Accessibility links

logo-print

რა უშლის ხელს ანტიკორუფციულ საბჭოს იყოს ქმედობაუნარიანი?


საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საზოგადოების სხვადასხვა ფენების აქტიური მხარდაჭერით ერთი წლის წინ შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო,

რომელმაც თავისი შექმნა რამდენიმე ხმაურიანი რეკომენდაციითა და კორუფციული საქმეების გამომზეურებით აღნიშნა, კატასტროფულად კარგავს პოპულარობას. ამას თავად ანტიკორუფციონელები საბჭოს არასაკმარისი ადმინისტრაციული უფლებამოსილებით ხსნიან. თუმცა, მას რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცია იმისთვის, თუ როგორ ეკიდება აღმასრულებელი ხელისუფლება ანტიკორუფციულ პროგრამას და მეტი აგრესიულობით მოეთხოვა რეკომენდაციების შესრულება, ანტიკორუფციულ ბიუროს, მართლაც, ჰქონდა შანსი დარჩენილიყო ერთ-ერთ წარმატებულ სტრუქტურად ახალი, კორუფციისგან თავისუფალი, საქართველოს მშენებლობაში.

2001 წლის აპრილში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილმა ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში ჩამოყალიბებული კორუფციული მმართველობითი სისტემის დემონტაჟის საკითხი იმავე წლის 4 სექტემბერს დააყენა. მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის მირიან გოგიაშვილის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში, რომელმაც ედუარდ შევარდნაძეს ძილიც კი დააკარგვინა, კონკრეტული საუბარი იყო იმის შესახებ, თუ როგორ აყალიბებენ “პატრონაჟულ სისტემებს” და არაკანონიერ გარიგებებში მონაწილეობენ ცალკეულ სამინისტროთა წარმომადგენელი მაღალჩინოსნები.

მოხსენებაში ფიგურირებდა რამდენიმე მაღალჩინოსნის გვარი, მათ შორის, თბილისის უშიშროების სამსახურის უფროსის ზაზა შუბითიძისა, რომელსაც მსხვილ კორუფციულ გარიგებაში ედებოდა ბრალი.
ეს იყო ერთგვარი მოთელვა, რასაც სულ მალე მოჰყვა ანტიკორუფციული "თორმეტკაცას" კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც მთელი სახელმწიფო მართვის სისტემის გაჯანსაღებას ისახავდა მიზნად.

თანახმად ანტიკორუფციული ბიუროს მიერ წარმოდგენილი პროექტისა, რომლის განხორციელების ძირითადი ტვირთი სახელმწიფო მინისტრს ეკისრებოდა, მიმდინარე წლის 1 ივლისამდე უნდა შემუშავებულიყო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი. რეორგანიზაციის შედეგად, 18-ის ნაცვლად, უნდა ჩამოყალიბებულიყო 10-12 სამინისტრო, სადაც გაერთიანდებოდა დღევანდელ სამინისტროებსა და სახელმწიფო დეპარტამენტებში თავმოყრილი სტრუქტურული ერთეულები.

“სამინისტროებს უნდა ჩამოსცილდეს სამეურნეო ფუნქციები, ანუ ეს დარგობრივი სამინისტროები, რაც არის გადმონაშთი კომუნისტური წყობისა, არ გვინდა და ჩვენ უნდა ვთქვათ მათზე უარი. რაც შეეხება მაკონტროლებლებს, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ, ელემენტარულად, ისეთი მოდელი, სადაც სახელმწიფო ხელს არ შეუშლის ბიზნესს. ანუ მივცეთ მას თავისუფალი განვითარების საშუალება. შევზღუდოთ მაქსიმალურად მაკონტროლებლები. ფისკალური ფუნქციები შევუზღუდოთ ყველა სამინისტროს”. - ასე ლაპარაკობდა მაშინ ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის მოადგილე კახა უგულავა, რომელიც საბჭოს მდივნად გახდომის შემდეგ უკვე თავად ითხოვს მაკონტროლებელ ფუნქციას.

მაგრამ ანტიკორუფციული საბჭოს მუშაობამ ეფექტურობა დაკარგა არა საგამოძიებო თუ მაკონტროლებელი ფუნქციების უქონლობის გამო, არამედ მაშინ, როცა სამინისტროთა უმრავლესობამ პირდაპირ ბოიკოტი გამოუცხადა პრეზიდენტის პირველი რიგის მეტად მარტივ ანტიკორუფციულ ღონისძიებებს; როდესაც ზემოხსენებული თბილისის უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი, რომლის სახელიც ერთ-ერთ მსხვილ კორუფციულ გარიგებაში ფიგურირებდა, დასჯის ნაცვლად, უშიშროებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს. ერთადერთი, რაც ანტიკორუფციონელთა რეკომენდაციებით ამ ხნის განმავლობაში რეალურად შეიცვალა, სამთავრობო ავტომანქანების სანომრე ნიშნების გაუქმებაა. სხვა შემთხვევაში კი კორუფციას კვლავ მწვავე შუქი აქვს ანთებული საქართველოში.
XS
SM
MD
LG