Accessibility links

logo-print

საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის პერსპექტივა


2001 წლის 10 ოქტომბერს ფრაქცია “მაჟორიტარი – საქართველოს რეგიონის” თავმჯდომარემ ვლადიმერ ქარსელაძემ პარლამენტის სხდომაზე გამოაცხადა, რომ მისი ფრაქცია უმრავლესობას ტოვებს.

სწორედ ამ განცხადებით დაასრულა თავისი არსებობა საპარლამენტო უმრავლესობამ 1999 წლის მოწვევის პარლამენტში.

ამ ფაქტიდან ერთ წელიწადზე მეტი გავიდა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესიც და მოვლენების განვითარებაც მიუთითებს, რომ ახლო მომავალში საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის პროცესი დაჩქარდება.

საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ განმარტავს საპარლამენტო უმრავლესობისა და პრეზიდენტის ურთიერთობის არსს. როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის გასატარებლად პრეზიდენტისთვის აუცილებელია უმრავლესობის მხარდაჭერა. ორგანული კანონების მიღება, სერიოზული საკადრო საკითხების გადაწყვეტა და საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაცია მხოლოდ და მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით არის შესაძლებელი. ამიტომაც 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა კავშირისა და აღორძინების კავშირის მწვავე დაპირისპირების ფონზე, ედუარდ შევარდნაძე ამომრჩეველს ერთსა და იმავეს უმეორებდა: პრეზიდენტი უმრავლესობის გარეშე ქვეყნის მართვას ვერ შეძლებს და კატასტროფა გარდაუვალი იქნებაო.

პრესის ვერსიით, მოქალაქეთა კავშირის ჩანაცვლებას ხან ახალ მემარჯვენეებს უწინასწარმეტყველებდნენ და ხან სოციალისტებს. ამ ვარაუდს საფუძველს უქმნიდა ის მოწადინება, რომლითაც შევარდნაძეს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომისკენ მოუწოდებდნენ ხან ვახტანგ რჩეულიშვილი და ხან ლევან გაჩეჩილაძე. მაგრამ ძველი უმრავლესობის დაშლიდან ერთი წლის შემდეგ ახალი უმრავლესობა არა და არ ყალიბდება. მიზეზი ისაა, რომ ერთიან პოლიტიკურ სპექტრში შარშან დაწყებული გადაჯგუფების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

მხოლოდ მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოიკვეთა, რომ პარლამენტში სამი დამოუკიდებელი ბანაკია. პირველი ბანაკი ოთხი ფრაქციისგან შედგება და სახელმწიფო კანცელარიას უჭერს მხარს. მეორე ბანაკი პოლიტიკური ლიდერების ირგვლივ იკრიბება და მას პირობითად შეგვიძლია ჟვანია-გამყრელიძის არაოფიციალური კოალიცია ვუწოდოთ. ეს ბანაკი, შიდა თანხმობის შემთხვევაში, რაც იშვიათად ხერხდება, ოთხ ფრაქციას აერთიანებს. მესამე ბანაკი აღორძინებაა. ამჟამად ამ ბანაკში სულ სამი ფრაქცია უნდა ვიგულისხმოთ. დღეისათვის “კანცელარისტები” 60 პულტს აკონტროლებენ, “დემარშისტები” – 61 პულტს, აღორძინება – 35-ს.

უმრავლესობის შექმნის ყველაზე მარტივი სქემა ის იქნებოდა, თუკი ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ბანაკიდან ერთ-ერთი აღორძინებას მიიმხრობდა. ამ შემთხვევაში უმრავლესობის შექმნისთვის საჭირო ოციოდე ხმის მოძიება დღევანდელ დაქუცმაცებულ პარლამენტში ნამდვილად აღარ გაჭირდებოდა. მაგრამ ასლან აბაშიძე ორივე ბანაკს ემიჯნება და პროცესების მეთვალყურის როლს ამჯობინებს. შევარდნაძე-აბაშიძის ერთიანი უმრავლესობის შექმნა გამორიცხულია, თუმცა კონკრეტული საკითხების გადაწყვეტისას აღორძინება არც ერთ ბანაკთან თანამშრომლობას არ გაურბის.

არის თუ არა რესურსი ახალი უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად დღევანდელ პარლამენტში? იმის გათვალისწინებით, რომ სამი ბანაკის მიღმა საპარლამენტო სპექტრში კიდევ 80 დაფანტული ხმაა, ამ კითხვის პასუხი დადებითია. დიახ, როგორც “კანცელარისტებს”, ასევე “დემარშისტებს” თეორიულად რჩებათ შანსი, რომ უმრავლესობა ჩამოაყალიბონ. პოლიტიკური საკითხების განხილვისას და გადაწყვეტისას ინიციატივა და უპირატესობა “დემარშისტების” მხარესაა; საბიუჯეტო საკითხების განხილვას კი, აშკარად, “კანცელარისტები” იგებენ.

პოლიტიკური პროცესის გაგრძელებად ის უნდა მივიჩნიოთ, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტში მყარი უმრავლესობის შექმნის პროცესი დაჩქარდება. ის ბანაკი, რომელიც ამ ბრძოლას მოიგებს, პრეზიდენტისგან და სახელმწიფო მინისტრისგან აუცილებლად მოითხოვს ადგილებს მთავრობაში. მომავალ წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სახელისუფლო ბერკეტების მოსაპოვებლად ორივე ბანაკი იბრძოლებს. ვის დარჩება მოგება?

წესით და რიგით, წლის ბოლოს პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა უნდა დაიწყოს. დემოკრატიულ ქვეყნებში ბიუჯეტი მთავრობაზე პარლამენტის ზეწოლის მთავარი იარაღია. ჩვენში კი ყველაფერი ყირამალაა: ბიუჯეტს მთავრობა იყენებს პარლამენტის სამართავად. საქართველოს ბიუჯეტში ყოველთვის უამრავი კერძო ინტერესი იმალება და დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ბერკეტს მთავრობა ახლაც სათავისოდ აამოქმედებს. თუ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რამე განსაკუთრებული არ მოხდა და პოლიტიკურმა ბანაკმა საგანგებო მნიშვნელობა არ შეიძინა, მოსალოდნელია, რომ, საბიუჯეტო განხილვების დაწყებასთან ერთად, ინიციატივა კანცელარიის ბანაკის ხელში გადავა. “დემარშისტებს” კი, ალბათ, მძიმე დღეები დაუდგებათ: საბიუჯეტო ცდუნებებთან შერცხვენისა და დამუნათების მეთოდით დაპირისპირება, ცხადია, შედეგს ვერ მოიტანს. მეორე მხრივ, იმის მტკიცებაც შეუძლებელია, რომ ახალი ბიუჯეტი მაინცდამაინც ახალ, მყარ უმრავლესობას დაედება საფუძვლად.
XS
SM
MD
LG