Accessibility links

logo-print

ცხრაწლიანი ველომოგზაურობის ფინიში


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი გინესის წიგნის უკვე ჩვიდმეტგზის რეკორდსმენისა და

დაუღალავი მოგზაურის ჯუმბერ ლეჟავას ცხრაწლიანი ოდისეა წარმატებით დასრულდა: 1993 წილს 13 აგვისტოდან 2002 წლის 3 ნოემბრამდე, ველოსიპედით და მარტოდმარტომ, კიდით-კიდემდე მოიარა მთელი სამყარო, ყველა კონტინენტი და 232 ქვეყანა, ათასობით ქალაქი, სოფელი და დასახლებული პუნქტი; დაძლია მრავალი დაბრკოლება და ხიფათი; ექსტრემალურ პირობებში, თოვლსა და ყინვაში, უდაბნოსა და ჯუნგლებში გაიარა 264 ათასი კილომეტრი და უვნებლად დაბრუნდა სამშობლოში - ცხრაწელშემატებული, მაგრამ გაუტეხელი, მრავალჭირგამოვლილი, მაგრამ ქუდბედიანი. მოგზაურობის პერიოდში – და, მით უმეტეს, ამ დღეებში, ასეთი წარმატებული ფინიშის შემდეგ - ჯუმბერ ლეჟავას საოცარ თავგადასავალს ღვთის ნებას, სასწაულსა და მისთანებს უკავშირებენ. თავად ბატონი ჯუმბერიც, როცა შორეული გზების დასალაშქრავად ემზადებოდა, ასეთ რამეს ამბობდა: “მე მორწმუნე ვარ. ამ მოგზაურობას უზენაესის დავალებით ვასრულებ. კლინიკური სიკვდილისას მივიღე ეს დავალება. უსიტყვოდ დავემორჩილე, ოღონდ ეჭვი გამოვთქვი, უკან დასაბრუნებელი გზის გამოვლა გამიჭირდება-ეთქი. პასუხად მომესმა: შენ ამ გზას დაძლევ და შეიძენ უდიდეს ენერგიას, რომელიც სამშობლოს უნდა მოახმარო.” ცხრა წლის შემდეგ ჯუმბერ ლეჟავა იმასვე იმეორებს და მიღწეულით უსაზღვროდ ბედნიერია.
მე კი იმას მოგახსენებთ, რომ ზეციური და იდუმალი ამბების განსჯა სპორტული მიმომხილველის საქმე არ არის. ამიტომაც ჩვენი პროგრამის პროფილს მივუბრუნდეთ და გინესის რეკორდების წიგნში ჩავიხედოთ: ხელებით აზიდვაში 12-გზის რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა, ახლა უკვე როგორც ველომოგზაური, კიდევ რამდენიმე რეკორდის ავტორი გახდა. და თუ ვინმე ამ რეკორდთა მოხსნას განიზრახავს, ჯერ 232 ქვეყანა და ამათი დედაქალაქები უნდა შემოიაროს, მერე კი ის დანარჩენი 6 ქვეყანა, რომლებმაც ქართველ მოგზაურს შესასვლელი ვიზა არ მისცეს. სხვა საქმეა, რომ მოგზაურობა, ტურიზმი, ექსკურსია და მისთანები სპორტული დისციპლინა სულაც არ გახლავთ და სპორტულობის საბუთად მხოლოდ რეკორდების არსებობა ვერ იკმარებს. ასე რომ იყოს, რეკორდების წიგნში შესული, ვთქვათ, ყველაზე მეტი რომანის ავტორი კეტლინ ლინდსეი ან ყველაზე ხანდაზმული საოპერო მომღერალი ჯოვანი მარტინელი სპორტსმენებად უნდა გამოვაცხადოთ, ლიტერატურა და მუსიკა კი - სპორტის სახეობად. ამათთან შედარებით, რა თქმა უნდა, ველომოგზაურობას სპორტთან ბევრი საერთო აქვს და ჯუმბერ ლეჟავას უნიკალური მიღწევაც, ძალაუნებურად, სპორტულ გამარჯვებასთან ასოცირდება. ალბათ, ამიტომაც მიანიჭეს საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება, თუმცა სპორტის დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, მავანისთვის საკამათო იყოს.
რაც შეეხება სპორტის ტრადიციულ და პოპულარულ სახეობებს, აქ ყველაფერი რიგზე ვერ არის და საპატიო წოდებებიც იშვიათად ნაწილდება. სამაგიეროდ, აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ბაზების გადანაწილების პროცესი. შედარებით უმნიშვნელო სპორტული დარბაზებისა და მოედნების უმეტესობა უკვე გასხვისებულია და კერძო მესაკუთრეთა ხელშია, ქვეყნის მთავარი სპორტული ნაგებობისათვის გადამწყვეტი ბრძოლები კი ჯერ კიდევ წინ არის. ბრძოლაში, მოგეხსენებათ, სამი რამ იმარჯვებს - ფული, ფული და ფული. რაკი ასეა, ბადრი პატარკაციშვილსა და მის პარტნიორებს, ალბათ, წინ ვერავინ დაუდგება. ამ დღეებში ქართულ პრესაში კვლავ გამოჩნდა ცნობები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის პატარკაციშვილისათვის შესაძლო მიყიდვის თაობაზე. ეს კი არა, ლაპარაკია პრივატიზაციის ეგრეთ წოდებულ “ნულოვან” ვარიანტზე, თუმცა თბილისის მერიაში ამას კატეგორიულად უარყოფენ. ეროვნული სტადიონის აქციათა საკონტროლო პაკეტი ჯერჯერობით სწორედ თბილისის მერიის ხელშია, დანარჩენს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სპორტსაზოგადოება “დინამო” ინაწილებენ. ამასობაში, სტადიონი და მთელი მისი ტერიტორია, ღობისგაღმა ტროტუარის ჩათვლით, ერთ დიდ ბაზრობად იქცა და აგერ უკვე მერამდენე წელია, ამ საქმეს საშველი არ დაადგა. თუ პრობლემა პრივატიზაციით მოგვარდება და ეროვნული სტადიონი, მართლაც, ეროვნულს დაემსგავსება, ამის წინააღმდეგ ვინ წავა, ოღონდ გამყიდველსაც და მომავალ მყიდველსაც ორი მთავარი პრინციპის დაცვა მოუწევს: სტადიონი აუქციონზე, რეალურ ფასად უნდა გაიყიდოს, მთავარ არენას და ტრიბუნებქვეშ განთავსებულ სპორტულ სარბიელს კი პროფილი შეუნარჩუნდეს. სპორტის შესახებ კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სპორტული ბაზის ფუნქციის შეცვლა დაუშვებელია.
სხვათა შორის, ევროპის საბჭოს დელეგაციის მონაწილეობით 27 ნოემბერს გაიმართება სპორტის კანონის საპარლამენტო მოსმენა. ევროპის საბჭოს სპორტის განვითარების ექსპერტ-დელეგატი თამაზ თევზაძე აცხადებს, რომ თბილისში ჩამოვლენ სპორტის ევროპული კანონმდებლობის ცნობილი სპეციალისტები, რომლებიც, საპარლამენტო მოსმენის შემდეგ თბილისის სპორტულ ბაზებს მოინახულებენ და არასამთავრობო სპორტულ ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შეხვდებიან.
(თამაზ თევზაძის ხმა). “სპორტის შესახებ საქართველოს კანონის საპარლამენტო მოსმენის მიზანია მოხდეს აზრთა გაზიარება სპორტის კანონის გარშემო, რომელიც ძალაში არის 1996 წლის 20 სექტემბრიდან. ანუ როგორ მუშაობს სპორტის კანონი. ევროპის საბჭოს ექსპერტები მოგვცემენ გარკვეულ რეკომენდაციებს, გამომდინარე ვეროპული სპორტის მართვის გამოცდილებიდან.”
XS
SM
MD
LG