Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისის მიზეზები


არავისთვისაა სიახლე, რომ საქართველოს ენერგოსისტემა მწვავე კრიზისს განიცდის და რომ ეს მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. მიუხედავად სისტემაში განხორციელებული

პრივატიზაციისა და ინვესტიციების შთამბეჭდავი მოცულობისა, გროვდება სულ უფრო მეტი პრობლემები, რომელთა გადაჭრის ნაცვლად, სისტემის სუბიექტები ურთიერთგადაბრალების გზით ცდილობენ თავის მართლებას. ვინ არის დამნაშავე, ანუ რა არის ელექტროკრიზისის რეალური მიზეზები?

ენგურჰესის ავარიული გამორთვის შემდეგ საქართველოს ელექტროსისტემაში შექმნილი კრიზისის შემსუბუქება ისევ ენგურჰესის ნაწილობრივი ამუშავებით მოხერხდა. თბილისში სოციალური აფეთქების თუ სამთავრობო სკამების დაკარგვის შიშით შეწუხებულმა ხელისუფლებამ, დანარჩენი საქართველოს ჩაბნელების ხარჯზე, დედაქალაქის ცენტრალური რაიონების განათება შეძლო. თუმცა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და გაზაფხულის წვიმების დაწყებამდე, როცა ჰიდროელექტროსადგურები წყლით ივსება, საჭიროა თბოელექტროგენერაციის ამოქმედება ან კიდევ დენის იმპორტის განხორციელება. სისტემის ამ სეგმენტის მფლობელი უცხოელი ინვესტორები კი დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდებიან გარდაუვალი რეალობით ნაკარნახევი ვალდებულების შესრულებას.

თბილისის თბოელექტროსადგურის მოქმედი მეცხრე ენერგობლოკის მფლობელი AES კორპორაცია ბლოკის ასამუშავებლად საჭირო ბუნებრივი აირის შესაძენი თანხების სიმწირეს უჩივის და ხელს საბითუმო ბაზრისკენ იშვერს. ესპანეთის კომპანიის მმართველობაში გადასული საბითუმო ბაზარიც უსახსრობას იმიზეზებს და თანხების გადაუხდელობაში „AES თელასს“ ადანაშაულებს. ენერგეტიკის სამინისტრო კი ენერგოკრიზისში ხან ერთ და ხან მეორე უცხოელ ინვესტორის სდებს ბრალს. 11 ნოემბერს ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას სისტემაში არსებული მდგომარეობა ასე ახსნა:
[მირცხულავას ხმა] „დღეს მიწოდება იყო 1200 მეგავატი. მე მინდა, რომ კითხვა დავუსვა საბითუმო ბაზარს: 1200 მეგავატიდან რამდენი იყიდება? ეხლა თუ ყიდი 300 მეგავატს, მე არა ვარ ნორმალური მენეჯერი, ან ბაზარი არ არის ნორმალური მენეჯერი და ყიდის დღეს 30%-ს. ამიტომ გადახდის პრობლემაა და დღეს, როცა ნორმალური სიტუაციაა სისტემაში, არის გადახდის პრობლემა და არა ენერგიის, იმიტომ რომ ჩვენ კავკასიონი აღვადგინეთ და შემოვიტანთ ნებისმიერი რაოდენობის ენერგიას.“[სტილი დაცულია]

ენერგეტიკის მინისტრის კარგ მუშაობას უსვამს ხაზს პრეზიდენტი შევარდნაძე 11 ნოემბრის ტრადიციულ რადიოინტერვიუში; ამასთან, ელექტროსირთულეების დაძლევის თვალსაზრისით, სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევს და აღნიშნავს: ენერგორესურსების მხრივ, ზამთრისთვის კარგად ვართ მომზადებულიო. თუმცა ჰიდრორესურსების სიჭარბე უფრო ბუნების დამსახურებაა, ვიდრე ქართველი ჩინოვნიკების ძალისხმევისა. არც ეს რესურსებია შეუზღუდავი, მით უმეტეს, რომ ტექნიკის გაუმართაობის გამო მისი სათანადო ათვისებაც ვერ ხერხდება და ზაფხულის პერიოდში ყოველთვიურად 10-15 მილიონი დოლარის წყალი იღვრებოდა. მიუხედავად ამისა, შევარდნაძე ენერგოსექტორის სირთულეებს სულ სხვაგან ხედავს:

[შევარდნაძის ხმა] „სერიოზული საფინანსო სირთულეები შეექმნა „AES თელასს,“ რომელმაც 99 წლიდან თითქმის 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და მთელი ეს დამპალი სისტემა გამოიცვალა. ჯერ კიდევ არის შანსი, ეს კომპანია დარჩეს; გამოვიზამთრებთ და მერე იქნებ გარკვეული ცვლილებები მოხდეს მაგათ საფინანსო მდგომარეობაში.“

ენერგეტიკის მესვეურთა სერიოზული ოპოზიციის - ენერგეტიკოსთა კავშირის - ლიდერი მირონ ფირცხელანი შექმნილ მდგომარეობაში ოპტიმისტურს ვერაფერს ხედავს და კრიზისის გამომწვევ მიზეზებს სახელმწიფო პოლიტიკაში ეძებს:

[ფირცხელანის ხმა] „თუკი ეს პოლიტიკა გაგრძელდება, რომელიც აქამდე მიდიოდა ენერგეტიკაში და ვხედავთ, რომ ჯერჯერობით გრძელდება, პერსპექტივა არის ის, რომ კიდევ უარესი მდგომარეობა გვექნება.“[სტილი დაცულია]
XS
SM
MD
LG