Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ასაზრდოებს იარაღით უკანონო ვაჭრობას საქართველოში


თავისი პროფესიული დღესასწაულის წინა დღეს ქართველმა პოლიციელებმა კიდევ ერთი ხმაურიანი სპეცოპერაცია განახორციელეს და პანკისის ხეობაში იარაღისა და საბრძოლო მასალების ერთ-ერთი საიდუმლო საცავი აღმოაჩინეს.

მიუხედავად იმისა, რომ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო საიდუმლოდ ინახავს ოპერაციის ბევრ დეტალს, ცნობილია, რომ საცავში, სხვადასხვა საბრძოლო იარაღის გარდა, ხელით გადასატანი საზენიტო-სარაკეტო დანადგარებიც იქნა ნაპოვნი. პანკისის ხეობაში დეფიციტური და ძალზე ძვირად ღირებული იარაღის აღმოჩენის ფაქტმა საზოგადოებას დიდი ხნის მივიწყებული თემა - საქართველოს ტერიტორიაზე იარაღის უკანონო გავრცელების პრობლემა შეახსენა.

პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაციის დასრულების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების არაერთი განცხადების მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის მიმდებარე პატარა ხეობა კვლავაც ერთ-ერთ ცხელ წერტილად რჩება. 9 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულმა ჯგუფმა სოფელ ჯოყოლოში, მიტოვებულ სახლში გაკეთებულ სპეციალურ სამალავში, საბრძოლო მასალების მთელი არსენალი აღმოაჩინა. სპეცოპერაცია გაგრძელდა მომდევნო დღეებშიც, რაც 11 ნოემბერს ბირკიანის ტყეში მოწყობილ სარკოფაგში კიდევ ერთი იარაღის საწყობის აღმოჩენით დამთავრდა. საბოლოოდ, ქართველი პოლიციელების ნადავლი ასე გამოიყურება: ერთი ტანკსაწინააღმდეგო დანადგარი "ფოგოტი", 37 არამართვადი რეაქტიული ჭურვი, 16 გამშვები მოწყობილობით, ყუმბარსატყორცნი РПГ-2, 2 ცალი ხელის ტყვიამფრქვევი, 15 ერთეული АКСУ ტიპის ავტომატი, 15 ათასი საბრძოლო ვაზნა და მრავალი დასახელების ჭურვი. ძალოვანი სამინისტროების კულუარებში ასევე ლაპარაკობენ ხელით გადასატან საზენიტო-სარაკეტო დანადგარ "სტრელა 2"სა და ე.წ"იგლაზე", რომელთა მსგავსი იარაღითაც ჩეჩენმა მებრძოლებმა ბოლო ერთი თვის მანძილზე რუსეთის ფედერალური ჯარების კუთვნილი 4 სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურეს. მაგრამ ინფორმაციას ასეთი დანადგარების აღმოჩენის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო არც უარყოფს და არც ადასტურებს.

სამინისტრო ასევე არ აკეთებს ოფიციალურ კომენტარს იმის თაობაზე, თუ ვის ეკუთვნოდა და რა გზით მოხვდა ასეთი დეფიციტური იარაღი პანკისის ხეობაში. წინასწარი ვერსიით, იგი ან რუსეთიდან შეიძლება იყოს შემოტანილი, ან საქართველოს სამხედრო ძალების საწყობებიდან გაიყიდა, ან უკონტროლო ტერიტორიებზე იქნა შეძენილი ქართველი სამართალდამცველების დახმარებით. საქართველოში, ამ მხრივ, იმდენი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომ სანამ იარაღის იდენტიფიცირება არ დასრულებულა, სათითაოდ ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ბოლო ათი წლის განმავლობაში ამიერკავკასიასა და სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მიმდინარე დაბალი ინტენსივობის კონფლიქტების დროს ხომ იარაღით უკანონო ვაჭრობა არნახულად აყვავდა. ბუნებრივია, ამ სისხლიან ბიზნესს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები მფარველობდნენ, მაგრამ ყოველთვის, როდესაც სისხლის სამართლის საქმე იარაღის უკანონო ვაჭრობაზე აღიძვრებოდა, თემიდის მსახურთა რისხვა მხოლოდ დაბალი ან საშუალო რანგის ოფიცრებს ატყდებოდა თავს.

ასე რომ, პანკისის ხეობაში იარაღის სამალავების აღმოჩენის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რა თქმა უნდა, უფლება აქვს ილაპარაკოს მორიგ წარმატებაზე, მაგრამ საზოგადოებას გაცილებით მეტად აინტერესებს პასუხი შეკითხვაზე, თუ როგორ მოძრაობს იარაღი საქართველოს ტერიტორიაზე და, საერთოდ, რამდენად ექვემდებარება კონტროლს სამხედრო უწყებების საცავებში არსებული შეიარაღება. ეს შეკითხვა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც უკონტროლო იარაღის არსებობა ზრდის ახალი შეიარაღებული კონფლიქტების წარმოშობის ალბათობას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG