Accessibility links

რა ზიანს მოუტანს რუსეთს პოლიტიკურად სამხედრო აგრესიის გააქტიურება ჩეჩნეთში და დიპლომატიური შეტევა ევროპის ქვეყნებზე


რუსეთმა გააორმაგა თავისი სამხედრო აგრესია ჩეჩნეთში. ამის პარალელურად, კრემლი დიპლომატიურ შეტევაზე გადავიდა ევროპის სახელმწიფოების მიმართ, რათა აიძულოს ისინი,

აღიარონ მოსკოვის ჩეჩნური კამპანია ანტიტერორისტულ აქციად. იქნება ვლადიმირ პუტინის ეს სტრატეგია წარმატებული, თუ დაკავშირებულია ის რისკთან, რომ მოსკოვი ურთიერთობას გაიფუჭებს ევროპის ქვეყნებთან?

პუტინმა ახალი სტრატეგიის საწყისად აირჩია მოსკოვში ახლახან მომხდარი აქტი, რომელსაც ასზე მეტი მშვიდობიანი ადამიანი შეეწირა. ინსპირირებულია რა ჯორჯ ბუშის პოლიტიკით, რუსეთის მთავრობა დაადგა კატეგორიულ გზას: ჩეჩნები ტერორისტები არიან და მათი ლიკვიდაცია უნდა მოხდეს.
მოსკოვის პირველი დიპლომატიური დარტყმა
ევროპის იმ სახელმწიფოებმა მიიღეს, რომლებიც ჩეჩნეთის წარმომადგენლებს მასპინძლობენ. მათ რიცხვშია დანია, ნორვეგია, ჰოლანდია - ის ქვეყნები, სადაც ჩეჩნეთის წირმომადგენლების უფლებათა დაცვა ხდება. მაგრამ, მათთან ერთად, კრემლის შეტევა გავრცელდა სხვა ქვეყნებზეც -მაგალითად, ჩეხეთზე, რომლის ტელევიზია, რუსეთის აზრით, ტერორისტებს ემხრობა. აშკარაა ერთი რამ, პუტინი, განსაკუთრებით ევროპელთა მიმართ, მოურიდებელ თამაშს თამაშობს.
რას ესწრაფვის მოსკოვი? “რანდის” სახელით ცნობილი კვლევითი ცენტრის რუსეთის ექსპერტი სტეფან დე სპიგელერი ფიქრობს, რომ რუსეთი ევროპის კავშირისა და რუსეთის მომავალი სამიტის წინ ცდილობს წინასწარ გაიმაგროს პოზიციები და არამარტო ჩეჩნეთის საკითხში:

[ხმა]
“სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს ევროპელთა მიმართ მკაცრ მიდგომას. მომავალ კვირაში რუსეთ-ევროპის კავშირის სამიტია და მასზე ერთ-ერთი მთავარი თემაა კალინინგრადი. ევროპის კავშირმა დაამტკიცა ევროკომისიის წინადადება, რომლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეები კალინინგრადის ოლქში სტუმრობისთვის, და - პირიქით, მიიღებენ ვიზის შემცვლელ საბუთს. ეს რუსეთს არ მოსწონს და, ალბათ, პუტინი ფიქრობს, რომ ევროპელებთან ურთიერთობაში დასაკარგი არაფერი აქვს. ამიტომ ეთამაშება მათ ზოგიერთ სფეროში უხეშ პოლიტიკურ თამაშს. ჩემი დაკვირვებით, ეს უკურეაქციას უფრო გამოიწვევს”.
დე სპიგელერი ამბობს, აგრეთვე, რომ მოსკოვს, უბრალოდ, მოეჩვენა, რომ ევროპის მხრივ დათმობა ზოგიერთ საკითხში - მაგალითად, მისთვის საბაზრო ეკონომიკური სტატუსის მინიჭება - სხვა სფეროებშიც ვრცელდება და ეს დასაწყისია შემდგომი ხანგძლივი დათმობისა. თუკი რუსეთი ასე განაგრძობს, დე სპიგელერის აზრით, მას ურთიერთობა ევროპასთან გაუფუჭდება.
მისივე თანახმად, რუსეთის პოლიტიკური კაპიტალი ევროპაში შეზღუდულია. ევროპელების აზრი ჩეჩნეთის ომზე უარყოფითია, იქ ტერორიზმთან ამერიკის ომსაც აკრიტიკებენ და მოსკოვს კიდევ უფრო მკაცრად მოეკიდებიან. ევროპელები, რუსეთის ამ ექსპერტის აზრით, შეეგუებიან დიპლომატიურ უხეშობას, მაგრამ ტერორისტულად გამოცხადებული ჯგუფების წინააღმდეგ ქვეყნის გარეთ ბრძოლა და თვით ჩეჩნეთში კიდევ უფრო სისხლიანი ომი, ევროპელ პოლიტიკოსებს გულგრილს ვერ დატოვებს.
რუსეთისა და ევროპის ახლანდელი ურთიერთობა სრულიად სხვაგვარად მოჩანს რუსეთის ექსპერტების თვალსაწიერიდან. მოსკოვის პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, წამყვანი პოლიტიკური მიმომხილველი სერგეი მარკოვი აცხადებს, რომ ასლან მასხადოვის თავისუფალ არჩევნებში არჩევა მითია. ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ ჩეჩნეთის რუს მოქალაქეებს, ასევე იზოლირებულნი იყვნენ პრომოსკოვურად განწყობილი ჩეჩნები. ალბათ, იმის საგანგებო განმარტება არ გჭირდებათ, რომ მარკოვის ინსტიტუტი კრემლის მიმართ ლოიალურია. აი, მისი აზრი იმაზე, თუ რა პირობით შეუძლია მოსკოვს მოილაპარაკოს ასლან მასხადოვთან:
[ხმა მარკოვისა]
“ჩემი აზრით, მოლაპარაკება მასხადოვთან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, თუკი მასხადოვს საველე მეთაურად მივიჩნევთ, და მინდა გავაგებინო ხალხს, რომ მოსკოვის იძულება, მოელაპარაკოს მასხადოვს როგორც იჩქერიის არჩეულ პრეზიდენტს, არ მოხდება”.
მარკოვმა იცის, რომ მოსკოვი მასხადოვთან არანაირად არ აპირებს მოლაპარაკებას. ის აცხადებს, რომ კრემლმა უნდა შეიცვალოს თავისი პოზიცია, თუკი ევროპა შეწყვეტს ჩეჩენი სეპარატისტების სამართლიან პოლიტიკურ წარმომადგენლებად აღიარებას. ამასთან, ის ევროპის ქვეყნების მასმედიას აკრიტიკებს იმ, მისი თვალსაზრისით, არასწორი ინფორმაციის გამო, რომელიც ჩეჩნეთში შექმნილ ვითარებას არაობიექტურად ასახავს.
ბოლოს, აღსანიშნავია, რომ რუსეთ-ევროპის კავშირის სამიტზე ჩეჩნეთის თემა განსაკუთრებით იქნება გამოყოფილი. იმასაც შეგახსენებთ, რომ ევროპაში ომი ტერორიზმის წინააღმდეგ პოპულარული არ არის, იქ პოლიტიკოსებიც უარყოფენ სამხედრო გზით პრობლემების მოგვარებას.
XS
SM
MD
LG