Accessibility links

logo-print

ანტიკორუფციულ ბიუროს უფლებამოსილებები უფართოვდება


თავის დროზე დიდი ხმაურით შექმნილი ანტიკორუფციული საბჭო საზოგადოების ყურადღებას ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილების გაფართოების მოთხოვნით იპყრობს.

ანტიკორუფციული ბიუროს უფლებების გაზრდის მოთხოვნით 13 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს მდივანი და ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი კახა უგულავა წარდგა. სახელმწიფო მინისტრის წინააღმდეგობის მიუხედავად, პრეზიდენტმა მის მოთხოვნას მხარი დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ სამსახურს უნდა მიეცეს უფლება, მოკვლევის ორგანოებს ამა თუ იმ პირის გამოკითხვა ან მის შესახებ ცნობების შეგროვება დაავალოს. რატომ გახდა საჭირო ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებების გაზრდა?

ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭო 2001 წლის 13 აპრილს შეიქმნა და მას, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს, ანტიკორუფციული პროგრამის განხორციელებისთვის სარეკომენდაციო საქმიანობის გაწევა დაევალა. რაც შეეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, ის ოდნავ მოგვიანებით ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობის საექსპერტო, ანალიტიკური და ორგანიზაციული უზრუნვეყლოფის მიზნით შექმნეს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირადაც გააფორმეს. 13 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებების გაზრდაზე იყო საუბარი და არა ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს უფლებების გაფართოებაზე. საბჭოს მდივნისა და ბიუროს დირექტორის კახა უგულავას მოხსენებაში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ანტიკორუფციული საბჭოს ფუნქციებსა და უფლებამოსილებებში არავითარი ცვლილება არ იქნება და პრეზიდენტის სათათბირო ორგანო თავის საქმიანობას მოქმედი დებულების შესაბამისად გააგრძელებს.

ერთი სიტყვით, უფლებამოსილებები ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა გაუფართოვდეს. ანტიკორუფციული საბჭოს მდივნისადმი პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მხარდაჭერა სწორედ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ, საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანით, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ხელმისაწვდომი გახდება თანამდებობის პირთა მიერ გადახდილი გადასახადების შესახებ ინფორმაცია. “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის” დამატებების პროექტის თანახმად კი, ამავე სამსახურს მიენიჭება უფლება, მოკვლევის ორგანოებს კონკრეტული თანამდებობის პირების გამოკითხვა დაავალოს.

ეს ყველაფერი კონკრეტული კორუფციული სამართალდარღვევების გამოვლენის გასაადვილებლად დაიგეგმა. როგორც ანტიკორუფციული საბჭოს მდივანმა კახა უგულავამ მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა: “სტრუქტურული და სისტემური ცვლილებების განხორციელების შემდეგ დღის წესრიგში კორუფციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების ქმედითი მექანიზმის ჩამოყალიბების საკითხი დადგა.” თუმცა ცოტა გაუგებარია, რა იგულისხმება უკვე განხორციელებულ სტრუქტურულ და სისტემურ ცვლილებებში, ფაქტია, რომ კონკრეტულ კორუფციულ გამოვლინებებზე რეაგირება ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა. ასეა თუ ისე, იდეას - ანტიკორუფციული ბიურო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპის შესაბამისი უფლებამოსილებებით აღიჭურვოს- ყველა ენთუზიაზით არ შეხვედრია. კახა უგულავას მოთხოვნის უსაფუძვლობის დამტკიცება სახელმწიფო მინისტრმა სცადა:

[ავთანდილ ჯორბენაძის ხმა] “შესაბამისი სტრუქტურები თავიანთი უფლებამოსილებებით მუშაობენ. თუ ვერ მუშაობენ, შეფასებების გაკეთება მთავრობაში აუცილებელია და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაც აუცილებელია.”

აღნიშნულის მიუხედავად, პრეზიდენტმა ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებების გაფართოებას მხარი დაუჭირა, თუმცა განმარტა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ ანტიკორუფციული ბიურო ანალიტიკურ სამსახურად უნდა დარჩეს და მან ძალოვანი უწყებების ფუნქციები არ უნდა შეიძინოს.
XS
SM
MD
LG