Accessibility links

logo-print

რუსეთისა და ევროპის კავშირის სამიტის მთავარი თემა კალინინგრადის ოლქი და ჩეჩნეთი იყო


ორშაბათს, 11 ნოემბერს, ბრიუსელში რუსეთის პრეზიდენტი ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამ სამიტისგან ბევრს მოელოდნენ, რადგან განსახილველი იყო ორი მეტად

მნიშვნელოვანი საკითხი - კალინინგრადის ოლქის მცხოვრებთა ვიზის პრობლემა და რუსეთის პოლიტიკა ჩეჩნეთში.

სამიტის მონაწილეთათვის ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ “ამნესტი იტერნეშნელმა” ორშაბათს დილითვე მოამზადა საგანგებო მოწოდება, რომელშიც ის ევროპის კავშირისგან ჩეჩნეთში რუსეთის პოლიტიკისადმი მკაცრ მიდგომას მოითხოვს. “ამნესტი” მოსკოვში მომხდარი მძევლების ამბის შემდეგ რუსეთის მიერ განახლებული ეგრეთ წოდებული ანტიტერორისტული იერიშის შედეგებით განსაკუთრებით არის შეშფოთებული, რადგან ეს კამპანია ადამიანის უფლებების უკიდურეს დარღვევასთანაა დაკავშირებული არამარტო ჩეჩნეთში. “ამნესტი ინტერნეშნელი,” სხათა შორის, რუსეთის მთავრობისგან მოითხოვს მძევლების საქმის ობიექტურ გამოძიებას და ყველა დაღუპულის სიკვდილის მიზეზის გარკვევას, ამასთანავე - დამნაშავეთა დასჯას.

სამიტზე პუტინმა მოითხოვა, რომ ჩეჩნეთში ტერორისტების ქმედებას ისეთივე კვალიფიკაცია მიეცეს, როგორც მსოფლიოს სხვა ნაწილებში. მან გააფრთხილა დასავლეთი, რომ რადიკალი ისლამისტები მსოფლიო სახალიფოს შექმნას ლამობენ.

ბრიუსელის ევროკავშირის რაიონში ჩეჩენმა მოქალაქეებმა გამართეს მიტინგი და თავიანთ სამშობლოში მშვიდობის დამყარება მოითხოვეს. შეკრებილები გაჰყვიროდნენ ლოზუნგს: “პუტინი - ტერორისტი”. მათ ევროპის კავშირს მოსთხოვეს, ისეთივე ყურადღება მიაქციოს ჩეჩნეთის ომს, როგორც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს. ჩეჩნეთის სეპარატისტული მთავრობის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ომარ ხანბიევმა ორშაბათს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

[ხანბიევის ხმა] “მძევლების აყვანა და ხალხის ხოცვა ჩეჩნეთში ჩვეულებრივი მოვლენაა რუსეთის ჯარის მხრივ და ამაში გასაკვირი არაფერია. თუ გსურთ იცოდეთ, ის, რაც მოსკოვში მოხდა, იმის მინიატურული ვარიანტია, რაც ჩეჩნეთში ხდება. ამიტომ ერთი მხარის დადანაშაულება და იმის დამალვა, რას აკეთებს მეორე, არ არის საკითხის მოგვარებისა და მშვიდობისკენ სწრაფვა.”

ხანბიევმა ბრიუსელში მზადყოფნა გამოთქვა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, რაზეც, როგორ ცნობილია, მოსკოვი ცივ უარს აცხადებს. ჯერ ისევ ხანბიევს მოუსმინეთ:

[ხანბიევის ხმა] “მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხარეს, პუტინისა და მთავრობის ჩათვლით, ბრალს ვდებთ - ვამბობთ, რომ ისინი ჩეჩნეთში ტერორის უშუალო მონაწილეები არიან, მიუხედავად ამისა, ჩვენ სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, თუმცა ეს ძალიან ძნელია. მაგრამ მეორე მხარისგან იმის მომიზეზება, რომ მასხადოვი ვიღაცასთან არის დაკავშირებული, არ არის კონსტრუქციული მიდგომა.”

იმავე ბრიუსელში რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის, მრჩეველი სერგეი იასტრჟემბსკი უფრო კატეგორიულად გამოხატავს კრემლის უკომპრომისო პოზიციას:

[იასტრჟემბსკის ხმა] “არაერთი სატელეფონო საუბარი ბანდიტებსა და მასხადოვის ხალხს შორის, ასევე ბარაევის ინტერვიუები მუსიკალურ ცენტრში ჟურნალისტებთან, ადასტურებს, რომ ამ ტერორისტული აქტის უკან მასხადოვი დგას. მასხადოვმა თვითონ მოიჭრა გზა ყოველგვარი პოლიტიკური პროცესისკენ”.

ორშაბათს ასლან მასხადოვმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ის მზად არის, ჩეჩნეთში ომის დამთავრების მიზნით, რუსეთის ხელისუფლებას უპირობო პოლიტიკური დიალოგი შესთავაზოს, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი მას მკვლელს უწოდებს.

ბრიუსელში შეკრებილებმა კალინინგრადის ოლქის მცხოვრებთათვის საგანგებო სავიზო რეჟიმის პრობლემაზე მოილაპარაკეს და მორიგდნენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის შემადგენლობაში მყოფი კალინინგრადის, ყოფილი კიონიგსბერგის, ოლქს უშუალო საზღვარი რუსეთთან არა აქვს. სულ მალე კი ის ევროპის კავშირის ქვეყნებით შეიძლება აღმოჩნდეს გარშემორტყმული და მის მოქალაქეებს შენგენის ქვეყნების ვიზის გარეშე რუსეთში ჩასვლა გაუძნელდეთ. იმისათვის, რომ გადაადგილების ეს უფლება არ დაირღვეს, ევროპის კავშირი კომპრომისს - ამ მოქალაქეთათვის საგანგებო პირობების შექმნას ესწრაფოდა.
XS
SM
MD
LG