Accessibility links

logo-print

დსთ-ს სივრცეში არსებული კონფლიქტები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი აფხაზეთის კონფლიქტი ერთადერთი არ გახლავთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში. ყოფილი სამხრეთ ოსეთი, მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი, ტაჯიკეთი,

ჩეჩნეთი – ასეთია გაყინული კონფლიქტების თუ ცხელი წერტილების ჩამონათვალი. რა აერთიანებთ და რით განსხვავდებიან ეს კონფლიქტები ერთმანეთისგან?

იმ მკვლევართა საწინააღმდეგოდ, რომლებიც კონფლიქტური სიტუაციის შექმნას საბჭოთა კავშირის დაშლას უკავშირებენ, საკმარისია ყველაზე “ხანდაზმული” მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გახსენება: 1988 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამდე სამი წელი იყო დარჩენილი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ყარაბაღის მოსახლეობისთვის გაეკეთებინა განცხადება აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ. პოსტსაბჭოთა კონფლიქტები 1991 წლიდან დაიწყო. ჯერ იყო კონფლიქტი ყოფილ სამხრეთ ოსეთში, შემდეგ – დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის კონფლიქტები, სამოქალაქო ომი ტაჯიკეთში და სულ ბოლოს, 1994 წელს - კონფლიქტი ჩეჩნეთში.
დღეს შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტების უმრავლესობა, ჩეჩნეთის გარდა, გაყინულ მდგომარეობაშია და მხოლოდ პერიოდულად დგება დღის წესრიგში საუბარი კონკრეტული კონფლიქტის სამშვიდობო პროცესის გააქტიურების აუცილებლობის თაობაზე. თუმცა რაიმე ხელშესახები პროგრესი ჯერჯერობით არც ერთი მიმართულებით არ შეიმჩნევა. უშედეგობას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: უპირველესად, წლების გასვლის მიუხედავად, დაპირისპირებულთა პოზიციის კიდევ უფრო დაშორება ერთმანეთისგან და, შესაბამისად, სამშვიდობო მოლაპარაკებების უპერსპექტივობა. მართლაც, რა მოლაპარაკებაზე შეიძლება საუბარი, როცა, დავუშვათ, მთიანი ყარაბაღი საკუთარ მომავალს ან დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსში ხედავს ან, უკიდურეს შემთხვევაში, სომხეთის შემადგენლობაში, მაშინ, როცა აზერბაიჯანი ერთმნიშვნელოვნად აყენებს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს. გარდა ამისა, მხარეთა მიერ კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გზის ოფიციალურად აღიარების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ტერიტორიადაკარგულები მაინც არ კარგავენ სამხედრო ძალის გამოყენებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედს. ასეთი განცხადებები განსაკუთრებით ხშირდება სხვადასხვა დონის არჩევნების მოახლოებასთან ერთად. რასაკვირველია, არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ეს მხოლოდ განცხადებაა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ განცხადებები ომის გზით დაკარგულის ომის გზითვე დაბრუნების შესახებ, მთლიანობაში, კიდევ უფრო აძნელებს დაპირისპირებულთა შორის ნდობის აღდგენას. სხვათა შორის, ყარაბაღის კონფლიქტი ერთადერთია დსთ-ს სივრცეში არსებულ კონფლიქტებს შორის, რომელშიც რუსეთის სამშვიდობო ნაწილები არანაირად არ მონაწილეობენ. ყველა სხვა გაყინულ კონფლიქტში – იქნება ეს აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი თუ ტაჯიკეთი – რუსეთის შეიარაღებული ნაწილები,ე.წ. ცისფერჩაფხუტიანები, წლების განმავლობაში ასრულებენ კონფლიქტის მონაწილეთა შორის თავისებური წყალგამყოფის როლს. გარდა რუსეთისა, კონფლიქტების სამშვიდობო პროცესის გააქტიურებაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ჩართულნი – როგორც წესი, ან გაერო, ან ეუთო. ერთადერთი კონფლიქტური კერა, რომლის მოგვარებაშიც ჯერჯერობით არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ არის ჩართული – ეს ჩეჩნეთის კონფლიქტი გახლავთ.
გასული კვირის ბოლოს პრეზიდენტმა პუტინმა ჩეჩნეთის წარმომადგენლებთან კრემლში შეხვედრისას განაცხადა, რომ ყველა, ვინც მხარს უჭერს მოლაპარაკების გამართვას ასლან მასხადოვთან, ტერორიზმის მხარდამჭერად განიხილება და რომ ჩეჩნები ვეღარ ეღირსებიან მეორე ხასავიურტს. სხვათა შორის, ხასავიურტის შეთანხმება, რომელსაც 1996 წელს ხელი მასხადოვმა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მაშინდელმა მდივანმა გენერალმა ლებედმა მოაწერეს, ითვალისწინებდა: ჩეჩნეთიდან რუსეთის შეიარაღებული ნაწილების გაყვანას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას და 2001 წლამდე ჩეჩნეთის სტატუსის განსაზღვრის გადატანას. სხვათა შორის, ამ ხელშეკრულებას ხელი მას შემდეგ მოეწერა, რაც ჩეჩენმა ამბოხებულებმა გროზნო აიღეს.
11 ნოემბერს გავრცელდა ასლან მასხადოვის განცხადება, რომ იგი მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, წინაპირობების გარეშე.
XS
SM
MD
LG