Accessibility links

logo-print

ბოლო დროის ყველაზე სკანდალური ფილმის პრემიერა თბილისში


საქართველო არც ჩინეთია, არც შუა აზიის რომელიმე რესპუბლიკა, არც სინგაპური... - ის ქვეყნები, სადაც აიკრძალა ავსტრიელი რეჟისორის მიხაელ ხანეკეს ფილმის, “პიანისტი ქალის,” ჩვენება.

კანის კინოფესტივალის სამი პრიზით აღნიშნული, 2001 წლის ყველაზე სკანდალური სურათის პრემიერა ორშაბათს მოეწყო თბილისში.

კინოთეატრ “ამირანში”, სადაც 10 ნოემბერს, ღამის სეანსზე, “პიანისტი ქალის” პრემიერა გაიმართა, გამოკრულია თბილისისთვის საკმაოდ უჩვეულო აფიშა – “მაყურებელი 21 წლამდე სეანსზე არ დაიშვება”. როგორც ჩანს, კინოთეატრის ხელმძღვანელობამ ასაკობრივი ცენზის ამერიკულ მოდელს მიანიჭა უპირატესობა, რადგან საფრანგეთში, მაგალითად, “პიანისტი ქალის” სანახავად მხოლოდ 16 წლამდე მაყურებელს არ უშვებდნენ. საქართველოში კანონით ნებადართულია ქორწინება 16 წლის ასაკში, ამიტომ მაყურებელს აუცილებლად გაუჩნდება კითხვა: “რა ხდება ამისთანა მიხაელ ხანეკეს ფილმში, რომ მისი ნახვა, დავუშვათ, გათხოვილ გოგონებს ეკრძალებათ”. ასეთი კითხვა კი ქმნის “აკრძალული ხილის ეფექტს”, რომელიც, რა თქმა უნდა, მიიზიდავს “ფართო მასებს” “ამირანში” და კინოთეატრის დირექციაც აუცილებლად მოგებული დარჩება. მაგრამ საქმეც ისაა, რომ “პიანისტი ქალი” არც “ფართო მასებისთვისაა” განკუთვნილი. რომელიღაც ფრანგმა კრიტიკოსმა ხანეკეს ფილმს “პორნო ინტელექტუალებისა და ესთეტებისთვის” უწოდა, იმის გათვალისწინებით, რომ ავსტრიელი რეჟისორი აქ სწორედ ინტელექტუალების პროვოცირებას ცდილობს - ამტკიცებს, რომ ევროპულ კულტურას ფსიქოპატები ქმნიან; კერძოდ, მუსიკალური აღზრდის სისტემა, რომლითაც ასე ამაყობენ ავსტრიელები, სადომაზოხისტურია თავისი არსით, პერვერსიაა, ადამიანის უფლებების შელახვაა. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე ცხოვრობს სურათის მთავარი გმირი, კონსერვატორიის პროფესორი ქალი, იზაბელ იუპერის შესრულებით; დღისით თავის მოწაფეებს შუბერტისა და შოპენის დაკვრას ასწავლის, მერე სექსშოპებში გაივლის ხოლმე, დღის ბოლოს მოხუც დედასთან იყოფს სარეცელს, საწოლის ქვეშ კი სადომაზოხისტური სათამაშოები უწყვია... გაიცნობს ახალგაზრდა კაცს, რომელიც ჯერ მისი მოწაფე ხდება, მერე კი სასურველი პარტნიორი სადომაზოხისტურ თამაშებში... მაგრამ კაცებს ხომ არ მოსწონთ, როცა სექსუალურ თამაშებში დირიჟორის როლს ქალები ასრულებენ ხოლმე...

თბილისში კი არა, თვით კანის კინოფესტივალზეც მაყურებელი გაფრთხილებული იყო: “ფილმმა, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ფსიქიკაზეო”. ამბობენ, რომ ფილმის ჩვენების დროს დარბაზი კანში სანახევროდ დაიცალა, მანამდე კი ჟანა მორომ კატეგორიულად თქვა უარი შეესრულებინა დედის როლი ხანეკეს ფილმში (იგი ანი ჟირარდომ შეცვალა). ავსტრიელი ფემინისტის ელფრიდა ელინეკის რომანის ეს ეკრანიზაცია მრავალ ქვეყანაში აიკრძალა, მაგრამ თბილისი “პიანისტი ქალის” პრემიერას სრულიად მშვიდად შეხვდა... რაც გასაგებიცაა... მორალის დამცველი რაზმის წევრები ბილეთში 6,8 ლარს არ გადაიხდიან, რათა მერე მიხაელ ხანეკეს აუმხედრდნენ. თანაც, ის, რასაც “პორნო ინტელექტუალებისა და ესთეტებისთვის” ჰქვია, სულაც არ არის “პორნო” “მორალის დამცველი რაზმის” ქართველი ქალბატონებისა და ბატონებისთვის... ვენის კონსერვატორიის პროფესორის ვნებები მათ უფრო გააცინებთ და არ გააბრაზებთ. “ეს ქალი დარტყმულია!”- უფრო ამას იტყვიან იზაბელ იუპერის გმირზე, რომელსაც, შუბერტის ექსპრომტების ფონზე, თავისი დაუკმაყოფილებელი ლიბიდო ტანჯავს. გაღიზიანდებიან თუ არა ქართველი ესთეტები, ამას სულ მალე შევიტყობთ. თუმცა მეც ესთეტად მივიჩნევ ჩემს თავს... და შემიძლია განვაცხადო, რომ ფილმმა არც გამაღიზიანა, არც გამაბრაზა და არც ამაღელვა. ზიგმუნდ ფროიდი არც ისე საშიშია, როგორც მას “პიანისტი ქალის” ავტორები გვიხატავენ.
XS
SM
MD
LG