Accessibility links

logo-print

რა შეიძლება მოიტანოს ჩეჩენთა სარჩელმა სტრასბურგის სასამართლოში


ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის მოქალაქე თერთმეტმა ჩეჩენმა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ დაკავებულნი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში შეიტანა სარჩელი,

რომელიც საქართველოდან რუსეთში მათი შესაძლო ექსტრადიციის უკანონობას შეეხებოდა. ხუთი ნოემბრის გადაწყვეტილებით, ევროსასამართლომ რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს დამატებითი მასალების წარსადგენად 24 ნოემბრამდე მისცა დრო. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ენთუზიაზმს გამოიჩენენ ორი სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოები. საქართველოს სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი კი, რომელიც დაკავებულ ჩეჩენთა ექსტრადიციას უკანონოდ და პოლიტიკური ზეწოლის შედეგად მიიჩნევს, სტრასბურგის სასამართლოს საკუთარ თავს მოწმის სტატუსშიც კი სთავაზობს.

სარჩელის შეტანიდან ხუთ დღეში, 9 ოქტომბერს, მოსარჩლე მხარემ ევროსასამართლოს აცნობა, რომ 5 ჩეჩნის ექსტრადიცია უკვე მოხდა და რომ სარჩელს შეუერთდა კიდევ ორი ჩეჩენი, რომლებიც ექსტრადირებულთა შორის იყვნენ. სარჩელის ინიციატორები რუსეთში ექსტრადიციის უკანონობას თავიდანვე იმით ასაბუთებდნენ, რომ ეს საფრთხეს შეუქმნიდა მათ ჯანმრთელობას, ღირსებას და... სიცოცხლეს.
ევროსასამართლო საქმეებს განიხილავს იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც მზადდება ისინი, თუმცა სასამართლოს შესაბამის პალატას ან მის პრეზიდენტს აქვს უფლება პრიორიტეტი მიანიჭოს ცალკეულ საქმეს და ჩვეულ რიგზე ადრე განიხილოს იგი. სწორედ ასეთად მიიჩნია მან დაკავებული ჩეჩნების საქართველოდან რუსეთში ექსტრადიციის საქმე. ამის მიზეზი, ალბათ, ისევ და ისევ საქმის ერთგვარი პოლიტიკური სტატუსი გახლავთ. საქართველოს სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, რომელიც 18 ნოემბერს საქმიანი ვიზიტით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ეწვევა, დასაშვებად მიიჩნევს მოწმის სტატუსშიც გამოვიდეს, თუკი ევროსასამართლო ამას საჭიროდ ჩათვლის. დევდარიანს ჩეჩენთა ექსტრადიციის საფუძვლად სწორედ რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა მიაჩნია.
საქართველოს სახალხო დამცველი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური ზეწოლა თბილისზე შეიძლება დარჩენილი 8 ჩეჩნის ექსტრადიციით დასრულდეს, რასაც გარკვეულწილად ადასტურებს ისიც, რომ რუსეთის ხელისუფლების პრინციპულობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცნობილ მოვლენათა გამო კიდევ უფრო განმტკიცდა.
სარჩელის განხილვის შემდეგ ევროსასამართლომ გამოიყენა დროებითი ზომა და საქართველოს მთავრობას სთხოვა შეეჩერებინა ექსტრადიცია მანამდე, სანამ სასამართლო არ დაასრულებდა საქმის განხილვას. ამ დროისთვის 5 ჩეჩენი უკვე ექსტრადირებული იყო. დანარჩენების ექსტრადიცია, მოგეხსენებათ, შეჩერებულია. სტრასბურგიდან შეტყობინება გაეგზავნა რუსეთის ხელისუფლებასაც, თუმცა ამით მისი სურვილი - ხელში ჩაიგდოს თბილისში პატიმრობაში მყოფი დანარჩენი 8 ჩეჩენი – სრულებით არ დამცხრალა და ის კვლავ დაჟინებით მოითხოვს საქართველოსგან ჩეჩნების გადაცემას. ამას მოწმობს თუნდაც რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის სერგეი ფრიდინსკის ამასწინანდელი განცხადებაც, რომელშიც ის საქართველოს ადანაშაულებს რუსეთის ჩეჩენი ეროვნების მოქალაქეთა ექსტრადიციის ხელოვნურ გაჭიანურებაში და აცხადებს, რომ საქართველო რუსეთს დაკავებულთა ანკეტურ მონაცემებში ცალკეული დეტალების დაზუსტებას სთხოვს, რაც ექსტრადიციის შემდეგაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. აქვე უნდა ითქვას, რომ დაკავებულთა შორის ორი პიროვნება საქართველოს მოქალაქეა, რაც უკვე დადასტურდა კიდეც:
[ნანა დევდარიანის ხმა]
“ორი ადამიანი, საერთოდ, საქართველოს მოქალაქეა. მათი პიროვნება დადასტურებულია ახმეტის შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ – დაწყებული მათი საბჭოთა პასპორტებიდან, დამთავრებული სხვა დოკუმენტაციით. და სხვა პატიმრებს მითითებული აქვთ სხვა გვარები დაკავებისას და, სინამდვილეში, დღეს ამტკიცებენ, რომ ისინი არიან სხვა პიროვნებები. ამდენად, იდენტიფიკაციის საკითხიც არის ძალიან საეჭვო”. [სტილი დაცულია]
როცა ერთი პოზიციას ძალის საშუალებით იმაგრებს და საკუთარი ამბიციით მოქმედებს, რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს მასთან დაპირისპირებისთვის ევროსასამართლოს ბერკეტების გამოყენება? რუსეთს ევროსაბჭოდანაც არაერთხელ მიუღია “შენიშვნა” ჩეჩნეთის გამო, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. რას შეცვლის ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, თუკი ის - და, ალბათ ასეც იქნება - სარჩელს დააკმაყოფილებს, ანუ რა მოჰყვება ამას, ფინანსური სანქციების დაკისრების გარდა? ჩემი რესპონდენტი ფიქრობს, რომ რუსეთი ვერ შეძლებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებას:
[ნანა დევდარიანის ხმა]
“დღეს რუსეთი სერიოზულად არის დამოკიდებული საერთაშორისო საზოგადოებრიობაზე, საერთაშორისო საზოგადოებაზე და მთელ ამ ქვეყნებზე, ვისგანაც სერიოზულ დახმარებას იღებს. თუ იმავე გზით დააპირებს იგი წასვლას და თვითიზოლაციის რეჟიმში აპირებს არსებობის გაგრძელებას, ეს ძალიან ძვირი დაუჯდება რუსეთს, უბრალოდ, იმიტომ, რომ მსოფლიო დღეს აღარ არის ის, რაც იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში, პირველ ოცწლეულში.”
ძნელია იმის წინასწარმეტყველება, რა ზეგავლენას იქონიებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება აგვისტოში საქართველო-რუსეთის საზღვართან დაკავებული 13 ჩეჩნის ბედზე. მანამდე კი რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ნოვოსტი” ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ბევრ კითხვას ბადებს. სააგენტოს თანახმად, საქართველოს მიერ რუსეთისთვის გადაცემულ ექვს(?) პირს, რომლებიც თურმე ყარაჩაევო-ჩერქეზეთის მცხოვრებლები ყოფილან, სტავროპოლის სამხარეო სასამართლომ ექსვნახევრიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საინფორმაციო სააგენტოს მიერ მოტანილი სახელებიდან არც ერთი არ ემთხვევა იმ ჩეჩენთა სახელებს, რომლებიც ევროსასამართლოში შეტანილ სარჩელშია ჩამოთვლილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იდენტიფიკაციის საკითხში არსებულ სერიოზულ ხარვეზებს.
XS
SM
MD
LG