Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

460-ე გამოშვება


460-ე გამოშვება

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 460-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით იმაზე, თუ რატომ ჩხუბობენ პარლამენტარები; ბოლშევიკური რევოლუციის 85-ე წლისთავთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ საუბარს თემაზე "შეელია თუ არა საქართველო კომუნიზმის სიღრმისეულ მახასიათებლებს?"; მიმოვიხილავთ კარლო კაჭარავას ნამუშევართა გამოფენას; ჩვენი დღევანდელი გამოშვების სტუმარია პრაღაში გამართული ევროპის ებრაელთა კონგრესის დელგატი საქართველოდან, დრამატურგი გურამ ბათიაშვილი; გადაცემას დავასრულებთ სიუჟეტით ვაჟა ფშაველას "სტუმარ-მასპინძლის" მიხედვით ვაშინგტონში განხორციელებული თეატრალური დადგმის შესახებ.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

[მუსიკა]

რატომ ჩხუბობენ პარლამენტში

ბიძინა რამიშვილი:
ამ კვირაში საქართველოს პარლამენტში რამდენჯერმე გამართულმა მუშტი-კრივმა კვლავ გაააქტიურა საუბრები პარლამენტარების უნიათობის შესახებ. მართლაც, საკმაოდ მძიმე საყურებელია, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ კანონებზე მსჯელობის მაგივრად, როგორ ურტყამენ ერთმანეთს ამომრჩევლის ნდობით აღჭურვილი დეპუტატები ან როგორი უცენზურო სიტყვებით ამკობენ ერთმანეთს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ასეთი უსიამოვნო სანახაობების მონაწილები ყველაფერთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოსთვის საკმაოდ მაღალ ხელფასსაც იღებენ, საზოგადოების აღშფოთება გასაგები იქნება. ამომრჩევლის დამშვიდება მხოლოდ იმით თუ შეიძლება, რომ მუშტი-კრივით მხოლოდ საქართველოს პარლამენტი არ გამოირჩევა და რომ ასეთი რამ სხვა ქვეყნების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებშიც ხშირად ხდება. როგორ ჩხუბობენ სხვა ქვეყნების პარლამენტარები? თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
როგორც ჩანს, საქართველოს ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტი თავისი აგრესიულობით უკან ჩამოიტოვებს ყველაზე ბობოქარ პარლამენტად შერაცხულ 1992-95 წლების მოწვევის პარლამენტს. მარტო ამ კვირაში ამომრჩეველი რამდენიმე მუშტი-კრივის მოწმე გახდა, როცა სხდომათა დარბაზში დაწყებული გაწევ-გამოწევა პარლამენტის დერეფნებში მამაპაპური ცემა-ტყეპით დასრულდა. არიან დაზარალებულებიც: ერთ დეპუტატს სახე აქვს ჩამოღლეტილი, ერთი – კიბეებზე დააგორეს, ერთსაც, როგორც ამბობენ, ცხვირზე ანთებული სიგარეტი მიაწვეს.

ერთი ქართველი ხელოვნებათმცოდნის აღიარებით, ქართველი პარლამენტარები, ჩხუბის ესთეტიკის თვალსაზრისით, ნამდვილად ჩამოუვარდებიან იაპონელ პარლამენტარებს, რომლებიც ხშირად, მაგრამ ლამაზად ჩხუბობენ. აგრესიული ენერგიულობით გამოირჩევიან ისრაელის კნესეტის დეპუტატებიც, რომლებიც საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ასევე ხშირად იყენებენ მუშტს.

რაც შეეხება დსთ-ს სახელმწიფოებს, რუსეთის დუმაში თავისი აგრესიულობით ვლადიმირ ჟირინოვსკი და მისი ფრაქცია ტოლს არავის უდებს. როგორც გახსოვთ, ერთხელ ჟირინოვსკიმ ქალი-პარლამენტარიც კი არ დაინდო და ყველას დასანახად თმით დაითრია. როგორც ჩანს, არანაკლებ აგრესიულია მოსკოვის საქალაქო დუმაც. 5 ნოემბერს მოსკოვის დუმის ეთიკის კომისიამ “მოსკოვის დუმის დეპუტატის ეთიკური კოდექსის” პროექტიც კი შეიმუშავა, რომელშიც ნათქვამია, რომ “დეპუტატი პატივისცემით უნდა მოეპყროს სხვების მოსაზრებებს და თავს უფლება არ მისცეს, უპატივცემულო გამონათქვამები გამოიყენოს თავისი კოლეგებისა და დუმის მუშაობის შეფასებისას.” თუ დეპუტატი მაინც არ დაიშლის კოლეგების შეურაცხყოფას, მას გააფრთხილებენ. თუ მაინც გააგრძელებს ასეთ მოქცევას, ეთიკის კომისია საინფორმაციო საშუალებებს აცნობებს კონკრეტული დეპუტატის უსაქციელობას ამომრჩევლის საქმის კურსში ჩაყენების მიზნით.

ყველაზე ხშირად კი, როგორც ირკვევა, უკრაინის პარლამენტში ჩხუბობენ. აქ უკვე ცემა-ტყეპის თავისებური ტრადიციაც კი ჩამოყალიბდა. როგორც წესი, ჩხუბობენ კუჩმას ხელისუფლების მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ასეთ შემთხვევაში მოვლენები შემდეგნაირი სცენარით ვითარდება ხოლმე: პრეზიდენტის მომხრე ფრაქციების წარმომადგენლები პარლამენტის ტრიბუნის ბლოკირებას ახდენენ; ოპოზიცია ძალის გამოყენებით ცდილობს ტრიბუნაზე ასვლას. თუ ეს მცდელობა წარმატებით სრულდება, ოპონენტები სკანდირებით ახშობენ ოპოზიციის წარმომადგენლის გამოსვლებს.

იყო შემთხვევა, როცა უკრაინის რადაში კომუნისტების ფრაქციამ დაარბია ხმის მიცემის ოთახი და გაანადგურა ბიულეტენები – ეს მიწის კანონის კენჭისყრისას მოხდა, როცა კომუნისტები მიხვდნენ, რომ მათი ბოიკოტი საკმარისი არ იყო საკითხის ჩასაგდებად და, უკრაინელი კომუნისტების ლიდერის პაველ ტიშენკოს განმარტებით, “კაცურად” აღუდგნენ წინ კონსტიტუციის დარღვევის მცდელობას.

ახალი დემოკრატიის ქვეყნების პარლამენტარიზმის ისტორიაში ტრაგიკული შემთხვევებიც არსებობს. საკმარისია გავიხსენოთ სომხეთის პარლამენტის მაგალითი, როცა იქ შეჭრილმა ადამიანებმა რამდენიმე დეპუტატი მოკლეს. იმედია, ჩვენს პარლამენტს, სადაც “კაცურად” საქმის გარჩევა სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება, ასეთი პერსპექტივა არ ელის.

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.

[მუსიკა]

7 ნოემბერი – გამოთხოვება თუ შეხვედრა კომუნიზმთან

ბიძინა რამიშვილი:
საგულისხმოა, რომ წელს საქართველოში თითქმის არავის გახსენებია 7 ნოემბერი – მთავარი კომუნისტური დღესასწაული. ის რამდენიმე ხანდაზმულმა კომუნისტმა აღნიშნა გორში (ტრადიციულად სტალინის ძეგლთან) და თბილისში (ტრადიციულად დედაენის ძეგლთან). კომუნისტურ თარიღებსა და სიმბოლოებს ქართული საზოგადოება ძალზე იოლად გამოეთხოვა. მაგრამ შეელია კი ის კომუნიზმის სხვა, ასე ვთქვათ, სიღრმისეულ მახასიათებლებს? ოქტომბრის გადატრიალების 85-ე წლისთავმა დავით პაიჭაძეს საბაბი მისცა ამ თემაზე მსჯელობისათვის.

დავით პაიჭაძე:
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომუნისტური ატრიბუტიკა საქართველოში გულგრილ ან ირონიულ დამოკიდებულებას იწვევდა. აქ არასოდეს აღუქვამთ სერიოზულად დამოუკიდებლობის პერიოდში გაჩენილი კომუნისტური პარტიები: 1992 წლის შემდეგ არც ერთ მათგანს არც ერთ არჩევით ორგანოში არ შეუღწევია, თუმცა თითო-ოროლა წარმომადგენელი პარლამენტში ჰყავდათ. საკუთრივ კომუნიზმი, კომუნისტური იდეა საქართველოში კარგა ხნის დასამარებულია, ალბათ, ჯერ კიდევ განვითარებული სოციალიზმის დროს. ქართველი კომუნისტების ყველაზე ცნობილი ლიდერი პანტელეიმონ გიორგაძე თვით მისი ვაჟის ზეობის დროსაც მადამ ტიუსოს პერსონაჟს უფრო ჰგავდა, ვიდრე მოქმედ პოლიტიკოსს. მაგრამ საკითხს სხვა ასპექტიც აქვს.

კომუნისტური ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების დღიდან 12 წელი ისე გავიდა, საქართველოში არავის უკვლევია, რა იყო ამ ქვეყნისთვის საბჭოთა ხელისუფლების მმართველობის 70 წელი, რა კვალი დაატყო მან საზოგადოების ჩამოყალიბებას. საბჭოთა საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ისტორია ჯერაც დასაწერია. ეს პერიოდი არ არის ღრმად გააზრებული და შეფასებული ჩვენი თანამედროვეების მიერ. შესაძლოა, ცალკეული ინტელექტუალები ან მეცნიერები მუშაობენ ამ მიმართულებით, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის მათი დაკვირვებები და დასკვნები უცნობია. შესაბამისად, ჩვენ დარჩენილი ვართ მარტივი და კატეგორიული შეფასებების ამარა, რომლებითაც ვერ აღვწერთ და ვერ ვწვდებით ჩვენ ახლო წარსულს. იმაზეც ვერ შევთანხმებულვართ, რა ვუწოდოთ საბჭოთა პერიოდს – კომუნისტური თუ სოციალისტური მმართველობის ხანა.

ერთი მხრივ და ერთი შეხედვით, ქართულმა საზოგადოებამ სრულიად მიივიწყა კომუნისტური ხელისუფლების ფასადი, რაც არ მოხდა, მაგალითად, რუსეთში: იქ ელცინი იძულებული გახდა, 7 ნოემბერი თანხმობის დღედ გამოეცხადებინა. მეორე მხრივ, ჩვენ არ გვაქვს პასუხი, რატომ არის საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში უამრავი ისეთი პირი, რომელიც 90 წლამდე არსებულმა წყობამ უმემკვიდრა ჩვენს ქვეყანას. ერთ-ერთი შესაძლო პასუხი ის გახლავთ, რომ ათწლეულთა მანძილზე სახელისუფლო ტექნოლოგიების ფლობა და ქვეყნის მართვა მხოლოდ იმ ადამიანთა საქმე იყო, რომლებიც კომუნისტური ნომენკლატურის წიაღს ეკუთვნოდნენ და სხვა ფენამ საქართველოში ვერ შეძლო სახელმწიფო კაცების პროდუცირება. ნომენკლატურასა და მის მემკვიდრეებს აღმოაჩნდათ უნარი, საიმედოდ დაიცვან თავი Homo novus-ებისაგან, რომლებიც გარიყეს და ჩამოაცილეს სახელისუფლო სიმაღლეებს. თავისთავად, პოლიტიკური კლასის ქცევის ასეთი წესი პირწმინდად კომუნისტურია, საბჭოთა პერიოდის ხელისუფლების ისტორიიდან შეიძლება მრავალი მსგავსი მაგალითის გამოხმობა.

ასევე საკვლევი და საინტერესოა, სად იღებს სათავეს ჩვენში დამკვიდრებული კორუფციული ურთიერთობები: არის ის ასევე “დიდი ოქტომბრის” მონაპოვარი და დანატოვარი, თუ მისი საფუძველი სხვაგან უნდა ვეძებოთ? შეიძლება დაისვას უამრავი კითხვა წარსულის მემკვიდრეობაში შესაძლო კომუნისტური პლასტების შესახებ, რომელთაც იოლად პასუხს ვერ გასცემ. ამ პასუხთა ცოდნამდე და გათავისებამდე ჩვენ ყოველთვის ირონიულად გავიღიმებთ 7 ნოემბერზე და უდრტვინველად შევეგუებით ან სერიოზულად ავირჩევთ კომუნისტური პარტიისა და კომკავშირის ყოფილ ლიდერებს.

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.

[მუსიკა]

ინტერვიუ გურამ ბათიაშვილთან

ბიძინა რამიშვილი:
ამ დღეებში პრაღა მასპინძლობდა ევროპის ებრაელთა კონგრესს, რომელსაც ევროპის მრავალი ქვეყნის წარმომამდგენლები ესწრებოდნენ. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა ცნობილი დრამატურგი გურამ ბათიაშვილი, რომელიც ჩვენს რედაქციასაც ესტურა. ჩვენი საუბარი კონგრესის საქმიანობასა და საქართველოს ებრაელობას შეეხებოდა.

იხ. აუდიოვერსია

ბიძინა რამიშვილი:
ეს გახლდათ ინტერვიუ პრაღაში გამართულ ევროპის ებრაელთა კონგრესზე საქართველოს წარმომადგენელთან, დრამატურგ გურამ ბათიაშვილთან, რომელიც მიმდინარე კვირაში გვესტუმრა რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციაში.

[მუსიკა]

კარლო კაჭარავას პერსონალური გამოფენა

ბიძინა რამიშვილი:
მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე კარლო კაჭარავა რვა წლის წინათ, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაგრამ დიდი მემკვიდრეობის დატოვება მოასწრო. თბილისში რამდენჯერმე მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა. მაგრამ ქართველი ხელოვნების მოყვარულები, კარლო კაჭარავას კოლეგები კვლავ ვერ მალავენ გაკვირვებას – ყოველ ექსპოზიციაზე კარლოს ნამუშევრები ახლებურად აღიქმება. ასე მოხდა ამჯერადაც, თბილისის “ენ” გალერეაში გახსნილ გამოფენაზე, რომელსაც დაესწრო ჩვენი თბილისელი თანამშრომელი გიორგი გვახარია.

გიორგი გვახარია:
კარლო კაჭარავამ ეს ნამუშევრები 10-12 წლის მანძილზე შექმნა. იგი წერდა და ხატავდა. პროფესიით ხელოვნებათმცოდნე, ცდილობდა ფერწერაში, გრაფიკაში, თავის ილუსტრაციებში, ჩანახატებში აზრი და გრძნობა, რაციონალური და ირაციონალური გაემთლიანებინა, ანუ გაეკეთებინა ის, რაც თავის დროზე დავით კაკაბაძის შემოქმედების პრინციპი გახდა, ის, რაც თანამედროვე მსოფლიო კულტურის დაუწერელ კანონად ითვლება – ხელოვანი ცდილობს წაშალოს ზღვარი თეორიასა და პრაქტიკას შორის. 10 წლის წინ კარლო კაჭარავას შემოქმედებას, ძირითადად, მისი მეგობრები აფასებდნენ, მხატვრის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ კაჭარავას შემოქმედებით აღფრთოვანებული ესთეტების რაოდენობა თანდათან მატულობს. თბილისის “ენ” გალერეას, სადაც მხატვრის ოჯახში დაცული ნამუშევრები გამოიფინა, დამთვალიერებელი არ ელევა. კარლო კაჭარავას მეგობრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ერთ-ერთი მათგანია ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარია, რომელიც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს

[დავით ხოშტარიას ხმა]: “ კარლო კაჭარავას ყოველ მომდევნო გამოფენაზე არის განცდა იმისა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მომწონდა მისი ნამუშევრები – ის უკეთესი ყოფილა, ვიდრე მე მეგონა... ეს იყო, მართლაც, დიდი მხატვარი.”[სტილი დაცულია]

ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, რომ უახლოეს ხანში აუცილებელია არა მარტო კარლო კაჭარავას სურათების გამოფენის მოწყობა, არამედ მისი წერილების გამოქვეყნებაც. დავით ხოშტარია აღნიშნავს:

[დავით ხოშტარიას ხმა]: “მე კიდევ ბევრს ვფიქრობ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, კარლოზე, როგორც ხელოვნების კრიტიკოსზე, ხელოვნების ისტორიკოსზე. აქ უფრო საგრძნობია დანაკლისი, რომელიც მოჰყვა მის სიკვდილს... რვა წელია იგი ცოცხალი არ არის და შეიქმნა ქართულ მხატვრულ კრიტიკაში ვაკუუმი, რომელიც ვერაფრით ივსება.”

თანამედროვე ხელოვნების კრიტიკოსი შეიძლება ინფორმაციას ფლობდეს, მაგრამ აკლდეს ინტუიცია, უჭირდეს კულტურის პროცესის შემოქმედებითი შეფასება. კარლო კაჭარავამ, ამ თვალსაზრისით, დაანგრია სტერეოტიპი, რომელიც წლების მანძილზე მკვიდრდებოდა ქართულ-საბჭოთა კრიტიკაში. მას არ ეშინოდა ყოფილიყო სუბიექტური, რადგან მიაჩნდა, რომ კრიტიკაც შემოქმედებაა და რომ კრიტიკოსის წერილებში აუცილებლად უნდა ჩანდეს თავად ავტორი, პიროვნება. დავით ხოშტარიას თქმით:

[დავით ხოშტარიას ხმა]: “აქ არ არის საუბარი მხოლოდ ფაქტების ცოდნაზე, სხვასაც შეიძლება ჰქონდეს ეს ცოდნა; მას ჰქონდა ყველაფერი ეს ღრმად გააზრებული, გაანალიზებული... ძალიან კარგი შემფასებელი იყო, ძალიან ზუსტი და დამაჯერებელი იყო მისი შეფასება ყოველთვის. რამდენიმე ხნის წინ გადავავლე თვალი მის წერილს ნეკრორეალისტების შესახებ – ასეთი ჯგუფი იყო პეტერბურგელი მხატვრების, ადრეული “პერესტროიკის “ფსევდოანდეგრაუნდულ ტალღაზე” აღმოცენებული. მე ძალიან ვურჩევდი ყველას, ვინც აპირებს გახდეს ან არის ხელოვნების კრიტიკოსი, რომ წაიკითხოს ეს წერილი. არაჩვეულებრივად ზუსტი შეფასებაა, გამანადგურებელი, სხვათა შორის.”

კარლო კაჭარავას, მართლაც, არ აინტერესებდა “მოდური მიმართულებები” ხელოვნებაში და უყვარდა ყველაფერი, რაც მარადიულ ფასეულობებს ამკვიდრებდა. თუმცა დღეს, როცა მის სურათებს ათვალიერებ, გრძნობ, რომ ეს არ არის ეგრეთ წოდებული “რეტროფერწერა”. იმისათვის, რომ “ძველში” “თანამედროვე” დაინახო, ძალიან კარგად უნდა იცოდე ერთიც და მეორეც და, რაც მთავარია, შეინარჩუნო ერთგვარი დისტანცია, რათა საკუთარი თავი არ დაკარგო.

[დავით ხოშტარიას ხმა]: “როგორც კრიტიკოსი და როგორც მხატვარი, კარლო, არსებითად, მიეკუთვნება პოსტმოდერნულ კულტურას, მისი შეფასების მანერაც ასეთია, თუმცა ტრადიციულ აკადემიურობას ის არ ელევა. მის შემოქმედებაში არის გარდასულ დროსთან თამაში, აქტუალიზაცია რაღაც ტრადიციის.”

გარდასულ დროსთან თამაშში თბილისელ მაყურებელს ახლა უკვე გარდაცვლილი მხატვარი ეპატიჟება “ენ” გალერეაში. ეს თამაში, ერთდროულად, სასიამოვნოცაა და სევდით აღსავსეც. სევდა და სიამოვნება ერთად კი ისაა, რასაც ცხოვრება ჰქვია.

გიორგი გვახარია, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.

[მუსიკა]

"სტუმარ-მასპინძელი" ვაშინგტონის თეატრის სცენაზე

ბიძინა რამიშვილი:
გოგოლის "მკვდარი სულები" და სერვანტესის "დონ კიხოტი", გოეთეს "ფაუსტი" და შექსპირის "ჰამლეტი", დოსტოევსკის "იდიოტი" და დე ფილიპოს "ფილუმენა"... ამ ნაწარმოებებს, გარდა იმისა, რომ მსოფლიო ლიტერატურის მარგალიტთა რიცხვს ეკუთვნიან, ერთი რამ აქვთ საერთო: ეს ჩამონათვალი გახლავთ ამონარიდი ვაშინგტონის სტანისლავსკის სახელობის თეატრ-სტუდიის ხუთწლიანი რეპერტუარიდან. გასულ ხუთშაბათს ამ სიას კიდევ ერთი ნაწარმოები შეემატა: ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი". დავით კაკაბაძე გესაუბრებათ უფრო დაწვრილებით.

დავით კაკაბაძე:
დაბეჯითებით მტკიცება გამიჭირდება, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის დედაქალაქის ერთ-ერთი თეატრი ქართველი ავტორის ნაწარმოებს დგამს. თუ სიზუსტეს დავიცავთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ "სტუმარ-მასპინძელი" სტანისლავსკის თეატრ-სტუდიაში შემავალი ეგრეთ წოდებული "სინეტიკური თეატრის" კედლებში დაიდგა. რას ნიშნავს "სინეტიკური თეატრი"? ამ შეკითხვით მივმართე თეატრ-სტუდიის ერთ-ერთ დამაარსებელსა და სამხატვრო ხელმძღვანელს პაატა ციქურიშვილს, რომელსაც პრემიერის მეორე დღეს ვაშინგტონში დავურეკე.

[პაატა ციქურიშვილის ხმა]

საშუალება მომეცა, ასევე ტელეფონით გავსაუბრებოდი გოგი ალექსი-მესხიშვილსაც, რომელსაც ვკითხე, რატომ არის მისთვის საინტერესო პაატა ციქურიშვილთან თანამშრომლობა.

[გოგი ალექსი-მესხიშვილის ხმა]

გოგი ალექსი-მესხიშვილმა ის რეზონანსი ახსენა, რომელიც პაატა ციქურიშვილის წინა დადგმას – შექსპირის "ჰამლეტს" – მოჰყვა. და რაკი "სტუმარ-მასპინძლის" პრემიერა სულ რამდენიმე დღის წინათ შედგა და თეატრის ამერიკელი კრიტიკოსები მას ჯერ არ გამოხმაურებიან, გაგაცნობთ მცირე ნაწყვეტებს "ჰამლეტისადმი" მიძღვნილი ორი რეცენზიიდან. მანამდე კი ბარემ აქვე გეტყვით, რომ "ჰამლეტი", ასე ვთქვათ, "მუნჯი" დადგმა გახლდათ. აი, რას წერდა კრიტიკოსი გერი ტიშლერი გაზეთ "ვაშინგტონ დიპლომატში":

"წარმოიდგინეთ, რომ ეს-ეს არის, დაესწარით შექსპირის "ჰამლეტის" საუცხოო დადგმას, დატკბით ელისაბედის ეპოქის მეტყველი ინგლისური ენით, ფიცარნაგიდან კი შემოგქცერიან ფორტინბრასი და ჰორაციო, ორად-ორი ცოცხალი არსება მკვდარი პერსონაჟებით მოფენილ სცენაზე. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე დღეში ეს დადგმა დაგესიზმრათ. ეს არის შთამბეჭდავი სიზმარი, იმავე გრძნობებითა და იმავე პოეტური ეფექტებით, იმავე მოქმედებებითა და იმავე შედეგებით. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ სიზმარი უსიტყვოა."

ახლა კი მოისმინეთ "ვაშინგტონ პოსტის" თეატრალური მიმომხილველის უილიამ ტრიპლეტის შეფასება:

"ეს არ არის "ჰამლეტი", რომელიც ოდესმე გვინახავს. ამ დადგმას პიესის ჩრდილი უფრო ეთქმის. და ისევე, როგორც ჩრდილები გადმოგვცემენ თავიანთი ობიექტების სრულყოფილ კონტურს, ესეც სწორედ ის "ჰამლეტია", რომელსაც არათუ ვიცნობთ, არამედ ძვალ-რბილში გვაქვს გამჯდარი."

თუმცა, ისევ "სტუმარ-მასპინძელს" დავუბრუნდეთ. სცენოგრაფია და კოსტუმები გოგი ალექსი-მესხიშვილს ეკუთვნის, ქორეოგრაფია – ირინა ციქურიშვილს, მუსიკა – ვახტანგ კახიძეს. სპექტაკლში მონაწილეობს ოთხი ქართველი და ათი ამერიკელი მსახიობი: პაატა და ირინა ციქურიშვილები სცენაზეც ცოლ-ქმარს: ჯოყოლასა და აღაზას ასახიერებენ. მუსას როლს ასრულებს კახი კავსაძე, რომლის ვაჟი ირაკლი (სპექტაკლის მეოთხე ქართველი მონაწილე) უკვე ერთი წელია, სტანისლავსკის თეატრ-სტუდიის დასის წევრია.

სატელეფონო საუბარში ბატონ კახის ვკითხე, რით იყო მისთვის საინტერესო "სტუმარ-მასპინძლის" ვაშინგტონურ დადგმაში მონაწილეობა.

[კახი კავსაძის ხმა]

როგორ გაართვა თავი კახი კავსაძემ ამ ურთულეს ამოცანას? ისევ სპექტაკლის დამდგმელ რეჟისორს პაატა ციქურიშვილს მოუსმინეთ:

[პაატა ციქურიშვილის ხმა]

[კახი კავსაძის ხმა. ინგლისური ტექსტი]

მაყურებელთა შორის, ამერიკელებთან ერთად, ცხადია, შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველებიც მრავლად იყვნენ. თავისი შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ ერთ-ერთ მათგანს, საქართველოს თეატრისა და კინოს ტელერეჟისურის კათედრის დოცენტს, მანანა ანასაშვილს, რომელიც ამჟამად ერთწლიან სტაჟირებაზე იმყოფება შეერთებულ შტატებში.

[მანანა ანასაშვილის ხმა]

ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელს" ვაშინგტონის ჩერჩ-სტრიტზე მდებარე "სინთეზურ თეატრში" დეკემბრის დამდეგამდე ითამაშებენ. ამის შემდეგ სტანისლავსკის სახელობის თეატრ-სტუდიაში სტუდიის კიდევ ერთი დამაარსებელი ანდრეი მალაევ-ბაბელი ჩეხოვის "თოლიას" დადგამს, ხოლო შემდეგ პაატა ციქურიშვილი ოსკარ უაილდის "სალომეს" წარმოადგენს.

ამ უჩვეულო და ვაშინგტონის კულტურულ ცხოვრებაში უკვე საკუთარი ადგილის მქონე თეატრის გეგმაში შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანიც" არის. ასე რომ, პაატა ციქურიშვილსა და მის თანამოაზრეებს ჩვენს გადაცემებში კიდევ არაერთხელ შევხვდებით.

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG