Accessibility links

logo-print

რა პერსპექტივა ელის აფხაზეთის კონფლიქტის საკითხის განხილვას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 12 ნოემბერს საქართველოდან გამგზავრების წინ გამართულ ბრიფინგზე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჟან-მარი გიენომ მოკლედ ასე ჩამოაყალიბა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროგრამა- მაქსიმუმი:

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აფხაზი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნება. პროგრამა-მინიმუმი უფრო მოკრძალებულად გამოიყურება: სოხუმის ხელისუფლების დაყოლიება უშიშროების საბჭოს მიერ მოწონებული ე.წ. ბოდენის დოკუმენტის განხილვის დასაწყებად.

როგორც ჩანს, ოფიციალური თბილისის მოლოდინის მიუხედავად, გაეროს უშიშროების საბჭო არ გეგმავს აფხაზეთში სამშვიდობო ძალის გამოყენებით ოპერაციის დაწყებას. მართალია, სოხუმში ყოფნისას გენერალური მდივნის მოადგილემ ჟან-მარი გიენომ ვერ დაარწმუნა თვითაღიარებული აფხაზეთის ხელისუფლება გაეროს მიერ მოწონებული დოკუმენტის განხილვის დაწყების აუცილებლობაში, მაგრამ, ამის მიუხედავად, თბილისიდან გამგზავრების წინ ჟან-მარი გიენო აცხადებს, რომ კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გზას ალტერნატივა არა აქვს.
იმავე მოსაზრებას თბილისის ხელისუფლებაც იმეორებს, ოღონდ გულიხმობს, რომ გაეროს სამშვიდობო პოტენციალი აუცილებლად უნდა ამაღლდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ გაეროს მაღალჩინოსანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სულ უფრო ნაკლები არგუმენტი რჩება სამშვიდობო პროცესის აუცილებლობაში იმ ადამიანთა დასარწმუნებლად, რომლებიც უკვე 10 წელია, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას ელიან.
როგორც ჩანს, ჟან-მარი გიენოს თბილისური და სოხუმური დაკვირვებები არ აისახება 19 ნოემბრისთვის დაგეგმილი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის რეზოლუციაზე. საქართველოს საგანგებო დავალებათა მინისტრის მალხაზ კაკაბაძის ცნობით, გიენო თბილისიდან მოსკოვში გაემგზავრა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ ბატონ ლოშჩინინთან შესახვედრად. იქიდან კი ბოსნიაში ჩასვლა აქვს დაგეგმილი. შესაბამისად, იგი ფიზიკურად ვერ მოახერხებს სხდომის წინ ანგარიშის გენერალური მდივნისთვის წარდგენას. თუმცა, მალხაზ კაკაბაძის ვარაუდით:
[მალხაზ კაკაბაძის ხმა] “ თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ ის ოპერატიულად შეეცადოს “დისტანციურად” თავისი აზრი მიაწოდოს უშიშროების საბჭოს. მე არ გამოვრიცხავ, რომ მან დაავალოს ქალბატონ ტალიავინის ნიუ-იორკში წასვლა და სხდომაში მონაწილეობის მიღება.”
მისივე აზრით, საქართველოში ჟან-მარი გიენოს ჩამოსვლის შედეგები უფრო იანვრისთვის დაგეგმილი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის რეზოლუციაზე აისახება.
რაც შეეხება ე.წ. ბოდენის დოკუმენტს, რომლის შინაარსი დღემდე უცნობია და რომელმაც, გაეროს უშიშროების საბჭოს აზრით, გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის პროცესში, მალხაზ კაკაბაძის თქმით, უშიშროების საბჭოს მიერ ერთხმად მიღებული ამ დოკუმენტის განხილვის წინააღმდეგ მოულოდნელად კვლავ რუსეთის წარმომადგენელი გამოვიდა, რამაც უშიშროების საბჭოს სხდომის 4 ნოემბრიდან 19 ნოემბრისთვის გადატანა გამოიწვია. თუმცა, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის ჩარევის შედეგად, რამდენჯერმე მოწონებული ბოდენის დოკუმენტის “რეალიზაციის” საკითხი ისევ დღის წესრიგში დგას.
XS
SM
MD
LG