Accessibility links

logo-print

ამ კვირის ყველაზე დიდი მოულოდნელობა ივნისში გატაცებული ბრიტანელი ბანკირის პიტერ


თამარ ჩიქოვანი, კობა ლიკლიკაძე, თბილისი ამ კვირის ყველაზე დიდი მოულოდნელობა ივნისში გატაცებული ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გათავისუფლება გახლდათ. “ 141 დღიანი ტყვეობა დასრულდა”, “კაცი, რომელიც მილიონები ღირდა”,

“პიტერ შოუ 141 დღე ორმოში იჯდა და ყელზე ჯაჭვი ეკიდა” – ასეთი სათაურებით გამოდიოდა ამ დღეებში ქართული გაზეთები. პიტერ შოუს გათავისუფლების დეტალებზე საუბრისას თითქმის ყველა გაზეთი აღნიშნავს, რომ ბანკირის გატაცებასა და გასაოცარ გათავისუფლებასთან დაკავშირებით უამრავი კითხვის ნიშანია დარჩენილი. არის გაზეთები, რომლებსაც კვლავინდებურად მიაჩნიათ, რომ ყველაფერი ეს მხოლოდ კარგად გათამაშებული შოუ იყო. მაგალითად, 7-8 ნოემბრის გაზეთი “ალია” 9 არგუმენტს ჩამოთვლის, რაც ეჭვებს ბადებს. 8 ნოემბრის გაზეთი “ხვალინდელი დღე” კი წერს, რომ “შოუ შოუს გარეშე გრძელდება.” გაზეთის თქმით:

“ბრიტანელი ბანკირის ტყვეობიდან დახსნამ საქართველოს ხელისუფლების არსებობას აზრი შესძინა. რომ არა ხელისუფლება, პიტერ შოუს უხეირო ატმის კურკასავით მიწაში დალპობა გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ, უელსელი ბანკირის ბედად, საქართველოს ხელისუფლება ჰყავს. თანაც, ისეთი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანური სისუსტეები უცხო ხილი არ არის. ყველაფერი წარმატებით დასრულდა – შოუ უელსშია, საიმედო ხელთაა. ის ფული, რომელიც ბრიტანელმა ბანკირმა საქართველოში აკეთა, ალბათ, არანაკლებ საიმედო ადგილასაა შენახული. თუმცა საკითხავია, ტყვეობიდან დახსნას ამ ფულის რა ნაწილი შეეწირა. გადაიხადა თუ არა შოუმ ფული? ვიმსჯელოთ ლოგიკურად. პიტერ შოუმ თავისუფლება დაიბრუნა. თავისუფლება კი, არ გესწავლებათ, რომ ლომთა ხვედრია. შოუ ლომი არაა, თავისუფლება მუქთად რომ მიეღო. ესე იგი, გადაიხადა. რამდენი? ლოგიკურ მსჯელობას თუ გავაგრძელებთ, ალბათ, ორი მილიონი. აი, დარჩენილი მილიონებისთვის კი პიტერ შოუს პასუხს ნამდვილად აღარ მოჰკითხავენ.
ტყვეობიდან დახსნილი შოუ ბედნიერია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბანკირს საქართველო სასწრაფოდ, 15 საათში, დაატოვებინეს, დიდ საშიშროებას არც მისი გამტაცებლები უნდა გრძნობდნენ: ეჭვი არაა, გამოძიება “თაშკენტას” ვეღარ გასცდება, საამისოდ ყველა წინაპირობა არის. გატაცებულის დაწვრილებითი ჩვენებების გარეშე ასეთ საქმეს შერლოკ ჰოლმსისა და კომისარ მეგრეს გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფიც ვერ გახსნიდა. კმაყოფილია საქართველოს ხელისუფლებაც. პრეზიდენტი შევარდნაძე ძალოვან მინისტრებს კარგი მუშაობისთვის მადლობას უხდის. ერთადერთი, ვინც ამ შოუთი დაზარალდა, ქართველი ხალხი და ენერგეტიკის მინისტრია.
ენერგეტიკის მინისტრს ერთი დაუმადლებელი მადლობა ნამდვილად ეკუთვნოდა. რომ არა შინაგანი ჯარების ბლოკპოსტზე მოჭიატე ნათურა, რომელსაც მახვილგონიერი ბანკირისთვის, მისივე მტკიცებით, შუქურის როლი უთამაშია, მთელი სპეცოპერაცია, თუკი ასეთს მართლა ჰქონდა ადგილი, უეჭველად ჩაიფუშებოდა. მაგრამ დავით მირცხულავა, რა დასამალია და, 6 ნომებრის კუნაპეტ ღამეს მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა: მისი წყალობით, საჭირო ნათურა საჭირო დროს საჭირო ადგილზე ენთო!
რა ჩვენი სადარდებელია, მირცხულავას, დაგვიანებით, მაგრამ მადლობას მაინც ეტყვიან. ქართველმა ხალხმა იკითხოს. იმ შოუს შედეგად, რომელსაც დასასრული არ უჩანს, ქართველ ხალხს კაცობრიობის წინაშე, ვინ იცის, მერამდენედ მოეჭრა თავი.
ადამიანის გატაცება, ვინც არ უნდა იყოს, დამეთანხმებით, არაა მოსაწონი....”





“ვინ დამარცხდა გუშინ – შევარდნაძე თუ ოპოზიცია?” – კითხულობს 5 ნოემბრის გაზეთი “24 საათი”, რომლის აზრითაც, საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარის ახალი მესიჯი, შევარდნაძე დღეს დამარცხდაო, – ზედმეტად ოპტიმისტურ განცხადებას უფრო წააგავს, ვიდრე რეალობას. სიმართლის გარკვევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. კითხვაზე, დაარღვიეს თუ არა კანონი მიხეილ სააკაშვილმა და “გაერთიანებული დემოკრატების” სამმა წევრმა – გია ბარამიძემ, ელდარ შენგელაიამ და ელენე თევდორაძემ, ერთმნიშვნელოვანი და ზუსტი პასუხი არ არსებობს, რადგან:



“აღმოჩნდა, რომ ეს იურიდიული კაზუსია, რომ ორივე დაპირისპირებულ მხარეს თანაბარი არგუმენტები აქვს და ის, რაც მოხდა, პირველ რიგში, საკანონმდებლო ხარვეზია, როცა რეგისტრაციაში გატარების უფლება მიეცათ დეპუტატებს.
ბუნებრივია, ჭეშმარიტება ერთია, რომ კანონი ყველაზე მაღლა დგას, შევარდნაძეზეც, სააკაშვილზეც და ნებისმიერ სხვაზეც და, განსაკუთრებით, სიმართლისთვის მებრძოლმა ოპოზიციამ არ უნდა გაბედოს კანონზე მაღლა საკუთარი თავის დაყენება.
მაგრამ საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს უფრო სერიოზული პოლიტიკური შედეგი აქვს, ვიდრე იურიდიული. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოში ოპოზიციის ერთიანობა ისევ ეფემერულია.
საკრებულო პირველი სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა რამდენიმე ხნის წინ პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთობლივი დემარშით პარტნიორებად ქცეული პარტიებისთვის. ეს გამოცდა, რასაკვირველია, წარუმატებლად დამთავრდა. ეს არის ქართული პოლიტიკური ცხოვრების მთელი ტრაგედიაც და შევარდნაძის უკვდავი მითის მთელი საიდუმლოც.
ძალიან რთული იქნება იმის გარკვევა, გუშინ ვინ უფრო ცუდად მოექცა ერთმანეთს: “ნაციონალები” - “ახლებს”, “ახლები” - “ნაციონალებს”, “ნაციონალები” - “გაერთიანებულ დემოკრატებს” და ასე შემდეგ. თითოეულ ამ პარტიას თავისი არგუმენტები აქვს და სიმართლის მარცვალს ყველა ეს არგუმენტი შეიცავს. ვინ იყო მართალი და ვინ – არა, ვინ მოიგო ამ სიტუაციით და ვინ – ვერა, ეს უკვე პოლიტიკური კაზუსია.
მაგრამ ფაქტია, რომ იმით, რაც გუშინ მოხდა, ნამდვილად ვერ მოიგო ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომელმაც მცირე ხნის მანძილზე ცოტა სოლიდურობა მაინც შემატა ქართულ პოლიტიკას.
“ახლებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ლექსიკონში უკვე გამოჩნდა ურთიერთბრალდებების ნაცნობი ტერმინები და ურთიერთბრალდებების ნაცნობი ფორმები. შედარებით ნეიტრალურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ “გაერთიანებული დემოკრატები.” პრობლემები მათ უკვე შეექმნათ “ახლებთან,” თუმცა – არა გადაულახავი. რაც შეეხება სააკაშვილისა და ჟვანიას ურთიერთობას, ის ნამდვილად ვერ იქნება ია-ვარდით ისე მოფენილი, როგორც ეს გუშინ მიხეილ სააკაშვილმა აღწერა.
ყველაზე რთულ სიტუაციაში მაინც ჟვანია აღმოჩნდა: მან ან “ნაციონალური მოძრაობის” და “ახლების” ერთად დასმა უნდა მოახერხოს, რაც საკმაოდ რთული იქნება, ან მათ შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.”




ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო დღეს უწოდებს 6 ნოემბრის “დილის გაზეთი” წინა დღით პარლამენტში გამართულ მასშტაბურ მუშტი-კრივს. გაზეთის ცნობით, მოჩხუბართა წყვილები დაახლოებით ასე შეიძლება დაჯგუფდეს: “ნაციონალი” პეტრე ცისკარიშვილი და “ახლების” წარმომადგენელი, აქამდე თითქმის უცნობი დეპუტატი, დავით კერესელიძე. ჩხუბისთავი სწორედ ეს უკანასკნელი იყო. კერესელიძემ ვერ აიტანა პეტრე ცისკარიშვილის განცხადება, თითქოს “ახალი მემარჯვენეები” სააკაშვილის მომხრეებს სოლიდურ თანხას სთავაზობდნენ, ოღონდ მიშასთვის არ დაეჭირათ მხარი. მოვლენები ამის შემდეგ ასე განვითარდა:


“სანამ სხდომათა დარბაზიდან გაძევებულ პეტრე ცისკარიშვილს და დავით კერესელიძეს აშველებდნენ, სხდომათა დარბაზში რამდენიმე მოჩხუბარი წყვილი კიდევ გაჩნდა. “მრეწველი” ზურაბ ტყემალაძე “ნაციონალ” კობა დავითაშვილს ურტყამდა, “მაჟორიტარი” თენგიზ გაზდელიანი “დემოკრატ” მიხეილ მაჭავარიანს სწვდა, ამასობაში ვახტანგ რჩეულიშვილმაც დრო იხელთა და “ნაციონალ” ნოდარ გრიგალაშვილს ისეთი უთავაზა, რომ გრიგალაშვილი “მოქალაქე” რევაზ ყიფიანს დაეჯახა და ეს უკანასკნელი წაიქცა. ერთი სიტყვით, ვინ ვის ურტყამდა და რატომ, გაურკვეველი იყო. პარლამენტის თავმჯდომარეს მხოლოდ ისღა დარჩენოდა, ტრიბუნის გვერდით დამდგარიყო და გულხელდაკრეფილს ეყურებინა სეირისთვის. დეპუტატები ისე გამეტებით იწევდნენ ერთმანეთისკენ, რომ გამშველებლის ფუნქცია ვერც დარბაზის დაცვამ შეასრულა. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშიც კი აღმოჩნდა. ინციდენტმა ერთი ტელეკამერაც შეიწირა. მთავარი გამშველებლის ფუნქცია ამ მეტად კრიზისულ ვითარებაში “მრეწველმა” დავით სალარიძემ იტვირთა, “ასე გაგრძელება შეუძლებელია. ამ მარაზმის ყურებას არ ვაპირებთ. ვინც ამ პროცესებს ემიჯნება და ძალადობის წინააღმდეგია, ახლავე შევიკრიბოთ და მოვითათბიროთ,” – გაჰკიოდა სალარიძე.
ამ განცხადებას ყველა ფრაქცია აჰყვა და პარლამენტის კინოდარბაზში შეიკრიბა, სადაც მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” აქტიურ წევრთა ადგილი არ აღმოჩნდა. მათ პირდაპირ უთხრეს, რომ ამ შეხვედრაზე საჭირონი არ იყვნენ. მალე შეკრება ჟვანიას გუნდის წევრებმაც დატოვეს. როგორც გაირკვა, ამის მიზეზი ვახტანგ რჩეულიშვილის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო ელდარ შენგელაიას მისამართით. მალე “აღორძინებაც” მათ გზას დაადგა. დარჩენილებმა კი მოითათბირეს, რომ შექმნან ფრაქციის თავმჯდომარეთა შტაბი, რომლის თავმჯდომარედაც დავით სალარიძე აირჩიეს. შტაბის მიზნად პარლამენტში ეთიკის ნორმების დაცვაზე ზრუნვა და თითქმის პარალიზებული საკანონმდებლო საქმიანობის გარკვეულ რეჟიმში ჩაყენება დასახეს. ამ ჯგუფის სახით, ახალი საპარლამენტო უმრავლესობის კონტურებზეც დაიწყო საუბარი, თუმცა ჯერჯერობით ეს ცოტა ნაადრევი ჩანს, რაც ჯგუფის ხელმძღვანელმა ცალსახად აღნიშნა.”



გაზეთების უმრავლესობა პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს საარჩევნო კამპანიის დაწყებად აფასებს. როგორც გახსოვთ, პარლამენტის მოთხოვნით, სახელმწიფო მინისტრი ამ კვირის სესიაზე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშით წარდგა. 9 ნოემბრის “მთავარი გაზეთის” თქმით, პარლამენტში ავთანდილ ჯორბენაძის მიმართ ისეთი განრისხებულები აღარ არიან, როგორც რამდენიმე კვირის წინ იყვნენ. სახელმწიფო მინისტრს დეპუტატები ისე მწვავედ აღარ უპირისპირდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი გაირღვა.
გაზეთი წერს:


“ყველაფრიდან ჩანს, ქვეყანაში მმართველობის კრიზისია. რას ვაკეთებთ იმისთვის, ეს რომ ასე არ იყოს?” – ეს შეკითხვა პლენარულ სხდომაზე ნინო ბურჯანაძემ დაუსვა კოლეგებს, მაგრამ პასუხი ვერავისგან მიიღო და განაცხადა: “ უმჯობესია, სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზებზე მაღლა დავდგეთ და ვაღიაროთ, რომ მინისტრები მიდი-მოდიან, თუმცა ქვეყანაში ამით არაფერი იცვლება. არავინ დაინტერესებულა თანამდებობიდან წასული პასუხისმგებელი რაზე იყო. ჩანს, საარჩევნო კამპანია დაიწყო, თუმცა - ძალიან ნაადრევად.” პარლამენტის თავმჯდომარე ლმობიერიც არის და, იმავდროულად, კატეგორიულიც. მართალია, სახელმწიფო მინისტრს პასუხისმგებლობას ისიც აკისრებს, მაგრამ იმავე პასუხისმგებლობას ფრაქციებსაც უნაწილებს.
სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი საარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილია, რაც ნინო ბურჯანაძემაც აღიარა და ეს ჯორბენაძისთვისაც კარგად არის ცნობილი.
ავთანდილ ჯორბენაძის მიმართ ყველაზე კატეგორიულები “ახალი მემარჯვენეები” არიან. დავით გამყრელიძე სახელმწიფო მინისტრისგან კონსტიტუციისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვას მოითხოვს, სახელმწიფო მინისტრის დარბაზიდან გასვლის შემდეგ კი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს: “ჯორბენაძემ პარლამენტარიზმი ფეხქვეშ გათელა.” მიუხედავად ამისა, გამყრელიძე აღმასრულებელსა და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის ბალანსის შენარჩუნებას მიესალმება. “ტრადიციონალისტი” აკაკი ასათიანი ჯორბენაძის მოხსენებას “აბსურდულს” უწოდებს და თანამდებობიდან მის გადაყენებას მოითხოვს. “აღორძინებამ” სახელმწიფო მინისტრის მოხსენების შემდეგ სხდომათა დარბაზი, პროტესტის ნიშნად, დატოვა. სანდრო ბრეგაძემ ყველაფერში ედუარდ შევარდნაძე დაადანაშაულა, ჯორბენაძე კი პრეზიდენტის დავალებების შემსრულებლად დაასახელა. რაც შეეხება “სოციალისტებს”, მათი ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი ჯორბენაძის სახელმწიფო მინისტრობას არ აპროტესტებს, ვინაიდან წინასწარ იცის, რომ შევარდნაძე სახელმწიფო მინისტრს არ მოხსნის.
დაძაბულობის მიუხედავად, ოპოზიციამ ავთანდილ ჯორბენაძისა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრების თანამდებობიდან გადაყენება ვერ შეძლო.”
XS
SM
MD
LG