Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა ერაყის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თავშეყრაზე ქაიროში გამოითქვა ვარაუდი, რომ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი აპირებს დადებითად გამოეპასუხოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.

ამის დამადასტურებელ ნიშნად გამოიყურება სადამ ჰუსეინის ვაჟის კუთვნილი ტელესადგურის ცნობა, რომ პრეზიდენტმა ეროვნული ასამბლეის საგანგებო სესია მოიწვია. თუმცა ეს საკანონმდებლო ორგანო ასი პროცენტით სადამის მორჩილიაპრეზიდენტი ზოგჯერ იყენებს პარლამენტს, როცა სურს თავისი პოლიტიკის ერთსულოვანი და საჯარო დადასტურება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების სფეროში კონდოლიზა რაისმა თქვა, რომ სასაცილოდ ჟღერს, რომ ჰუსეინმა პარლამენტის სესია მოიწვია მისი თანხმობის მისაღებად. აბსოლუტურ დიქტატორსა და ტირანს არაფერში სჭირდება საპარლამენტო დებატებიო, თქვა რაისმა.
ბუში, თუმცა იმედოვნებს, რომ ერაყის კრიზისი მშვიდობიანი გზით მოგვარდება, სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ არასამხედრო იარაღით ილაშქრებს. ერთ-ერთი მათგანია ფსიქოლოგიური ომი. გასულ კვირაში პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ თუ ერაყი საფრთხეში ჩააგდებს საკუთარი ან მეზობელი ქვეყნების მოქალაქეთა სიცოცხლეს, სერიოზულ.შედეგებს უნდა ელოდეს.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტი კენეთ ალარდი ამბობს, რომ ბუში აგრეთვე ერაყის სამხედრო ლიდერებს მოუწოდებს, არ დაუჭირონ მხარი პრეზიდენტს და ამით თავი გადაირჩინონ, ვინაიდან ქვეყნაში რეჟიმის შეცვლა გარდაუვალია.

[ალარდის ხმა] "მესიჯი ძალიან მარტივია: სადამ ჰუსეინი მკვდარია, მაგრამ დაუმარხავი. და სამხედრო ლიდერებმა ეს უნდა გაიაზრონ".

ალარდის აზრით, ზოგიერთ ამ სამხედრო ლიდერთან პირადი კონტაქტებია დამყარებული.
[ალარდის ხმა] "ვფიქრობ საჭიროა ხაზგასმა იმ ფაქტისთვის, რომ ჩვენ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, ვიცით ვინ არის მათი ოჯახები და თუ მათ საკუთარი თავისა და ოჯახების დარდი აქვთ, ურჩევნიათ ახლა სადამ ჰუსეინს დახმარების ხელი არ გაუწოდონ."

მტერზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენა ისეთივე ძველი მეთოდია, როგორც თვით ომი. ჯერ კიდევს 1000 წლის წინათ, ჩინგის ხანი აგზავნიდან თავისი არმიის წინ დღევანდელი ტერმინოლოგიით ,გავლენის აგენტებს, რომლებიც აზვიადებდნენ რა ურდოს რიცხვსა და მის სიმხეცეს, არწმუნებდნენ მოწინააღმდეგეს, რომ დანებება ჯობია.

მაგრამ ფსიქოლოგიური იარაღი ყოველთვის დაშინების მიზნებით არ გამოიყენებოდა. ზოგჯერ ის დაპსრობილი ხალხების მორალის გამაგრებასა და განთავისუფლების იმედის გაღვიძებას ემსახურებოდა.
მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ დაპყრობილი ქვეყნების – საფრანგეთის, იტალიისა და ნიდერლანდების ხალხებს – გულის გასამაგრებლად თვითმფრინავებიდან სიგარეტს, ჩაის, ყავასა თუ შოკოლადს უყრიდნენ.

ბუში ხშირად იმეორებს ერაყის მოქალაქეთა მისამართით, რომ მათ დაპყრობას კი არ აპირებს, არამედ განთავისუფლებას.

[ბუშის ხმა] "ერაყელებს შეიძლება დღევანდელზე უკეთესი ცხოვრება ექნეთ. არსებობს უკეთესი ალტერნატივა იმისა, ვინც ხელისუფლების სათავეში დასარჩენად მიმართავს ძალადობას, დასახიჩრებასა და მკვლელობას," თქვა ბუშმა ხუთშაბათს სატელევიზიო გამოსვლაში. მეორე დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა მსგავსი მოწოდებით მიმართა ერაყის მოსახლეობას:

[ბლერის ხმა] "რაც უნდა მოხდეს, ერაყის ტერიტორიული მთლიანობა არ დაირღვევა. რაც უნდა მოხდეს ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ერაყის ხალხს უკეთესი მომავლი ჰქონდეს."

ერაყის მოსახლებამ საკუთარი გამოცდილებიდან იცის ამ დაპირებების ფასი. 1991 წელს სპარსეთის ყურის ომის მიწურულს კოალიციამ, რომელსაც შეერთებული შტატები ედგა სათავეში, მოუწოდა შიიტებს ერაყის სამხრეთით და ქურთებს ჩრდილოეთით ამბოხებულიყვნენ და ჩამოეგდოთ სადამ ჰუსეინი.
შიიტები და ქურთები აღსდგნენ, მაგრამ კოალიციამ გადაიფიქრა და მეამბოხეებს ზურგი შეაქცია.

ალარდი დარწმუნებულია, რომ დღეს ასეთი უხეში შეცდომა არ იქნება დაშვებული. ბოლოს და ბოლოს არსებობს ფსიქოლოგიური ომის წარმოების რამდენიმე მარტივი წესი, რომელთა დარღვევა არავითარ შემთხვეაში არ შეიძლება. ერთ-ერთი მათგანია: "შეასრულე ყველა დაპირება და თუ არა ხარ დარწმუნებული, რომ შეასრულებ ნუ დაჰპირდები."
XS
SM
MD
LG