Accessibility links

logo-print

მოხდება თუ არა სკანდალი გაეროს უშიშროების საბჭოზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მოვლენები 19 ნოემბრისთვის დანიშნულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით სულ უფრო საინტერესოდ ვითარდება. 13 ნოემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტის

პირადმა წარმომადგენელმა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ვიქტორ ლოშჩინინმა სასარგებლო უწოდა სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ ანრი ჯერგენიას წინადადებას, სხდომის მუშაობაში, უშიშროების საბჭოს წევრთა ინფორმირებისთვის, სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენელმაც მიიღოს მონაწილეობა. რა სტატუსით შეიძლება ანრი ჯერგენიამ მონაწილეობა მიიღოს უშიშროების საბჭოს სხდომაში?

ოფიციალური თბილისისთვის სოხუმის ხელისუფლების “ინიციატივა” და რუსეთის მხარის რეაქცია ამ ინიციატივაზე მოულოდნელი აღმოჩნდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ზვიად მუკბანიანის განცხადებით, საქართველო არ დაუშვებს სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენლის მონაწილეობას უშიშროების საბჭოს სხდომის მუშაობაში. ამავე აზრისაა აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი, რომლის თქმითაც, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია ბოლო 9 წლის განმავლობაში, რაც გაერო აქტიურად არის ჩართული აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში. მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით გარკვეული არ არის, საქართველოდან გაემგზავრება თუ არა ვინმე უშიშროების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.

“ 19 ნოემბრის უშიშროების საბჭოს სხდომაზე დელეგაციის გამგზავრების საკითხი განხილვის სტადიაშია,” – ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა საქართველოს საგანგებო დავალებათა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ, რომლის შენიშვნითაც, გაუგებარია, რა სტატუსით შეიძლება მიიღოს ანრი ჯერგენიამ მონაწილეობა გაეროს უშიშროების საბჭოს მუშაობაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ სოხუმის ხელისუფლების პრემიერს, თეორიული თვალსაზრისითაც კი, ვერანაირი სტატუსი ვერ ექნება. ერთადერთი შესაძლებლობა – ისიც თეორიული - ის გახლავთ, რომ ჯერგენია უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწროს, როგორც საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრი, რასაც არც საქართველოს მხარე მოინდომებს და არც სოხუმის ხელისუფლება. სხვა შემთხვევაში ანრი ჯერგენიას ნიუ-იორკში გამგზავრება კერძო პირის სტატუსით მოუწევს, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მისი მონაწილეობის შესაძლებლობას გამორიცხავს.

სხვათა შორის, 1994 წლის მარტში, როცა ნიუ-იორკში სოხუმის ხელისუფლების ლიდერი ვლადისლავ არძინბა იმყოფებოდა, ასევე კერძო პირის სტატუსით, იგი გაეროს წარმომადგენლებს არ მიუღიათ. ერთადერთი, მან, თვითაღიარებული ქვეყნების ასოციაციის ეგიდით, გაეროს შტაბბინის შენობაში პრესკონფერენციის მოწყობა შეძლო და ისიც წარუმატებელი აღმოჩნდა პრესკონფერენციაზე დამსწრე იმ ქართველი ჟურნალისტების მკვეთრი კითხვების გამო, რომლებიც იმავე პერიოდში თან ახლდნენ ნიუ-იორკში მყოფი საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციას.

მთლიანობაში კი, როგორც ჩანს, აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით ნამდვილად აქვს ადგილი რაღაც მოძრაობას. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ანრი ჯერგენია მოსკოვში მას შემდეგ ჩავიდა, რაც სოხუმსა და თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჟან-მარი გიენო, რომელიც კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს განიხილონ უშიშროების საბჭოს მიერ მოწონებული დოკუმენტი. ანრი ჯერგენიას მოსკოვში ყოფნას დაემთხვა აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე მოლაპარაკებებში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ასლან აბაშიძის მოსკოვში ვიზიტიც. თამაზ ნადარეიშვილის ვარაუდით, ასლან აბაშიძე ანრი ჯერგენიას მოსკოვში აუცილებლად შეხვდებოდა:

[ თამაზ ნადარეიშვილის ხმა] “ შეიძლება ფარულიც იყოს, პრესისთვის არ გახდეს ცნობილი, მაგრამ აუცილებლად ეს შეხვედრა იქნებოდა.”
არადა, თუ ასეთი შეხვედრა შედგა, რატომ არის ის გასაიდუმლოებული, სრულიად გაუგებარია.
XS
SM
MD
LG