Accessibility links

logo-print

ახალი ათვლის წერტილი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთერთობაში


“როსსიისკაია გაზეტამ” გამოაქვეყნა გეოპოლიტიკური ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელის, კრემლის არაოფიციალურ იდეოლოგად წოდებული ალექსანდრ დუგინის სტატია,

რომელიც მკითხველს სრულიად ახალ თვალსაზრისს სთავაზობს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე. ეს წერილი, რომელიც მშვიდობის უპირატესობას ასაბუთებს, სინამდვილეში, საქართველოსთვის აგრესიულ შინაარსს გულისხმობს.

ალექსანდრ დუგინი რუსულ პოლიტიკაში ცნობილია როგორც ევრაზიული იდეოლოგიის ბურჯი. მისი პოლიტოლოგიური ნაშრომების ძირითადი იდეა ისაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთპოლუსიანი სამყაროს შექმნისკენ მიისწრაფვის; ევრაზიის კონტინენტის გულისგულში მდებარე რუსეთმა კი თავისი გეოპოლიტიკური მისია უნდა შეასრულოს და, თავის გარშემო არსებული ტერიტორიების შემოკრებით, ამერიკის საპირწონე პოლიტიკური პოლუსი შექმნას.

ინტეგრაციული პროცესი ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით უნდა წარიმართოს და, პირველ რიგში, გავრცელდეს საქართველოზე, როგორც რუსეთის უშუალოდ მომიჯნავე ქვეყანაზე.

ამგვარ იდეოლოგიურ საფუძველზე დაყრდნობით, დუგინი თავისებურად აფასებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვას და შესაძლო სამხედრო ოპერაციას პანკისში. დუგინის აზრით, ყველანაირი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, განხორციელებული ვერბალური ან, მით უმეტეს, სამხედრო ფორმით, ეწინააღმდეგება რუსეთის სტრატეგიულ ამოცანებს. ლოგიკა ისაა, რომ რამდენადაც რუსეთი დაძაბავს ურთიერთობას საქართველოსთან, იმდენად გართულდება და გაჯანჯლდება ორ ქვეყანას შორის ინტეგრაციის პროცესი. ეს კი ევრაზიული პროექტის განხორციელებას შეაფერხებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთპოლუსიან წესრიგს გაუხანგრძლივებს.

დუგინი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სავარაუდო აგრესია ერაყში და რუსეთის შესაძლო აგრესია საქართველოში ერთმანეთის დამაბალანსებელი მოვლენები კი არ არის, არამედ, პირიქით, ორმაგად ხელსაყრელია ამერიკისთვის. ერაყში ომიც და საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრაც აძლიერებს ამერიკის, როგორც ლიდერი ქვეყნის, პოზიციებს. შესაბამისად, რუსეთმა უნდა იფიქროს არა ომზე საქართველოსთან, არამედ მშვიდობაზე. ნებისმიერი სამხედრო აგრესია საქართველოს მოსახლეობას რუსეთის წინააღმდეგ შეადუღაბებს, რაც რუსეთს წარმოუდგენლად გაურთულებს თავისი სტრატეგიული მიზნის მიღწევას – ერთიანი ევრაზიული პოლიტიკური პოლუსის ჩამოყალიბებას. დუგინის თეორიის არსი ისაა, რომ საქართველოს მოქცევა რუსეთის გავლენის ქვეშ გაცილებით ადვილია მშვიდობიანი ურთიერთობით, ვიდრე ომით და დაპირისპირებით:

“რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციის ჩატარება პანკისის ხეობაში მხოლოდ ამერიკისთვის არის ხელსაყრელი. ამერიკა დაინტერესებულია ნებისმიერი ინტეგრაციული პროცესის ჩაშლით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში; დაინტერესებულია, რომ რუსეთმა გამოუვალი და ჩიხური კონფლიქტები წამოიწყოს თავის მოსაზღვრე ტერიტორიებზე.”

ალექსანდრ დუგინის სტატია, რომლის მთავარი იდეა რუსეთსა და საქართველოს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის მოწოდებაა, სინამდვილეში, ამ მოწოდების მიღმა საკმაოდ აგრესიულ შინაარსს გულისხმობს. ეს აგრესია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ პანკისის ხეობას, არამედ საქართველოს სახელმწიფოს, მთლიანად.
XS
SM
MD
LG