Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იყო გადაკეტილი მოძრაობა რუსთაველის პროსპექტზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 9 ნოემბერს, შუადღისას, მოძრაობა მთლიანად გადაიკეტა რუსთაველის პროსპექტსა და მის მიმდებარე ქუჩებზე. თბილისის ცენტრალურ პროსპექტზე პოლიციელთა და ტექნიკის არნახულმა სიმრავლემ ხელით

მოსიარულე თბილისელებს შოთა კვირაიას მინისტრობის პერიოდი გაახსენა, როცა დედაქალაქში კრიმინალური ვითარების გამოსასწორებლად ჯავშანტექნიკის გამოყენებით რაუნდები ტარდებოდა. რა ხდებოდა რუსთაველის პროსპექტზე?

9 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი პოლიციელები არც ე.წ. ზვიადისტების არასანქცირებული მიტინგის დაშლას გეგმავდნენ და არც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის შტურმით აღების მოსაგერიებლად ემზადებოდნენ. 9 ნოემბერს საქართველოს პოლიცია თავის პროფესიულ დღესასწაულს რესპუბლიკის მოედანზე აღლუმით აღნიშნავდა.
პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა გამორჩეულნი გორგასლის და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. სხვათა შორის, არ გამართლდა ბოროტი ენების პროგნოზი, რომ ედუარდ შევარდნაძე ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გათავისუფლებისთვის აუცილებლად დააჯილდოებდა შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილს – ნარჩემაშვილი 9 ნოემბერს დაჯილდოებულთა შორის არ გახლდათ. მეტიც – შინაგან საქმეთა მინისტრი თავის პროფესიულ დღეს თავის პროფესიულ მოვალეობას ისევ პანკისში ასრულებდა, სადაც შაბათ დილით მისმა თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას მიაკვლიეს, მათ შორის, “სტელას” ტიპის საზენიტო გადასატან კომპლექსებსაც.
როგორც გახსოვთ, სულ რაღაც ორიოდე დღის წინათ, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების მკვეთრად გაუარესების მიზეზით, პარლამენტარები მთელი სერიოზულობით აპირებდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, მაგრამ დახურულ კარს მიღმა კობა ნარჩემაშვილთან შეხვედრის შემდეგ კანონმდებლებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და მინისტრს რეფორმების გატარებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.
სტატისტიკით, მხოლოდ წელს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაიღუპა 7 პოლიციელი, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 25 პოლიციელმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცნობით, წელს, სამსახურებრივი შემოწმების მასალების საფუძველზე, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დაითხოვეს 81 პირი, სხვადასხვა სასჯელი დაედო 143 პირს, 40-ის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გენერალური ინსპექციისვე ცნობით, ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პოლიციელთა ადამიანის უფლებების რაობაში გაცნობიერებას, რისთვისაც პოლიციელებისთვის ეწყობა სხვადასხვა სემინარი და ტრენინგი.
სხვათა შორის, სულ ორიოდე წლის წინათ წარმოუდგენლად გამოიყურებოდა პოლიციელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის შესაძლებლობა. დღეს კი რამდენიმე ორგანიზაცია - მაგალითად, “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”- პოლიციელებს ადამიანის უფლებებს ასწავლის.
და კიდევ ერთი სიახლე: რამდენიმე დღის წინათ საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” სარჩელი, რომელიც “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის იმ მუხლს აპროტესტებდა, მანიფესტაციის გასამართავად ადგილობრივი მმართველობის ორგანოების თანხმობას რომ ითვალისწინებდა. საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის ეს მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო. შესაბამისად, პოლიციას თავსატეხი მოემატა, რადგან მანიფესტაციის უნებართვობის საბაბით ადამიანებს შეკრებას ვეღარ აუკრძალავს.
XS
SM
MD
LG