Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აგროვებენ ყალბ მტკიცებულებებს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციაში


სოზარ სუბელიანი, თბილისი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციამ ლაშა ფერცულიანი 12-წლიანი პატიმრობისთვის გაიმეტა, თუმცა საქმეში არ არის ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც მის დანაშაულს დაადასტურებს.

მეტიც, რადიო “თავისუფლების” მიერ მოპოვებული მასალები ცხადყოფს, რომ პოლიციამ სრულიად შეგნებულად შექმნა ყალბი მტკიცებულებები, ხოლო დანაშაული, რომლის ჩადენაშიც ფერცულიანს ედება ბრალი, შეიძლება საერთოდ არ იყოს ჩადენილი. საქმეში იმდენი პროცესუალური დარღვევაა და იმდენი ყალბი დოკუმენტია შექმნილი, რომ ფერცულიანის გამართლება ავტომატურად ნიშნავს ამ მტკიცებულებათა შემქმნელი პოლიციელებისა და მათი ზედამხედველი პროკურორის დასჯას. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ლაშა ფერცულიანი უკვე მესამე თვეა, ორთაჭალის წინასწარი გამოძიების იზოლატორშია გამომწყვდეული, პოლიცია კი ყველანაირად ცდილობს, ძიება გააჭიანუროს და რამენაირად სასჯელისგან თავი დაიძვრინოს.

ყაჩაღობა – ასეთია ის ბრალდება, რაც ჩუღურეთის პოლიციამ ლაშა ფერცულიანს წაუყენა და რაც ექვსიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლაშა ფერცულიანი 4 სექტემბერს, შუაღამისას, დაახლოებით სამის ნახევარზე დააკავეს, ხოლო ყაჩაღობა, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი, თითქოს, დაკავებამდე 10 წუთით ადრე მოხდა. ძიების მასალების თანახმად, ყაჩაღობა წერეთლის გამზირზე, გორის ქუჩის შესახვევში, მოხდა, დაზარალებული კი ლოტკინელი ტაქსის მძღოლი რაშიდ შამოევია. თავად შამოევმა, რომელსაც, თითქოს, 23 ლარი წაართვეს ყაჩაღებმა, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა მისი ადვოკატი რეზო დობორჯგინიძე ასე აღწერს შამოევის მონაყოლს: [რეზო დობორჯგინიძის ხმა] “როცა დამაყაჩაღესო, ორნი იყვნენო – ერთიო თეთრმაისურიანიო, მეორე – წითელმაისურიანიო…”

შამოევი, მისივე მონაყოლის თანახმად, იქვე შეჯგუფებულ ხალხთან მივარდა და იმათ შესჩივლა თავისი გაჭირვება: [რეზო დობორჯგინიძის ხმა] “შემთხვევითო, ხალხი იდგა და ვიძახიო – კაცო, დამაყაჩაღესო… ამ უბნელები არა ხართო? ეს რა მიქნესო, ნახალოვკელ კაცსო. – მოდი, მოდიო! - თურმე პოლიციელები არა ყოფილანო? მე რა ვიცოდიო. მოკლედ, პოლიციაში მიმიყვანესო. მიმიყვანესო და ის უკვე მიყვანილი იყო თუ არ იყო არ ვიციო, მერე შორიდან დამანახესო – აი, ეგ არიო! მეცა ვთქვიო, რა, თეთრმაისურიანი რახან არი, რახანც იარაღიცა ჰქონია, ესე იგი ეს არიო. – მერე, იარაღი ამოიცანი-მეთქი? – მერე რომ ვკითხე, ამოცნობა რად უნდა, იარაღი იყოო, რა. ლაგიჩნა, ეგ იყოო, მაგრამ, სახლში რომ მივედი, მაგრად ვინერვიულე, იმიტომ რომ ეგ არ იყოო.” [სტილი დაცულია]

სინამდვილეში, რაშიდ შამოევმა სინდისის ქენჯნა უფრო გვიან იგრძნო – მას შემდეგ, რაც შეატყო, რომ ფერცულიანის ბრალდება ვერაფრით დამტკიცდებოდა, პოლიციას კი შეეძლო, საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით, საქმე რაშიდ შამოევის საწინააღმდეგოდ შემოებრუნებინა და ეს უკანასკნელი ცრუ დასმენის მუხლით გაეშვა ციხეში. ლაშა ფერცულიანის ადვოკატ ნინო მახარაძის თქმით, გამოძიებას ერთადერთი მტკიცებულება აქვს – თეთრი მაისური – და ამ მტკიცებულებით ცდილობს ფონს გასვლას. საქმის მასალების თანახმად, შამოევი ამბობს, რომ ყაჩაღობის ფაქტიდან ათ წუთში პოლიციამ მას თეთრმაისურიანი პიროვნება მიუყვანა: [ნინო მახარაძის ხმა] “ე.ი. რადგანაც თეთრმაისურიანი დააკავესო, მე დავიჯერე, რომ ნამდვილად ჩემი დამყაჩაღებელი დააკავესო. მტკიცებულება საქმეში, ფაქტობრივად, არის თეთრი მაისური, მეტი არაფერი. ესე იგი, მე რომ გამევლო, ან თქვენ, ან ნებისმიერ პიროვნებას თეთრი მაისურით, ჩათვალეთ, რომ თქვენ იქნებოდით დღეს ფერცულიანის მაგივრად დაკავებული. შემდეგ, მოგვიანებით, შამოევმა აბსოლუტურად შეცვალა თავისი ჩვენება, კერძოდ, მიმართა შუამდგომლობით გამომძიებელს, რომელშიც მოითხოვა თავიდან დაკითხვა, ვინაიდან მე არ მახსოვს, თუ ვინ დამაყაჩაღაო, ვინაიდან მე ვიყავი ძალიან სტრესულ მდგომარეობაში, ნამდვილი ბოროტმოქმედები შეიძლება სხვაგან არიან და ვიღაც უდანაშაულო პიროვნება გყავთ დაკავებულიო.” [სტილი დაცულია]

მიუხედავად ამისა, გამოძიებამ შამოევი არ დაკითხა. ადვოკატმა საქმის ადგილიდან დასაძვრელად შუამდგომლობა შეიტანა პროკურატურაში, რომელმაც გამოძიებას შამოევის დასაკითხად 5 დღის ვადა მისცა: [ნინო მახარაძის ხმა] “მაგრამ დაზარალებული ხუთ დღეში კი არა, საერთოდ არ დაკითხულა, თუმცა 2 კვირა გავიდა. და, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, დაზარალებულზე ზეწოლას აქვს ადგილი.” [სტილი დაცულია]

თეთრი მაისურის გარდა, არსებობს კიდევ რამდენიმე ნივთმტკიცება, მათ შორის -სამზარეულოს დანა და გაზის პისტოლეტი, რომლებიც, თითქოს, დაკავების ადგილზე იქნა ამოღებული. ჩხრეკის ოქმზე, პოლიციელების გარდა, ხელს აწერს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ორი მოწმეც – სერგო სარქისიანი და ანზორ იაშვილი. ნინო მახარაძე, მის მიერ ჩატარებული ალტერნატიული გამოძიების საფუძველზე, ამტკიცებს, რომ ფერცულიანის დაკავების ადგილზე ჩხრეკა საერთოდ არ მომხდარა, რასაც დაკავების ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებებიც ცხადყოფს, მოწმე ანზორ იაშვილი კი ეგრეთ წოდებულ “პროფესიონალ მოწმეთა” კატეგორიას განეკუთვნება: [ნინო მახარაძის ხმა] “მეორე მოწმე – ეს გახლავთ ანზორ იაშვილი – ძალიან ბევრი რაიონის საგამოძიებო განყოფილებასთან მუშაობს, ანუ, ადვოკატებისთვის ცნობილი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ის არის დაქირავებული მოწმე, რომელსაც, როცა დასჭირდებათ მოწმე და როდესაც სინამდვილეს არ შეესაბამება აღნიშნული ფაქტები, იყენებენ როგორც ცრუ მოწმეს. მე მქონდა ანზორ იაშვილთან პირადი საუბარი, რომელმაც აღნიშნა, რომ არავითარ ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა არ ისურვა, რომ ოფიციალურად დაგვეფიქსირებინა აღნიშნული დეტალი.” [სტილი დაცულია]

მეორე მოწმე, სერგო სარქისიანი, თავად აღიარებს, რომ იგი არანაირ ჩხრეკას არ დასწრებია და ეს ყველაფერი გამოძიების მიერ შეთხზული სიყალბეა:
[სერგო სარქისიანის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
“თანამშრომელმა დამირეკა, მთხოვა – თუ აქეთ მოხვდებიო, თუ აქეთა ხარ, ამოდიო რა, საქმე გვაქვსო, რა, პატარა. მეთქი – კი, გენაცვალე, მოვალ-მეთქი. ავედი ჩუღურეთის პოლიციაში, დამხვდნენ პოლიციის თანამშრომლები, შალვა – “ოურის” (სისხლის სამართლის სამძებროს – ს.ს.) უფროსის მოადგილე, გვარი არც ვიცი, და ერთი-ორნი იჯდნენ კიდევ. მეთქი – რა არის, რა ხდება? ყაჩაღი დავიჭირეთო, აღიარა ყველაფერიო, პროსტო, მოაწერეო, რა, ხელი. უკვე დაწერილი ჰქონდათ ყველაფერი.”
-
“მანამდე ნანახი გყავდათ ეს ხალხი, პოლიციელები?”
-
“ერთს ვიცნობ, ერთად ვმუშაობდით კრწანისში, მეორეს ვიცნობ ისნიდან. მესამეც იყო, იმას არ ვიცნობ. აი, აქა დევსო ამის იარაღი, დანა და აი, ლუქზე ოთხკუთხედი დალუქვის ქაღალდი იყო, ბეჭდიანი, იმაზე მოაწერეო და მოვაწერე იმას და რაღაცა ჰქონდათ დაწერილი, რა, როგორ დააკავეს, რანაირად, სადა, რაღაცა და მაგაზეც მომაწერინეს ხელი, თავიანთ დაწერილზე, თან დავწერე, რომ ჩემი კარნახით დაიწერა და რაღაცა, რა. მომაწერინეს და წამოვედი. მეორე დღეს გავიგე, რომ ეს ყველაფერი ტყუილი ყოფილა.”
-
“თვითონ ტექსტი არ წაიკითხეთ?”
-
“არა. პახმელიაზე ვიყავი, თან უძილარ პახმელიაზე, მაგის თავი არც მქონდა.”
-
“რა მაინტერესებს კიდევ: როცა თქვენ დაგირეკეს, იყო დღის 12 საათი, არა?”
-
“კი.”
-
“მერე, როცა ოქმი წაიკითხეთ, რა დრო ეწერა?”
-
“ოქმი როცა წავიკითხე, მერე როგორც გავიგე, თურმე მანდ წერია, რომ მე ღამის ორის ნახევარზე სადღაც წერეთელზე გამაჩერეს, ჩხრეკას დავესწარი, რაღაცა და ეს ყველაფერი.”
-
“სინამდვილეში, ამ ორის ნახევარზე თქვენ სად იყავით?”
-
“მე ამ დროს სახლში ვიყავი. ნასვამი სახლში ვიყავი.”
-
“მოწმე გყავთ ამისი?”
-
“ძმაკაცი მყავს მოწმე, რომელიც მანქანით მოვიდა, იმას ეზო არა აქვს, არა მუშაობდა, ერთი კვირა უნდა გაეჩერებინა – შენთან ეზოში გავაჩერებო. მეთქი, კი, გენაცვალე. მოვიდა, მანქანა ჩემთან დატოვა, დავჯექით ჩემთან, დავლიეთ და წამოვიყვანე – სამის ნახევარი ხდებოდა, როცა გამოვაცილე და წავედი სახლში.”
-
“მარტომ გამოაცილეთ თუ?..”
-
“ჰო, ნუ, ჩემს ბავშვთან ერთად ჩამოვედით აგერ ისნამდე, ტაქსში ჩავსვით და წავიდა ტაქსით ის და ავედით სახლში, ვსიო.”
-
“მე როგორც ადვოკატი მელაპარაკა, თქვენ რამდენჯერმე განაცხადეთ პოლიციაში, თავიდან დამკითხეთო, არა?”
-
“კი. ჯერ დამიბარეს, რომ დავეკითხეთ, ავედი, გამომძიებელმა – ახლა არა მცალიაო, როცა მომინდება, მერე დავკითხავო. მეორეჯერ მივედი, დამირეკეს, მივედი ადვოკატთან ერთად, კიდევ არ დამკითხა, დაიწყო ყვირილ-წივილი. მერე მივმართე – განცხადება დავწერე პროკურორის სახელზე – აი, საქმე მაქვს და მივდივარ ქალაქიდან, სასწრაფოდ დამკითხონ-მეთქი. – მაინც არ დამკითხეს. ნუ, წავედი, ჩამოვედი, მაინც არავის არაფერი – არც უწყება მოუტანიათ, არც დაურეკიათ…”
[სტილი დაცულია]

სამაგიეროდ, თბილისში დაბრუნებულ სერგო სარქისიანს რამდენიმე კაცი დახვდა და სასტიკად სცემა, იმდენად, რომ მარცხენა თვალზე მას 4 ნაკერის დადება დასჭირდა:
[სერგო სარქისიანის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
“მე მგონი, ისევ ამათი ხელი ურევია. იმიტომ, რომ შემომითვალეს, ამას არ გაპატიებთო და რაღაცა. შეიძლება ამათი ხელი ურევია, შეიძლება არა, სანამ არ დარწმუნდება ადამიანი, მანამ ვერ იტყვის, არა?”
-
“დღისით მოხდა თუ ღამით?”
-
“სადღაც, უკვე ბნელდებოდა, რა.”
[სტილი დაცულია]

დაბოლოს, კიდევ რამდენიმე ინფორმაცია: სერგო სარქისიანიც და ანზორ იაშვილიც ყოფილი პოლიციელები არიან, ხოლო რაც შეეხება რაშიდ შამოევს, როგორც ტაქსების ერთ-ერთ ბირჟაზე ტაქსის მძღოლებმა განმიცხადეს, იგი ამ ბირჟიდან პოლიციასთან თანამშრომლობისა და ცრუ დასმენებისთვის გააძევეს.
XS
SM
MD
LG