუციას, რომელსაც ერაყის წინააღმდეგ ომის წარმოებისთვის ხელფეხი უნდა გაეხსნა ვაშინგტონისთვის. უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, რეზოლუცია მიღებულია. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა სადამ ჰუსეინი მთელი მსოფლიოს დარწმუნებას, რომ მართლაც არ აქვს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის სურვილი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG