Accessibility links

logo-print

თბილისში, “თეატრალურ სარდაფში,” სარეჟისორო და


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი თბილისში, “თეატრალურ სარდაფში,” სარეჟისორო და

სამსახიობო დებიუტი შედგა. სპექტაკლი “უსიერ ტყეში” აკუტაგავას ამავე სახელწოდების მოთხრობაზე დაყრდნობით დაწერილი პიესის მიხედვით დაიდგა. ახალგაზრდა რეჟისორმა ნინო შოთაძემ მასში 5 გმირის განსახიერება 25 წლის მსახიობს ზვიად სხირტლაძეს მიანდო. “უსიერ ტყეში” ერთი მსახიობის სპექტაკლია. “თეატრალურ სარდაფში” მისი წარმოდგენა გრძელდება და ჩვენს დღევანდელ პროგრამაშიც ამ სპექტაკლის რეჟისორთან, ნინო შოთაძესთან, გვექნება შეხვედრა. შემდეგ შემოგთავაზებთ დავით პაიჭაძის მასალას, რომელიც ბავშვთა პროფილაქტიკურ-გამაჯანსაღებელი ცენტრის “მაუგლის” მუშაობას შეეხება.

ყოველგვარ კარგ დასაწყისს შეფასება და მხარდაჭერა სჭირდება. ასეთ დასაწყისად მიაჩნიათ “თეატრალურ სარდაფში” შემდგარი დებიუტიც, თუმცა მასთან დაკავშირებით პრესას სათანადო ყურადღება ჯერ არ გამოუჩენია. აკუტაგავას მოტივებით დადგმული ახალი სპექტაკლის რეჟისორი ნინო შოთაძე ამის მიზეზს იმაში ხედავს, რომ ქართველ ჟურნალისტებს უკვე კარგად ცნობილი სახეები და სენსაციები უფრო იზიდავთ, ვიდრე თუნდაც ნიჭიერი დამწყებები. დამწყები რეჟისორის ეს ნათქვამი თუ ვინმეს პრეტენზიულად მოეჩვენება, სხვამ მასში სიმართლე უნდა დაინახოს. უბრალოდ, ჩვენში უჭირთ ხოლმე სიმართლის დანახვა. აქვე გეტყვით, რომ სპექტაკლი “უსიერ ტყეში” სწორედ სიმართლის ძიების იდეით ვითარდება და ამით ჩვენს რეალობას ეხმიანება. გერმანიიდან, სადაც მიუნხენის თეატრალური სასწავლებელი დაამთავრა, საქართველოში დაბრუნებისთანავე ნინოს თვალში მოხვდა შემდეგი გარემოება:

[ნინო შოთაძის ხმა] “ხდება ყოველდღე რაღაცა პოლიტიკურ სფეროში, ეკონომიკურ სფეროში, ყოფით სფეროში და ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ველაპარაკები, ერთსა და იგივე ფაქტს სხვადასხვა პრიზმაში ხედავს და, სხვათა შორის, ვისაც არ მოუსმენ, რჩება განცდა, რომ ყველა არის მართალი, და მერე მებადება კითხვა, სად არის ობიექტური სიმართლე და არსებობს კი ასეთი სიმართლე?”[სტილი დაცულია]

აკუტაგავას მოთხრობის მიხედვით სპექტაკლის დადგმის ინტერესი ამ შეკითხვაზე პასუხის ძიების ინტერესმაც განაპირობა და ერთმა ბანალურმა მიზეზმაც: ნინოს ისეთი პიესისთვის უნდა მოეკიდა ხელი, რომლისთვისაც ბევრი მსახიობი საჭირო არ იქნებოდა, რომლითაც რეჟისორი იაფად გამოვიდოდა. ფული სპექტაკლის დასადგმელად მას ხომ საკუთარი ჯიბიდან უნდა გაეღო.

ხდება მკვლელობა და ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა მოწმეები სხვადასხვა ჩვენებებს იძლევიან. რადგან მკვლელობა უკვე მოხდა, მისი გამამართლებელი არგუმენტებიც ჩნდება. სიმართლის ძიების ასეთ ისტორიაში ერთ მსახიობს 5 გმირის ფუნქცია უნდა ეტვირთა. ნინოს სურდა ეს ერთი მსახიობი აუცილებლად დამწყები ყოფილიყო. მიაგნო კიდეც მას. 25 წლის ზვიად სხირტლაძემ, ნინოს თქმით, “უსიერ ტყეში” შესანიშნავად აჩვენა თავი. რეჟისორი ხაზს უსვამს, რომ ამ მსახიობს შეუძლია რეჟისორს თავისი იდეები შესთავაზოს.

[ნინო შოთაძის ხმა] “მას მუშაობა უყვარს. ეს არის ადამიანი, რომელსაც, შეუძლია 24 საათი იმუშაოს. მე ვთვლი, რომ, ვთქვათ, პიესა გამოვიდა ცუდი. იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაიწყო და მას მომავალი ელოდება, მე ვარ ბედნიერი. შემდეგ პიესასაც ამ პრინციპით ვარჩევ: იქნებ 3 - 4 მსახიობი, რომელსაც არანაირი შანსი არა აქვს, მოვძებნო, დავეხმარო და დავანახვო, რომ კიდევ რაღაცის გაკეთება შეიძლება.” [სტილი დაცულია]

თვითონ ნინოს თავის დროზე შემთხვევით გაცნობილი ადამიანი დაეხმარა. ეს რამდენიმე წლი წინ მოხდა, როცა ის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა, საქართველოში კინოს გადაღების პერსპექტივას ვერ ხედავდა და ამიტომ პროფესიის შეცვლაზე ფიქრობდა. მეგობარმა თავისი გერმანელი სტუმრისთვის მეგზურობის გაწევა სთხოვა, სტუმარი კი მიუნხენის ჩეხოვის სახელობის თეატრალური სასწავლებლის ერთ-ერთი დამფუძნებელი აღმოჩნდა. მან ნინოს ამ სასწავლებელში ჩაბარება ურჩია და შეჰპირდა, რომ, თუ გერმანიაში ჩავიდოდა, იქ ცხოვრების პრობლემებს მოუგვარებდა. ნინო შოთაძეს ეს ყველაფერი თავიდან არასერიოზულად ეჩვენა, 6 თვის შემდეგ კი, როცა გერმანელმა ნაცნობმა დაურეკა და დაპირება შეახსენა, დარწმუნდა, რომ სერიოზულ წინადადებასთან ჰქონდა საქმე.
მიუნხენში ნინომ ისწავლა ის, რაც აქ ვერც სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ასწავლეს და ვერც თეატრალურ ინსტიტუტში.

[ნინო შოთაძის ხმა] “პატიოსნად გეტყვით, აქ ისე დავამთავრე ერთი უმაღლესი და ისე ვსწავლობდი მეორეში, რომ პროფესიის დაუფლება, ვერ გავიგე, რა არის. გავიგე, როგორ უნდა მეკითხა წიგნი, როგორ უნდა დამემუშავებინა ლიტერატურა. ჩემთვის იქ იყო აბსოლუტური შოკი ის, რომ ყველაზე უნიჭოსაც კი 5 წლის მანძილზე ხსნიან და, საბოლოოდ, ხედავ, რომ საქმე გაქვს ნიჭიერ და პროფესიონალ ადამიანთან.”[სტილი დაცულია]

ასეთ სასწავლებელში სწავლების პერიოდში ნინო შოთაძემ მიუნხენში 2 სპექტაკლი დადგა, ჰქონდა სამუშაოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ან მოსკოვში გადანაცვლების რეალური შანსი, მაგრამ მაინც სამშობლოში დაბრუნება არჩია. დაბრუნდა და აქ, სპექტაკლის დასადგმელად საჭირო ფინანსები რომ მოეპოვებინა, თბილისის ვალდორფის სკოლაში იმუშავა. ჩემს შეკითხვას, რა მიიღო ამ ყველაფრისგან, ნინომ ასე უპასუხა:

[ნინო შოთაძის ხმა] “მორჩა ხომ რეპეტიციები, გამოვიდა სპექტაკლი. წავალთ-წამოვალთ მსახიობი, კომპოზიტორი, მხატვარი, ვიკრებებით და გვსიამოვნებს ერთად ყოფნა. ამას წინათ მეუბნებოდა მსახიობი: განცდა მაქვს, რომ საკურორტო სეზონზე ვიყავიო, რომ საკურორტო რომანი მქონდაო, ეხლა დამთავრდაო ეს დასვენების სეზონი და მინდა ის დავიბრუნოო. “ [სტილი დაცულია]

რეჟისორი ნინო შოთაძე, მსახიობი ზვიად სხირტლაძე, მხატვარი ნინო ბურკაძე, კომპოზიტორი ნუკრი აბაშიძე და ფოტოგრაფი ირა აბჟანდაძე – აი, ამ ხუთი ადამიანის მუშაობის შედეგია ახალი სპექტაკლი “უსიერ ტყეში”, რომელთან დაკავშირებითაც ნინოს ყველაზე სერიოზულ კომპლიმენტად ეჩვენა აზრი, რომ ამ სპექტაკლში ძნელია გაარკვიო, სად იწყება მუსიკა და სად სრულდება, სად იწყება და მთავრება მხატვრობა ან როლი, რადგან ეს ყველაფერი ერთ მთლიანობას ქმნის. ნინო შოთაძე მომავალშიც დამწყებ მსახიობებთან აპირებს მუშაობას. გაიღოს სხვისთვის ის, რაც თავად დააკლდა – მისი პრინციპია. ახალ “საკურორტო სეზონს” ვუსურვებთ მას.

გადაცემის მეორე ნაწილში საუბარი ბავშვთა პროფილაქტიკურ-გამაჯანსაღებელ ცენტრზე გვექნება.
ეკა წამალაშვილი



ბავშვთა პროფილაქტიკურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი “მაუგლი” დაახლოებით 12 წელია საქმიანობს, თუმცა რეგისტრაციასა და ლიცენზირებასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული ფორმალობა სულ ახლახან მოაგვარა. ამ ცენტრისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია როგორც საზოგადოებაში, ისე პროფესიონალ ექიმთა წრეში. თავად “მაუგლიშიც”, ცხადია, პროფესიონალი ექიმები და მასაჟისტები მუშაობენ. მათი რამდენადმე არაორდინალური მეთოდები ბავშვთა მკურნალობისას ვისში სკეპტიკურ დამოკიდებულებას იწვევს, ვის ლამის უსაზღვრო ნდობას აღუძრავს, ვისთვის კი კატეგორიულად მიუღებელია. ცენტრის დირექტორი ქეთევან მერებაშვილი ასე განსაზღვრავს “მაუგლის” ადგილსა და ფუნქციას [მერებაშვილის ხმა]: “ჩვენი ცენტრი, “მაუგლი,” არის შუალედური რგოლი ოჯახსა და პედიატრებს შორის. ჩვენი მიზანია მაქსიმალური ცოდნა, განათლება მივცეთ დედას ბავშვის შესაძლებლობების შესახებ და არავითარ შემთხვევაში არ დავკარგოთ ის ძალზე ძვირად ღირებული დრო – დაბადებიდან ერთი, მაქსიმუმ სამი თვე – რათა მოგვიანებით არ იჩინოს თავი რაიმე დაავადებამ და არ დაყოვნდეს მისი პროფილაქტიკა ან მკურნალობა”.[სტილი დაცულია]

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ცენრტში სამ თვეზე მეტი ასაკის ბავშვის მიყვანას აზრი არა აქვს.

ქეთევან მერებაშვილი ჩვილ ბავშვთა მოვლისა და აღზრდის ათწლეულთა მანძილზე დამკვიდრებულ და ტრადიციად ქცეულ ჩვევებს ეჭვით უყურებს და მიიჩნევს, რომ მათ სასარგებლოდ სათანადო მოტივაცია არ არსებობს. ის ფიქრობს, რომ მშობლები ხშირად მოქმედებენ ჩვენში გავრცელებული მცდარი წარმოდგენებით ბავშვთა ფიზიოლოგიის შესახებ. ამიტომაც ცენტრის პროფილაქტიკური საქმიანობა ერთგვარ სამედიცინო განმანათლებლობასაც მოიცავს, რაც ტრადიციით ნამემკვიდრევი შეხედულებების უარყოფასაც გულისხმობს [მერებაშვილის ხმა]: “ჩვენმა მშობლებმა იცოდნენ, რომ არ შეიძლება ახალშობილი ბავშვის დაჯენა, მუცელზე წოლა, ფეხზე დაყენება; საკამათო საკითხია მატყუარა საწოვარას მიცემა და ა.შ. არის ჯერაც გაურკვეველი საკითხები, რომლებიც არასწორად გადმოგვეცა მამა-პაპისგან. ჩვენ ვასწავლით მშობლებს, რა გააკეთონ საიმისოდ, რომ არ განვითარდეს დისპლაზია, სამი-ოთხი წლის ასაკში არ გამრუდდეს ხერხემალი, სწორად იკვებებოდეს ბავშვი და გაკაჟდეს”.[სტილი დაცულია]

“მაუგლი” ბავშვთა ექიმების კრებულია, მათ არ გააჩნიათ პრეტენზია უნივერსალურ კომპეტენციაზე. ქეთევან მერებაშვილი ამბობს, რომ ისინი ბევრ სხვა ექიმთან, სამედიცინო-ანალიტიკურ ცენტრებთან არიან დაკავშირებული და ყველა პაციენტის მკურნალობას არ იჩემებენ [მერებაშვილის ხმა]: “თუ ბავშვი მკურნალობას საჭიროებს, გვაქვს კავშირები კარგ სპეციალისტებთან, რომლებიც ჩვენს პაციენტებს დახმარებას აღმოუჩენენ, მაგალითად, ქირურგიულს. თუ, ვთქვათ, ბავშვი იბადება გულის მანკით, ჩვენ აუცილებლად ვიყვანთ ასეთ პაციენტს არა იმიტომ, რომ გულის მანკი მოვარჩინოთ, არამედ საიმისოდ, რომ საოპერაციოდ მომზადდეს ან ოპერაციის შემდგომმა პერიოდმა ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიაროს” [სტილი დაცულია]. ცენტრის დირექტორის რწმუნებით, მათ შეუძლიათ ცერებრალური დამბლით შობილი ბავშვების შველა, თუ მათ დაბადებიდან უმოკლეს დროში მიუყვანენ.

“მაუგლის” მესვეურთა ერთი პრინციპი მედიკამენტოზური მკურნალობის უარყოფაა, თუ, ცხადია, ეს არ არის მკურნალობის ერთადერთი გზა. სწორედ ამიტომაც ეკიდება ამ ცენტრს ექიმების - განსაკუთრებით, პედიატრების -ნაწილი სკეპტიკურად. ქეთევან მერებაშვილს კი თავისი მოტივები და არგუმენტები აქვს წამლების წინააღმდეგ, რომელთაც ის ფიზიკური პროცედურებით ანაცვლებს [მერებაშვილის ხმა]: “ბავშვი დაიბადა ქალას შიდა წნევით, სამშობიარო ტრავმის ან ორსულობისას ჟანგბადის ნაკლებობის გამო; ამის გამო ბავშვი ერთი წლის მანძილზე მკურნალობს ნევროპათოლოგთან, იღებს შარდმდენ პრეპარატებს, რომლებიც ანგრევენ ბავშვის ორგანიზმს, შარდთან ერთად გამოდევნიან ორგანიზმისთვის აუცილებელ მინერალებს. ჩვენ შარდმდენს ვცვლით ელემენტარული ვარჯიშებით ანუ მოძრაობით: ქალას შიდა წნევა ჩვენს ბავშვებს არ აწუხებთ”.

უნდა ითქვას, განსაკუთრებით უჩვეულო “მაუგლიში” არაფერი ხდება: ექიმები აქ მიმართავენ ბავშვთა ჩვეულებრივ მასაჟს, რომელიც, ქეთევან მერებაშვილის თქმით, დინამიკური ვარჯიშებით არის გამდიდრებული. ამასთან, ბავშვის ასაკი მასაჟისა და ცურვის დასაწყებად, რაც შეიძლება, შემცირებულია [მერებაშვილის ხმა]: “დავუშვათ, ცურვაზე ბავშვები შეჰყავთ ან მასაჟს უწყებენ მხოლოდ სამი თვიდან. ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რაც ადრეული ასაკიდან იწყება მასაჟიც და ვარჯიშიც, მით უკეთესი შედეგები გვაქვს. საერთოდ, ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემის, რომ იტყვიან, ჩალაგება, ჩამოყალიბება, ჩასწორება ხდება ნულიდან სამი თვის განმავლობაში”.

ჰიპოკრატე, პირველი დიდი ექიმი კაცობრიობის ისტორიაში, ლაპარაკობდა პაციენტისადმი ექიმის დამოკიდებულებასა და ემოციურ თანაგანცდაზე. მომეჩვენა, რომ ეს განწყობა ქეთევან მერებაშვილმა თითქმის უკიდურესი ფორმით გამოხატა [მერებაშვილის ხმა]: “ნებისმიერ პაციენტს, რომელიც ჩემს განყოფილებაში შემოდის, მაშინვე ვაიგივებ ჩემ შვილთან. პაციენტში 100 პროცენტით უნდა “ჩაიდო”. ჩვენი შედეგების მიზეზი ესაა: ეს ბავშვი ჩემი შვილია და მე ის უნდა გადავარჩინო”.

ჩვენი გადაცემა ახალგაზრდულია და ამჯერად მისი ამ ნაწილის მსმენელად, უწინარესად, ის ახალგაზრდები გვეგულებიან, ვინც უკვე არის ან მომავალში გახდება მშობელი.
XS
SM
MD
LG