Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტმა ერთხმად უარყო გაეროს რეზოლუცია


ანდრო ეული, პრაღა 12 ნოემბრის სხდომაზე ერაყის პარლამენტმა ერთხმად უარყო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ერაყში განიარაღების საერთაშორისო ექსპერტთა საქმიანობის განახლებას ითვალისწინებს,

თანაც შეუზღუდავი უფლებებით. მაგრამ, როგორც პარლამენტის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, საბოლოო გადაწყვეტილება გაეროს რეზოლუციასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს რევოლუციური სარდლობის საბჭომ, რომელსაც პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი თავმჯდომარეობს. ბაღდადმა გაეროს 15 ნოემბრამდე უნდა გასცეს პასუხი.

ვიდრე კენჭისყრა გაიმართებოდა, ერაყელმა კანონმდებლებმა მკაცრად გააკრიტიკეს გაეროს რეზოლუცია. თუმცა სადამ ჰუსეინის ვაჟმა უდაიმ, სამშაბათს დილით, დეპუტატებს რეზოლუციის მიღება ურჩია.

პარლამენტის თავმჯდომარემ საადუნ ჰამადიმ გაეროს რეზოლუციას "პროვოკაციული, შემაცდენელი და ომის პრეამბულა" უწოდა. პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ სალიმ ალ-ყუბაისიმ დეპუტატებს ურჩია, უარყონ გაეროს რეზოლუცია, თანაც წამოაყენა წინადადება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე "ერაყის ბრძენმა ხელმძღვანელობამ" მიიღოს ერაყელი ხალხის დაცვისა და ქვეყნის ღირსების ინტერესებიდან გამომდინარე.

"კომიტეტის აზრით, უარყოფილ უნდა იქნეს უშიშროების საბჭოს 1141-ე რეზოლუცია" – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე ალ-ყუბაისიმ.

თუ სადამ ჰუსეინი გაეროს რეზოლუციას არ დაემორჩილა, პენტაგონის გეგმის თანახმად, ერაყში 200 000-კაციანი ჯარი ინტერვენციას განახორციელებს.

გასული კვირის ბოლოს, ეგვიპტეში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე, არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სადამ ჰუსეინს მოუწოდეს, მიიღოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია და მოითხოვეს, რომ განიარაღების საერთაშორისო კომისიაში არაბი ექსპერტებიც შეიყვანონ. ეს მოთხოვნა უწინ თავად ბაღდადსაც არაერთხელ გამოუთქვამს, მაგრამ მას შეერთებული შტატები "გაეროთი მანიპულირების მიუღებელ მცდელობად" ნათლავდა. ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა კონდოლიზა რაისმა ურჩია ბაღდადს, "თავი შეიკავოს კატა-თაგვობანას თამაშისგან" და განუხრელად შეასრულოს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია.

ამასობაში, საფრანგეთმა განაცხადა, რომ თუ სადამ ჰუსეინი არ მოისურვებს გაეროს განიარაღების ექსპერტებთან თანამშრომლობას, ერაყის წინააღმდეგ ძალა იქნება გამოყენებული. "თუ იგი უარს იტყვის და არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მაშინ ძალის გამოყენებას ვეღარაფერი დაუდგება წინო" – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ დე ვილპენმა.
XS
SM
MD
LG