Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი საავიაციო ფირმა კავკასიაში საქმიანობას იმედით იწყებს


სამხრეთ კავკასიაში ვაჭრობისა და მეწარმეობის განვითარებას ხელს ბევრი რამ უშლის. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს არიან წაკიდებული მთიანი ყარაბაღის გამო,

საქართველოს ხელისუფლებას რეგიონების დამორჩილება უჭირს, და სხვა. ამ დროს გამოჩნდა ახალი ფირმა, რომელიც, სირთულეების მიუხედავად, მზად არის, რისკი გასწიოს და კავკასიაში სატრანსპორტო სფეროში, კერძოდ კი ავიაციაში, აქტიურ ჩარევას აპირებს. ლაპარაკია კომპანია "კოკაზუს ერლაინსზე", ანუ "კავკასიის ავიახაზებზე", რომელშიც ფული ამერიკელმა ინვესტორებმა ჩადეს და რომელიც ნოემბრის დასაწყისში ამუშავდა. ამ სიახლეს უკვე გამოეხმაურა უცხოეთის მასმედია – საინტერნეტო გამოცემა “იურეიჟა ვიუ”, ჩვენ კი ტელეფონით დავუკავშირდით ავიაკომპანიის გენერალურ მენეჯერს.

ახალ ავიაკომპანიას, რომელიც კავკასიის სატრანსპორტო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას ცდილობს, დიდი კონკურენცია არ ემუქრება: საქმე ის არის, რომ “კავკასიის ავიახაზები” ასრულებს რეისებს თბილისსა და ბაქოს, ასევე თბილისსა და ერევანს შორის. მის ამოქმედებამდე კი თბილისსა და ბაქოს შორის კვირაში მხოლოდ სამი რეისი არსებობდა და ისიც რუსული წარმოების "იაკ-40"-ის ტიპის თვითმფრინავებით, რომელთაც დასავლელი ბიზნესმენები, ზოგადად, უსაფრთხო მგზავრობის მოსურნენი, თავს არიდებენ. რაც შეეხება “კავკასიის ავიახაზებს”, ის იყენებს ბრაზილიური წარმოების “ემბრერებს” და ამ 30-ადგილიანი თვითმფრინავებით ასრულებს კვირაში ხუთ რეისს მარშრუტით თბილისი-ერევანი, ხოლო კვირაში სამს – თბილისი-ბაქოს მარშრუტით. როგორც ავიაკომპანია “კავკასიის ავიახაზების” გენერალური მენეჯერის, გიორგი ლაშხიასაგან შევიტყეთ, “ემბრერი” მაღალი უსაფრთხოებით და ეკონომიურობით გამოირჩევა და ფართოდ არის გამოყენებული როგორც ამერიკაში, ისე ევროპის ქვეყნებში. თუმცა, გიორგი ლაშხია იმასაც აღნიშნავს, რომ: [ლაშხიას ხმა] “რა თვითმფრინავს იყენებ, საავიაციო ინდუსტრიაში ეს არ განაპირობებს იმას, რამდენად უსაფრთხოა თვითონ ავიაკომპანია. დღევანდელ დღეს სტანდარტების მიხედვით, ყველას მაღალი უსაფრთხოების სისტემები აქვს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ოპერატორზე – ვინც ამ თვითმფრინავს ექსპლუატაციას უწევს და კომერციულ საქმიანობას აწარმოებს – არის დამოკიდებული ძალიან ბევრი, რამდენად უსაფრთხოა ფრენა და მთელი პროცედურები.”

ამ მხრივ “კავკასიის ავიახაზებმა” დიდი დახმარება მიიღო აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტისაგან, კომპანიებისაგან, სადაც სტაჟირება გაიარეს “კავკასიის ავიახაზების” თანამშრომლებმა.

როგორც ვარაუდობენ, “კავკასიის ავიახაზებს” წარმატებას არა მარტო უსაფრთხოების საკითხი უქადის: მისი რეისები მკვეთრად შეამცირებს მგზავრობის დროს. თუ ბიზნესმენს, ან ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელს თბილისიდან ბაქოში ავტომანქანით ჩასასვლელად 6 საათი სჭირდება, თვითმფრინავით იმავე მანძილს იგი სულ 55 წუთში დაფარავს, ხოლო თბილისიდან ერევანში მგზავრობას 5 საათის მაგივრად 35 წუთს მოანდომებს. რაც შეეხება ფასებს, გიორგი ლაშხიას თქმით: [ლაშხიას ხმა] “ფასები განსხვავებულია უცხოელებისათვის და დსთ-ის ქვეყნების მოქალაქეებისათვის. თბილისი-ბაქო უცხოელი მოქალაქისათვის ღირს 200 დოლარი, დსთ-ის მოქალაქისათვის – 100 დოლარი.”

ავიაკომპანია იმედოვნებს, ითვალისწინებს რა კავკასიაში ამერიკელების ხელშეწყობით დაგეგმილი არაერთი პროექტის ამოქმედებას, რომ მგზავრები საკმაოდ ეყოლება. და თუ ეს იმედი გამართლდა, უკვე ამოქმედებულ რეისებს, შესაძლოა, ბათუმში ფრენა და ჩარტერული რეისები დაემატოს, საჭიროების შემთხვევაში, გაიზარდოს ბაქოში რეისების რაოდენობა.

“კავკასიის აეროხაზების” გენერალური დირექტორია რობერტ ქრისჩენი, ვიეტნამის ომის ვეტერანი, რომელიც მფრინავად მსახურობდა ამერიკის არმიაში. ქრისჩენს მცირე ავიაციის სფეროში დიდი გამოცდილება აქვს და მთავრობის ხელშეწყობით სარგებლობს. როგორც “იურეიჟა ვიუ” იუწყება, ქრისჩენის ფირმას სახსრები გამოუყო “შეერთებული შტატების კერძო ოკეანისგაღმა საინვესტიციო კორპორაციამ”, მასთან ერთად კი ორმა ფირმამ, რომელიც სისტემატურად იღებს შეკვეთებს თავდაცვის სამინისტროსგან. ქრისჩენს მხარში ამოუდგა საქართველოს მთავრობაც, რომელმაც არაერთი წინააღმდეგობა მოუხსნა ახალ ფირმას. “კავკასიის აეროხაზები” გადასახადის მხოლოდ ნაწილს გადაიხდის და ნება მიეცემა, გამოიყენოს ის საჰაერო მარშრუტები, რომლებზე ფრენის განსაკუთრებული უფლებით აქამდე მხოლოდ “აირზენა” სარგებლობდა.

დაბოლოს, როგორც გიორგი ლაშხია ამბობს, ახალ ავიაკომპანიაში წარმატების იმედს სხვა გარემოებაც განაპირობებს: [ლაშხიას ხმა]: “საავიაციო ბაზაზე არსებობს გარკვეული ვაკუუმი ამ რეგიონში, რომელიც შესავსებია და ჩვენ ჩვენს თავს ვხედავთ ამ ვაკუუმის შემავსებლად. აი, მოგეხსენებათ, რომ საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და ერევანს შორის შეწყდა ათი წლის წინათ და ამის შემდეგ რეისები აღარ ყოფილა.”

ეს ვაკუუმი “კავკასიის ავიახაზებმა” უკვე ამოავსო: მან პირველი რეისი 4 ნოემბერს თბილისი-ერევნის მიმართულებით შეასრულა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG