Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა თურქეთში 3 ნოემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელმაც ზომიერ ისლამისტებს მოუტანა გამარჯვება, მრავალმხრივ გამოეხმაურა მსოფლიო პრესა.

არჩევნებში გამარჯვებული სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებას უჭერს მხარს. "ისლამის დემოკრატიზაცია თურქეთში" - ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ "ქრისჩენ საიენს მონიტორში". სტატიაში ვკითხულობთ:

"ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საზღვარზე მდებარე 65-მილიონიან თურქეთში, სადაც ისლამი დემოკრატიასთან თანაარსებობს და კამათი გრძელდება იმის თაობაზე, უნდა ატარონ თუ არა ქალებმა თავსაფარი, ამომრჩევლებმა ხელისუფლების სათავეში მოიყვანეს პოლიტიკური პარტია, რომელიც ფესვებით ფუნდამენტალისტურ ისლამს უკავშირდება, თუმცა ამჟამად პროდასავლური და სეკულარული გეზი აქვს აღებული და, რაც მთავარია, თურქეთის არცთუ პოპულარულ პოლიტიკურ ელიტასთან კავშირებით საკუთარი ავტორიტეტი არ შეულახავს. პარლამენტში მიღებული ადგილების ორი მესამედით, სამართლიანობისა და განვითარების პარტიას შეუძლია შეცვალოს ქვეყნის კონსტიტუცია და შეზღუდოს სამხედროების გავლენა. ქემალ ათათურქის მმართველობიდან მოყოლებული, დღეს თურქეთში ყველაზე რადიკალური გარდაქმნებია მოსალოდნელი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გამარჯვებული პარტიის ისლამისტი ლიდერი ერდოანი, სულ ახლახან, ისლამისტ დემოკრატად მოგვევლინა. ამასთანავე, მიუხედავად მოპოვებული აბსოლუტური უმრავლესობისა, რაც პარლამენტში მოსახვედრად თურქეთის საარჩევნო სისტემაში დაწესებულმა ათპროცენტიანმა ზღუდემ განაპირობა, სამართლიანობისა და განვითარების პარტიას ამომრჩეველთა 65-მა პროცენტმა მხარი არ დაუჭირა. ამ პარტიის პროდასავლური გეზისთვის თავისებური გამოცდა იქნება ამერიკის ომი ერაყთან, ხოლო ევროკავშირში შესასვლელად თურქეთს ვითარების გაუმჯობესება მოუხდება ადამიანის უფლებათა სფეროში. ხოლო ევროპამ და აშშ-მა ჯერჯერობით მხარი უნდა დაუჭირონ თურქი ისლამისტების ისტორიულ გარდაქმნას სეკულარულ პარტიად. შეიძლება დემოკრატიისა და ისლამის თანაარსებობა."

გერმანიის გაზეთ "ველტის" აზრით, თურქეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები უაღრესად საგანგაშოა, ვინაიდან ის, რომ ისლამისტი ერდოანი, მოულოდნელად, პროდასავლური ორიენტაციის კონსერვატორად გარდაიქმნა, ერთობ საეჭვოდ გამოიყურება. და, რაც მთავარია, ამ არჩევნების შემდეგ თურქეთი გაემიჯნა ევროპას, რომლისთვისაც იგი, რამდენადმე უცხო იყო ყოველთვის. დღევანდელი თურქეთის დღევანდელ ევროპასთან დაახლოების მცდელობა გადაუჭრელ პრობლემად გვეჩვენება. ხოლო საფრანგეთის გაზეთ "ლიბერასიონის" მიმომხილველს პატრიკ საბატიეს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, იმსახურებს თუ არა თურქეთი ამ კავშირში გაწევრიანებას, ხოლო ისლამისტების გამარჯვება 3 ნოემბრის არჩევნებში კიდევ უფრო გაართულებს ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას. ფრანგი ჟურნალისტი წერს:

"ის ლიბერალური, დემოკრატიული და პროევროპული განცხადებები, რაც "ზომიერი" ისლამისტებისაგან მოვისმინეთ ანკარაში, ეჭვს ბადებს, და არცთუ უსაფუძვლოდ. თუმცა 3 ნოემბერს, ამომრჩევლებმა თურქეთში, უკმაყოფილება გამოთქვეს მმართველი პარტიების უნიათობის, გაუთავებელი ეკონომიკური კრიზისისა და საღატაკის გამო და სულაც არ ჰქონიათ იმის სურვილი, რომ თურქეთში სეკულარული რესპუბლიკა შეიცვალოს თეოკრატიით, რომელიც შარიათის კანონზე იქნება დაფუძნებული. თურქეთში ისლამური დემოკრატიის ექსპერიმენტი იწყება. თვალსაწიერ მომავალში, ამას შესაძლოა, საკმაოდ მომძლავრებული ისლამისტების სერიოზული დაპირისპირება მოჰყვეს არმიასთან, რომელიც რესპუბლიკური და სეკულარული სახელმწიფოს გარანტი იყო ყოველთვის. ამასობაში ევროპამ უნდა შეახსენოს ორივე მხარეს, რომ დემოკრატია და შემწყნარებლობაა ის აუცილებელი წინაპირობა, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებას რომ დააჩქარებს."

ისლამისტური პარტიის გამარჯვება 3 ნოემბრის არჩევნებში, გაზეთ "მონდის" აზრით, უპრეცედენტო შემთხვევაა დღევანდელი თურქეთის სეკულარული სახელმწიფოს 79-წლიანი არსებობის მანძილზე. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"ზომიერი ისლამისტური, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ტრიუმფმა თავდაყირა დააყენა თურქეთის პოლიტიკური სისტემა. ტრადიციული პარტიების უმრავლესობა პარლამენტის გარეთ დარჩა. ხოლო სამხედრო სარდლობა, რომელიც სახელმწიფოს სეკულარიზმთან უფროა გაიგივებული, ვიდრე დემოკრატიასთან, გამოწვევას დაუპირისპირდა. სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოანი ყოველთვის ელეგანტურადაა ჩაცმული და არაფერი აქვს საერთო რადიკალ მოლებთან. მისი კონსერვატიული პარტია აცხადებს, რომ პატივისცემით მოეკიდება თურქეთის 66-მილიონიანი მოსახლეობის ფასეულობებს, და იმავდროულად ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების დაჩქარებას შეეცდება. სამართლიანობისა და განვითარების პარტიას აკისრია "ისტორიული პასუხისმგებლობა დაანახოს მთელს მსოფლიოს, რომ ისლამი, შეთავსებადია დემოკრატიასთან. და თუ თურქეთში წარმატებით მოხდება ისლამისა და დემოკრატიის შერიგება, ეს მთელი არაბული სამყაროსთვის გახდება სამაგალითო."

სტატიაში, რომელიც გაზეთმა "ნიუ იორკ ტაიმსმა" გამოაქვეყნა, სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტის პროფესორი სოლი ოზელი აღნიშნავს, რომ 3 ნოემბერს თურქეთის ელექტორატმა მმართველ პარტიებს გამოუცხადა უნდობლობა. და ამ კონტექსტში გამარჯვებულმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ იმ განრისხებული, დამცირებული, გაღატაკებული და გარიყული მასების სახელით ილაპარაკა, ვისაც მთელი სიმძიმით დააწვა ზურგზე ეკონომიკური კრიზისი. პროფესორი ოზელი დასძენს:

"შეერთებულ შტატებში გასული წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როცა ისლამისა და დემოკრატიის შეთავსებადობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა, თურქეთში დაწყებულ ექსპერიმენტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. და თუ ეს წამოწყება წარმატებით დამთავრდა, თურქეთი დაანახებს მთელს მსოფლიოს, რომ დემოკრატიას მუსლიმანურ გარემოშიც შეუძლია უმტკივნეულოდ ფუნქციონირება. თურქეთში დაწყებული ექსპერიმენტის წარმატება იმაზე იქნება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული, რამდენად შეეწყობიან ერთმანეთს თურქეთში სამართლიანობისა და განვითარების პარტია და სეკულარული ელიტა. თუმცა, ამ წარმატებაში გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლია ევროკავშირსაც, რომელიც ნაკლების ენთუზიაზმით ეკიდება თურქეთის გაწევრიანების საკითხს."

დღევანდელ მიმოხილვაში შევეხებით კავკასიის რეგიონსაც, სახელდობრ ჩეჩნეთის პრობლემას, რომელიც მიმომხილველთა ყურადღების ცენტრში რჩება. გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულია ჟურნალ "ნიუსუიკ ინტერნეშნლის" რედაქტორის ფარიდ ზაქარიას სტატია, რომელშიც გაკრიტიკებულია ვაშინგტონის პოზიცია ჩეჩნეთის კონფლიქტთან მიმართებით. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

"თეთრმა სახლმა გულწრფელი თანადგომა გამოუთქვა რუსეთს მოსკოვში მძევალთა აყვანასთან დაკავშირებული ტრაგედიის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ, მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ხელისუფლებას დიდად არ უზრუნია მძევალთა გადარჩენაზე, როცა მათი გათავისუფლების ოპერაციას გეგმავდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, გამტაცებლები, სპეცდანიშნულების რაზმმა, მძინარენი დახვრიტა. თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა განაცხადა, მშვიდობიან მოქალაქეთა დაღუპვაში ბრალი ტერორისტებს მიუძღვითო. თუ ასეა, მაშ რატომ არ უწოდებს თეთრი სახლი ტერორს ყოველივე იმას, რასაც ფედერალური ჯარი სჩადის ჩეჩნეთში? არც ჩეჩნები არიან ანგელოზები, მაგრამ განა რუსი სამხედროების ბარბაროსობამ არ აქცია ეს ადამიანები ტერორისტებად?"

გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსში" გამოქვეყნებულია მოსკოველი ჟურნალისტის, ყოველდღიური "ნოვაია გაზეტას" კორესპონდენტის, ანა პოლიტკოვსკაიას სტატია, რომელიც ჩეჩნეთის კონფლიქტს ეძღვნება. როგორც პოლიტკოვსკაია აღნიშნავს, ამჯერად თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის მეთოდები, რასაც ფედერალური ჯარი მიმართავს ჩეჩნეთში მიმდინარე ე.წ. "ანტიტერორისტული ოპერაციის" დროს, სწორედ ტერორიზმის აღზევებას უწყობს ხელს. რუსი ჟურნალისტი განაგრძობს:

"ჩეჩენ მეამბოხეთა ახალი, რადიკალური თაობა დღეს მშობლიური მიწიდან ფედერალური ჯარის განსადევნად გაცილებით მეტი სისასტიკით იბრძვის, ვიდრე ჩეჩნეთის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი. მეამბოხეთა ამ ახალმა თაობამ "საკუთარი ომი გააჩაღა" რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ და ბევრი მათგანი მასხადოვს აღარ ემორჩილება. ამ თაობაში თორმეტამდე საველე მეთაურია, რომლებთანაც მოლაპარაკებაა საჭირო, რაც ფუჭ ოცნებად გვეჩვენება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს. რაც შეეხება რუსეთის მხარეს, უმრავლესობა პოლიტიკოსებისა, მოსკოვში, ჩეჩნეთის პრობლემის განხილვისას პოლიტიკური ქულების დაგროვებითაა დაინტერესებული. სამშვიდობო დიალოგის დაწყებით სწორედ მოსკოვი უნდა იყოს დაინტერესებული, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტერორისტულ თავდასხმებს რუსეთში ბოლო არ ექნება."

საფრანგეთის გაზეთი "ლიბერასიონი" ჩეჩნეთის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის ოფიციალური წარმომადგენლის, დანიაში დაკავებული აჰმედ ზაკაევის გათავისუფლებას მოითხოვს. მოწოდებაში, რომელიც გაზეთმა გამოაქვეყნა, აჰმედ ზაკაევი ჩეჩენი ხალხის ერთ-ერთ თვალსაჩინო ლიდერადაა მოხსენიებული. გაზეთი წერს:

"ზაკაევი, რუსეთის თხოვნით დააკავეს კოპენჰაგენში. დანიის ხელისუფლებას თავდაპირველად ეყო გამბედაობა, როცა მოსკოვის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, გასულ კვირაში, კოპენჰაგენში, "ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესი" გაიმართა. ხოლო ამჯერად, როცა ზაკაევი დააკავეს, დანიის მთავრობა კრემლის გულის მოგებას ცდილობს. აჰმედ ზაკაევის დაკავებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოენახოს გამართლება, თუ დანიის მთავრობას ხელთ აქვს სარწმუნო სამხილი ბატონ ზაკაევის მონაწილეობისა ტერორისტულ აქტებში მშვიდობიან მოქალაქეთა წინააღმდეგ, ქმედებებში, რასაც აჰმედ ზაკაევი ყოველთვის საჯაროდ გმობდა."

"ჩემს მეგობარს წამება ემუქრება" - ასეა დასათაურებული გაზეთ "გარდიანში" ცნობილი ბრიტანელი მსახიობის, ვანესა რედგრეივის სტატია, რომელშიც ვკითხულობთ:

"ზაკაევს არაფერი აქვს საერთო ტერორიზმთან, და რუსეთის ხელისუფლებას ეს კარგად მოეხსენება. მაგრამ თუ დანიის იუსტიციის მინისტრი ზაკაევის ექსტრადიციაზე დათანხმდება, მაშინ ჩემს მეგობარს რუსეთში წამება და, ალბათ, სიკვდილიც ემუქრება. "ამნესტი ინტერნეშნლის" საანგარიშო მოხსენებაში ლაპარაკია იმის შესახებ, თუ რაოდენ გავრცელებულია რუსეთში წამება. ის ბრალდებები, რუსეთმა რომ წაუყენა ზაკაევს, კაგებეს სტილშია შეთითხნილი. აჰმედ ზაკაევი ჩეჩნეთში ორივე მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის, ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აქტიური მომხრეა. მისი ექსტრადიცია რუსეთში ავადსახსენებელი სტალინური პერიოდის დაბრუნების დასტური იქნებოდა."
XS
SM
MD
LG