Accessibility links

logo-print

დედათა სიკვდილიანობის პრობლემა ავღანეთში


ზუსტად ერთი კვირის წინ ავღანეთში ქალთა მდგომარეობაზე

ვისაუბრეთ - ანუ, დავუბრუნდით თემას, რომელმაც ამ ქვეყანაში “თალიბანის” რეჟიმის დამხობის პირველ წლისთავთან დაკავშირებით, ისევ შეიძინა აქტუალობა. ჩვენ თვალი გადავავლეთ გასული წლის მანძილზე ავღანეთში მომხდარ ცვლილებებს, შევეხეთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა გააქტიურების ხელისშემშლელ პრობლემებს, მათ შორის განათლების დაბალ დონეს. დღეს კი ავღანეთზე საუბრის მიზეზი გახლავთ სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ საანგარიშო მოხსენებაზე, რომელიც – საყოველთაო აღიარებით – საგანგაშო ვითარებას ცხადჰყოფს.

მოხსენება, რომელიც 7 ნოემბერს ქაბულში გამოაქვეყნეს გაეროს ბავშვთა ფონდმა უნისეფმა, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა და ავღანეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ სამეცნიერო გამოკვლევის შედეგებით ადასტურებს იმას, რასაც უკვე დიდი ხანია ვარაუდობდნენ: დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლით ავღანეთს მსოფლიო ლიდერის სამწუხარო პოზიცია უკავია. სტატისტიკის ენას თუ მივმართავთ, მაჩვენებელი ასეთია: 100 000 ორსულიდან მშობიარობამდე ან მშობიარობის დროს კვდება 1600 ქალი, რაც ორჯერ აღემატება იმავე მაჩვენებელს ნიგერიაში, 12-ჯერ მეზობელ ირანში და 130-ჯერ აშშ-ში!

ვითარება, რომელიც ამ პრობლემაზე ავღანეთის ისტორიაში ჩატარებულმა ყველაზე ფართომასშტაბიანმა გამოკვლევამ აჩვენა, იმდენად შემაშფოთებელია, რომ ავღანეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ფეროზუდინ ფერუზმა საანგარიშო მოხსენების წარდგენა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროში შეკრებილებისადმი თხოვნით, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ გარდაცვლილთა ხსოვნისათვის: [ფერუზის ხმა] “აქ ყოფნით ვადასტურებთ მტკიცე გადაწყვეტილებას, გავაუმჯობესოთ დედათა ჯანმრთელობის დაცვა და შევამციროთ ავღანეთში ორსულთა სიკვდილიანობა. მოდით, ვიგლოვოთ ჩვენი დები და დედები, რომლებიც სიცოცხლეს გამოეთხოვნენ ამ, ომით გატანჯულ ქვეყანაში. მინდა, ჩვენი შეკრება წუთიერი დუმილით დავიწყოთ”.

როგორც მოხსენების პრეზენტაციაზე ჩვენი რადიოს კორესპონედნტმა, გრანტ პოდელკომ შეიტყო, ჯანდაცვის უწყებების თანამშრომლებმა წლეულს რამდენიმე თვის მანძილზე მოიარეს ავღანეთის სხვადასხვა რაიონი და 13 000 ოჯახის წევრები გამოკითხეს მათ ახლობელთა შორის ორსულთა სიკვდილის შესახებ. ასე მოგროვდა ინფორმაცია ავღანეთის 4 რეგიონში: ქაბულის, აღმოსავლეთით ლაღმანის, სამხრეთით ყანდაარისა და ჩრდილო აღმოსავლეთით ბადახშანის პროვინციების მკვიდრი 85 000 ქალის შესახებ. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, გამოკვლევის მონაწილეებს არც თუ იშვიათად უწევდათ ცხენზე ამხედრება, რათა მიყრუებულ სოფლებში ჩაეღწიათ. და აი, მათ დაადგინეს, რომ ავღანეთში 1999-დან 2002 წლამდე გარდაცვლილი ქალები, 15-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანების თითქმის ნახევრის სიკვდილის მიზეზი იყო სხვადასხვა სახის გართულებები ორსულობისა და მშობიარობის დროს, და რომ გარდაცვლილთა 90 პროცენტი გადარჩებოდა, ორსულობის დროს ელემენტარული სამედიცინო მომსახურების, ქირურგიული ჩარევის ან, უბრალოდ, გამოცდილი ბებიაქალის დახმარების შემთხვევაში...

ის კი არა, საგანგაშოა მდგომარეობა ქალების კვების მხრივ: ბევრი მათგანი, ავღანეთის ქალთა საკითხთა მინისტრის მოადგილე თაივარ კაკარის თქმით, პურზე და ჩაიზეა. [კაკარის ხმა] “ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დედათა მაღალ სიკვდილიანობას იწვევს, არის ვიტამინების ნაკლებობა. ჩვენს ქვეყანაში დედები მოკლებული იყვნენ რიგიან საკვებს და ჯანდაცვას საბრძოლო მოქმედებების გამო. მათ ორგანიზმში ვიტამინის რესურსები შემცირებული იყო. და, ამ ფაქტორების გამო, ქალებს ჯანმრთელი ბავშვები არ უჩნდებოდათ”.

რა გასაკვირია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი აღმოჩნდა რაიონებში, რომლებსაც დიდი მანძილი აშორებთ ჯანდაცვის უწყებებთან. როგორც უნისეფის პროგრამა “დედების უსაფრთხოების” ქაბულში მოქმედი პროექტის თანამშრომელი, სურაია დალილი ამბობს: [დალილის ხმა]
“დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მით უფრო მატულობდა, რაც უფრო მიყრუებულ რეგიონთან გვქონდა საქმე. ქაბულში ეს მაჩვენებელი 100 000 დედაზე 400 გარდაცვლილს, ლაღმანში 800, ყანდაარში 2200, ხოლო ბადახშანში საგანგაშო 6 500 გარდაცვლილს შეადგენდა! ეს არის დედათა სიკვდილიანობის უმაღლესი მაჩვენებელი, რაც კი ოდესმე აღრიცხულა მსოფლიოში”.

უნისეფის მოხსენებაში ბადახშანის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრთა მაგალითი მოჰყავთ: თორაბის ცოლი, 4 ქალიშვილის დედა, მეხუთე ბავშვზე მშობიარობას გადაჰყვა მხოლოდ იმის გამო, რომ ნაყოფი საშვილოსნოში გვერდულად იწვა. თორაბი ვერაფერს გახდა – მშობიარის უახლოეს საავადმყოფოში ჩასაყვანად მათ ოთხი დღე ცხენებით უნდა ეარათ...

რაც უნდა საზარელი იყოს ავღანეთში ჩატარებული გამოკვლევის შედეგები, მას გარკვეული იმედებიც უკავშირდება: როგორც ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში თქვა ავღანეთში გაეროს მოსახლეობის ფონდის საქმიანობის კოორდინატორმა პეტერ ჰუფ-რუსელმა, როგორც იქნა მოპოვებულია კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ავღანეთის მთავრობას და ჰუმანიტარული ორგანიზაციებს სასწრაფოდ ამოქმედებას აიძულებს. გარდა ამისა, დადასტურდა ისიც, რომ ავღანეთში დედათა მაღალ სიკვდილიანობას ჯანდაცვისა და კვების უხარისხობასთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემაც განაპირობებს. საქმე ის არის, რომ ქვეყნის მრავალ რეგიონში (განსაკუთრებით სამხრეთში) დაუწერელ კანონად ქცეული ტრადიცია ქალებს უკრძალავს შინიდან ოჯახის წევრი მამაკაცის თანხლების გარეშე გასვლას. ასევე აკრძალულია ორსული ქალის გასინჯვა ექიმი მამაკაცის მიერ. როგორც ჰუფ-რუსელი ამბობს: [ჰუფ პუსელის ხმა] “ასევე მეტად მნიშვნელოვანია სოციალური ბარიერები, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემად არის ქცეული ოჯახებში, დასახლებებში. ქალებს საკუთარი ოჯახის წევრები არ აძლევნ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლებას. ამ მხრივ ვითარება განსაკუთრებით ბოლო წლებში გაუარესდა. ბევრ რაიონში, ბევრ ოჯახში, უბრალოდ, დაუშვებლად არის მიჩნეული, რომ ქალს სადმე სხვაგან დაეხმარონ, განსაკუთრებით თუ დამხმარის როლში ქალი არ გამოდის”.

დაბოლოს, დედათა სიკვდილიანობა მხოლოდ “ქალთა პრობლემა” არ არის. ავღანეთში ჩატარებული გამოკვლევის კიდევ ერთი საზარელი შედეგი გახლავთ ინფორმაცია, რომლის მიხედვით მშობიარობას გადაყოლილი ქალების შვილებიდან მხოლოდ 25 პროცენტი აღწევს ერთი წლის ასაკს.
XS
SM
MD
LG