Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ნატოში შესასვლელად სპეციალური პროგრამა მომზადდა


პრეზიდენტის დავალებით, სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ, საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის ხელმძღვანელობით ინტენსიური მუშაობის შედეგად,

მოამზადა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პროგრამა, რომელიც უკვე გადაეცა ქვეყნის უშიშროების საბჭოს. საყურადღებოა, რომ ეს სწორედ ნატოს პრაღის სამიტის წინ გაკეთდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქართველო ალიანსის წევრობის სურვილს სწორედ ამ სამიტზე გამოთქვამს. რა შედეგს უნდა მოელოდეს საქართველოს საზოგადოებრიობა ნატოში გაწევრიანების პროცედურის დაწყების შემდეგ?

საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს კვირის დასაწყისში ჯერ კიდევ არ ჰქონდა საბოლოოდ გადაწყვეტილი, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო 21-22 ნოემბერს პრაღაში დაგეგმილ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე. ოდნავ მოგვიანებით, 6 ნოემბერს, შევარდნაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ნატოში საქართველოს შესვლის სურვილი პრაღაში ოფიციალურად გაცხადდება. ამან კი საზოგადოების ერთ ნაწილში გარკვეული ეჭვი დაბადა. ამ ეჭვების გაფანტვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ სცადა. მისი თქმით:

[სიხარულიძის ხმა] „საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერაფრით ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა განცხადებას გააკეთებს საქართველოს პრეზიდენტი. ჯერჯერობით დავალება საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომისიას, ბატონ ირაკლის ხელმძღვანელობით, აქვს მიღებული იმგვარი, რა დავალების შესრულების შემდეგაც უნდა გაკეთდეს ოფიციალური განაცხადი. დანარჩენი გამოჩნდება უშუალოდ სამიტზე.“[სტილი დაცულია]

ნატოში ინტეგრაცია რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად იქცა, ეს ქვეყნის უშიშროების საბჭოს მიერ ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ უდავო გახდა. ამჯერად დაინტერესებული ექსპერტებისა და ანალიტიკოსების ვარაუდების თემად მხოლოდ ისაა ქცეული, რუსეთის ფაქტორის გამო, შესაძლებელია თუ არა შევარდნაძის საბოლოო გადაწყვეტილების შეცვლა. პესიმისტები ფიქრობენ, რომ შევარდნაძე პუტინთან დამთბარი ურთიერთობის შემდეგ მის კვლავ გაუარესებას მოერიდება და პრაღაში ოფიციალურად არ გამოთქვამს ნატოში გაწევრიანების სურვილს.

თუმცა კი რუსეთი, საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, მეგობრულ ურთიერთობებს არასდროს უფრთხილდება. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ უგულებელყოფს საქართველოდან რუსეთის ყველა სამხედრო ბაზის გატანის ვალდებულებას.

ხოლო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რომ საქართველოს უსაფრთხოების დაცვის გარანტი შეიძლება იყოს, ბაზებთან დაკავშირებით ნატოს პოზიციიდანაც ნათლად ჩანს. ჩვენი ქვეყანა ჯერ შორს დგას ნატოს რეალური წევრობისგან, თუმცა ალიანსი უკვე ზრუნავს მოსკოვთან თბილისის პოზიციების დაცვაზე.

7 ნოემბერს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, შეიარაღების კონტროლის საკითხებზე გამართული შეხვედრისას, რომელშიც „ეუთოში“ საქართველოს ელჩი გიორგი ბურდულიც მონაწილეობდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური პოზიცია გამოითქვა 1999 წლის სტამბულის სამიტის დასკვნით დოკუმენტთან დაკავშირებით. მოსკოვმა სწორედ ამ დოკუმენტით აიღო ვალდებულება საქართველოდან 2 სამხედრო ბაზის გატანისა და შემდეგი 2 ბაზის შესახებ მოლაპარაკებათა დაწყების თაობაზე. ნატო აცხადებს, რომ, ამ დოკუმენტის მოთხოვნათა დაკმაყოფილებასთან ერთად, აუცილებელია საქართველო-რუსეთის ორმხრივი ვალდებულებების შესრულებაც.

საქართველოს მოსახლეობაც სწორედ ასეთ პატრონაჟს მოელის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან და მასში პატარა საქართველოს დამცველს ხედავს. აი, რა განაცხადეს უბრალო მოქალქეებმა:
[მოქალაქის ხმა] „უფრო მეტი დაცვა გვექნება. სადღაც მაინც მივმართავთ, როდესაც ვინმე რომ ცუდად მოგვექცევა ან რაღაც გვექნება საშუალება, უფრო ფართო მაშტაბით გაიგონ ჩვენი მდგომარეობა და ამით მოგვეშველონ.“ [სტილი დაცულია]

[მეორე მოქალქის ხმა] „სწორედ ნატოში გაერთიანება თუ წაჰკრავს ხელს საქართველოს ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც, რაც, მე მგონი, სასიკეთოდ გამოადგება მთელ ქვეყანას.“

ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის წარმომადგენლის ირაკლი არეშიძის აზრით, საქართველოს აქვს შანსი გახდეს ნატოს არა მარტო მომხმარებელი, არამედ სრულფასოვანი და ღირსეული წევრი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ორგანიზაციის განვითარებაში.

[არეშიძის ხმა] „ეს ძალიან ადვილად შეიძლება მოხდეს იმით, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური გეოგრაფიული ტერიტორია იმისთვის, რომ მთის ჯარები შევქმნათ ძალიან ძლიერი, შეიძლება მსოფლიოში ყველაზე ძლიერი. ანუ ის ძალები, რომლებიც შეძლებენ თოვლში იომონ და სპეციალური ოპერაციები ჩაატარონ, როგორიც, მაგალითად, აუცილებელი იყო წელს ზამთარში ავღანეთში.“

ითვალისწინებს თუ არა ექსპერტის ამ აზრს ნატოში საქართველოს გაწევრიანების სპეციალური პროგრამა, რომელიც სამთავრობო კომისიამ მოამზადა, ძნელი სათქმელია. კომისიამ აღნიშნული დოკუმენტი გასულ კვირას გადასცა ქვეყნის უშიშროების საბჭოს. მასში კონკრეტულადაა აღწერილი ყველა ის ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა გადადგან, რათა საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. უფრო კონკრეტულად კი, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ეკონომიკური რეფორმები, საკანონმდებლო ბაზა, შეიარაღებული ძალების რეფორმა და სხვ. ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოექცეს. ამ მიზნის მიღწევა კი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ხანგრძლივი კრიზისიდან გამოყვანის ტოლფასია, თუ, რა თქმა უნდა, ეს პროგრამა, ანტიკორუფციული ან სხვა პროგრამის მსგავსად, მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩა.
XS
SM
MD
LG