Accessibility links

logo-print

რა როლი შეიძლება ითამაშოს აღორძინებულმა „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში


ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი ეროვნული მოძრაობის წლებიდან ცნობილია როგორც საქართველოს ფედერალური მოწყობის მქადაგებელი პოლიტიკური ძალა.

შესაბამისად, მას განსაკუთრებული ხედვა აქვს აფხაზეთის სტატუსთან და, საერთოდ, კონფლიქტის მოგვარების გზებთან დაკავშირებით. თუმცა სახელისუფლებო ბერკეტებისაგან სიშორემ ქრისტიან-დემოკრატებს საშუალება არ მისცა თავისი იდეების რეალიზება ეცადა. ამ მოძრაობასთან ცნობილი პოლიტიკოსის ვაჟა ლორთქიფანიძის დაკავშირების შემდეგ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პერსპექტივაც შეიცვალა.

12 ნოემბერს ფილარმონიაში გაიმართა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ყრილობა, რომელზეც ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვაჟა ლორთქიფანიძე აირჩიეს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და, ასევე, აფხაზეთის საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენელი, სახელმწიფო მოხელის რანგში აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში აქტიურად იყო ჩართული. როგორც ჩანს, ქრისტიან-დემოკრატების მთავარი საარჩევნო განაცხადი სწორედ აფხაზეთის თემა იქნება. ვაჟა ლორთქიფანიძის თქმით:
[ლორთქიფანიძის ხმა] „ტერიტორიული მოწყობა, უფლებამოსილებათა გამიჯვნა - ეს ერთ-ერთი უმთავრესი პრონციპია ქრისტიან-დემოკრატისათვის და, რა თქმა უნდა, ამ ნიადაგზე, ამ საფუძველზე - კონფლიქტების მოგვარება.“

ქრისტიან-დემოკრატებს უკვე მზად აქვთ აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებული კონცეფცია, რომლის ავტორები არიან პაატა შეშელიძე და პარლამენტარი დემურ გიორხელიძე და რომელიც ჯერ არ გამოცხადებულა პარტიის საერთო პლატფორმად, თუმცა კი სავარაუდოა, რომ მისი ძირითადი პრინციპები კავშირის ახალი თავმჯდომარისთვისაც მისაღები იქნება.

კონკრეტულად კი, ეს კონცეფცია გამორიცხავს აფხაზეთის კონფლიქტის სამხედრო ძალით გადაჭრის შესაძლებლობას და ძირითად აქცენტს ეკონომიკურ ბერკეტებზე აკეთებს.

ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს პრეზიდენტის წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში ასლან აბაშიძეც. მის ამ პოზიციას, ხელისუფლებასთან ერთად, ვაჟა ლორთქიფანიძეც ეთანხმება, თუმცა კი ასლან აბაშიძის მოსაზრებებისგან ქრისტიან-დემოკრატების კონცეფცია იმით განსხვავდება, რომ ის, თავდაპირველად, დევნილთა პრობლემის გადაწყვეტას მოითხოვს. კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა შეშელიძემ ჩემთან საუბრისას ამ კონცეფციის მთავარი პოსტულატები ასე ჩამოაყალიბა:

[შეშელიძის ხმა] „უნდა აღდგეს პიროვნული ურთიერთობები, ოჯახური ურთიერთობები, საკუთრებითი ურთიერთობები, სოციალური კავშირები, კულტურული კავშირები. უნდა ჩამოვიდნენ აფხაზები თბილისში, ისწავლონ, იმუშაონ და ჩვენ ამას პრობლემა არ უნდა შევუქმნათ. ჩვენ, რეინტეგრაციის ამ მეთოდების გამოყენების შედეგად, ერთმანეთისაგან მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ ის ადამიანები, რომლებიც არიან ორიენტირებულნი ომზე და დაპირისპირებაზე და ის ადამიანები, ვინც მშვიდობიანი რეინტეგრაციისკენ არიან მოწოდებულნი. და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სამხედრო ქმედება, თუ ეს საჭირო გახდა, მივმართოთ დამნაშავე ჯგუფის წინააღმდეგ და არა მთელი მოსახლეობის წინააღმდეგ.“

ასეთ ლიბერალურ მოსაზრებებს არ ეთანხმება აფხაზეთიდან დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი, რომელიც ქრისტიან-დემოკრატების ყრილობას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა.

[ნადარეიშვილის ხმა] „რა კარგი და ლამაზი კონცეფციები არ უნდა ვწეროთ, ეს მარტო ქაღალდზე დარჩება, უნდა ვთქვათ მწარე რეალობა და უნდა აღვიქვათ ეს რეალობა. ბატონ ვაჟასთან, დანარჩენ პარტიის წევრებთან ყოველთვის გვქონდა მჭიდრო კავშირი. ამიტომ მე ვალდებულად ვთვლი თავს, ვიყო აქ, მოვისმინო. თუკი თანამშრომლობა გამოგვივა და აზრთა თანხვედრა იქნება, ეს, რა თქმა უნდა, კარგი იქნება.“[სტილი დაცულია]

ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს, მართლაც, აქვს შანსი აფხაზეთის თემატიკის ირგვლივ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალები შემოიკრიბოს და, სხვა კონკურენტი პარტიებისაგან განსხვავებით, იმ ელექტორატის მხარდაჭერა მოიპოვოს, რომელსაც სიმპათია ჯერჯერობით არც ერთი კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართ არ გამოუხატავს.
XS
SM
MD
LG