Accessibility links

logo-print

ვალის პრობლემა რუსეთისა და დსთ-ის წევრი დანარჩენი ქვეყნების ურთიერთობაში


რამდენიმე დღის წინათ რუსეთი და მისი ერთგული სამხრეთკავკასიელი მოკავშირე – სომხეთი – ვალების პრობლემის მოგვარებაზე შეთანხმდნენ. სომხეთი ხუთი საწარმოს გაკონტროლების უფლებას

აძლევს მოსკოვს, რითაც მილიონობით დოლარის ვალს ისტუმრებს. დავალიანების პრობლემის მოგვარების ამ გზამ უკვე ყირგიზეთიც დააინტერესა. მაგრამ საკითხავია, მართლაც არის თუ არა ერევანში ხელმოწერილი შეთანხმება ოპტიმალური გზა რუსეთსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დანარჩენ წევრებს შორის ვალების საკითხის გადასაჭრელად. ამ საკითხზე, რომელიც, ცხადია, საქართველოსაც ეხება, ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებებს გაგაცნობთ.

ერევანში 5 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება თითქმის მთელი წელი მზადდებოდა. შედეგი კი ასეთი გახლავთ: სომხეთში უდიდესი თბოელექტროსადგური, ელექტრონული ნაწარმის ქარხანა და სამი კვლევითი ინსტიტუტი რუსეთის განკარგულებაში გადადის, სამაგიეროდ, რუსეთი აღარ ითხოვს 100 მილიონ დოლარს – ვალს, რომელიც სომხეთს ენერგეტიკის სფეროში დაუგროვდა.

რუსეთის ვალების პრობლემა დანარჩენი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობის წინაშეც რომ დგას, კარგად არის ცნობილი: და აი, ამ რესპუბლიკებიდან ერთ-ერთმა, ყირგიზეთმა, შესაძლოა, სულ მალე მიბაძოს სომხეთის მაგალითს. ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი ტანაევის განცხადებით, [ნიკოლაი ტანაევის ხმა]
“რუსეთის მთავრობას შევთავაზეთ, რომ რამდენიმე საწარმოს აქციებს, რომლებიც სახელმწიფოს ეკუთვნის, ვალების გასასტუმრებლად გადავცემთ რუსეთის ფედერაციას. რუსეთის ეკონომიკისა და განვითარების სამინისტრო უკვე შეუდგა კიდეც ამ დოკუმენტების განხილვას.”

სომხეთის მიერ არჩეულ გზას მართლაც აქვს დადებითი მხარე. ქვეყანა არა მარტო ვალისა და მისი მომსახურების, ანუ ყოველწლიური საპროცენტო გადასახადისაგან თავისუფლდება – საწარმოებში ახალი ინვესტიციებისა და დასაქმების პრობლემის მოგვარების იმედი აქვთ, რის გამოც სომხეთ-რუსეთის შეთანხმებას მსოფლიო ბანკიც მიემხრო. კმაყოფილია მოსკოვიც – სხვა შემთხვევაში მას, სავარაუდოდ, ვალების დეფოლტი მოელოდა. მაგრამ, როგორც ჩვენი რადიოს თანამშრომელმა, კეტლინ ნოქსმა შეიტყო, ზოგი ექსპერტი სკეპტიკურად არის განწყობილი; მათ შორის, შეერთებულ შტატებში დაფუძნებული სტრატეგიული და პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ვლადიმირ სოკორი: [ვლადიმირ სოკორის ხმა] “ვფიქრობ, ჯერაც საკითხავია, რა მოგება მოაქვს ასეთ შეთანხმებას, რადგან რუსეთის ხელში გადავიდა მოძველებული, საბჭოური ეპოქის საწარმოები, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციას ვერ გასწევენ. მათი მთელი ნაწარმი გაიყიდება რუსეთში, ხარისხობრივად დაბალი დონის ბაზარზე. შესაბამისად, ეს საწარმოები და, მათთან ერთად, სომხეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი მეორეხარისხოვან ეკონომიკურ სისტემაში გამოიკეტება.”

საერთაშორისო ეკონომიკური კვლევის ვენის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პეტერ ჰავლიკი კი გვირჩევს, არ დავივიწყოთ საკითხის პოლიტიკური განზომილება. [პეტერ ჰავლიკის ხმა] “საიდუმლო არ არის, რომ თავის ეკონომიკურ ძლიერებას რუსეთი დსთ-ის წევრ ქვეყნებსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზე ეკონომიკური ზეწოლისათვის იყენებს,” ამბობს პეტერ ჰავლიკი და ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს რუსეთის ურთიერთობა უკრაინასთან. რაც შეეხება საქართველოს, რუსეთთან მისი სახელმწიფო ვალი ამჟამად 156 მილიონ დოლარს შეადგენს, რასაც კერძო კომპანიების დავალიანება ემატება. როგორ მოგვარდება ეს საკითხი, ნათელი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ვალის სანაცვლოდ საწარმოების გადაცემის ვარიანტზე არავინ ლაპარაკობს ერთი უბრალო მიზეზით – როგორც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ ჩვენს რადიოსთან საუბარში თქვა, თბილისს მოსკოვისთვის აღარაფერი დარჩა გადასაცემი.

ბარემ აქვე მოგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო ვალების საკითხს მომავალ თვეში, ე.წ. "პარიზის კლუბის" შეხვედრაზე განიხილავენ.
XS
SM
MD
LG