Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყმა მიიღო გაეროს პირობები, მაგრამ შეერთებული შტატები ომით მუქარას განაგრძობს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ერაყი თანახმაა, შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პირობები ქვეყანაში განიარაღების ინსპექტორთა მუშაობის განახლების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ რეზოლუცია ნომერი 1441 ერთხმად მიიღო უშიშროების საბჭოს 15-მა წევრმა. რეზოლუციაზე თანხმობა გამოხატულია გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის სახელზე გაგზავნილ ვრცელ წერილში, რომელსაც ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ნაჯი საბრი აჰმედი აწერს ხელს. ამავე დროს, ხატოვანი ენით დაწერილ ეპისტოლეში შეერთებული შტატები და მისი მხარდამჭერები "ბოროტთა ბანდად" არიან მოხსენიებული, ხოლო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი –"ვაშინგტონის ლაქიად". ბაღდადი იმეორებს, რომ არ გააჩნია მასობრივი განადგურების იარაღი და არც მისი შექმნის პროგრამებს ახორციელებს. მიუხედავად ამ თანხმობისა, უკვე გაჩნდა კითხვები, დაარღვევს თუ არა ბაღდადი რეზოლუციის პირობებს და თუ დაარღვევს, როგორ გააკეთებს ამას.

ამასობაში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კვლავაც ომით იმუქრება, თუ ერაყი ოდნავ მაინც შეეცდება მისთვის წაყენებული პირობების დარღვევას.

ოთხშაბათს, ერაყისგან თანხმობის მიღებამდე, მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ შეურიგდება არავითარ "ტყუილს, ეშმაკობას თუ უარს", რაც, ბუშის თქმით, განხილულ იქნება როგორც პირობების "ფაქტობრივი დარღვევა". პრეზიდენტმა თქვა, რომ ე.წ. "მოსურნეთა კოალიცია" ვაშინგტონის ლიდერობით აიძულებს სადამ ჰუსეინს, დაემორჩილოს მისთვის წაყენებულ მოთხოვნებს.

[ბუშის ხმა] "მე ვუთხარი გაეროს, რომ ჩვენ მას სიამოვნებით მოვეთათბირებით. მაგრამ რეზოლუცია ვერ დაგვიშლის, გავაკეთოთ ის, რის გაკეთებაც საჭიროა – ვაიძულოთ სადამ ჰუსეინი, პირობა შეასრულოს. იმედი გვაქვს, რომ ის განიარაღდება. იმედი გვაქვს, რომ ის ყურს ათხოვებს მსოფლიოს მოწოდებას."

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ბუშს ერაყის თანხმობის ამბავი აცნობა. მისი სიტყვით, განიარაღების ინსპექტორები უკვე ორშაბათს ჩავლენ ბაღდადში და შემდგომი ერთი-ორი კვირის განმავლობაში ინსპექციას დაიწყებენ.

რეზოლუცია მოითხოვს, რომ ბაღდადმა 8 დეკემბრამდე წარმოადგინოს "სრული და ზედმიწევნითი დეკლარაცია" ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის ფლობის ან მათი შექმნის პროგრამების შესახებ და უპასუხოს კითხვას, არის თუ არა მის განკარგულებაში ე.წ "ორმაგი დანიშნულების" მასალები.

გაეროში ერაყის ელჩის მოჰამედ ალ-დოურის თქმით, "ერაყს არა აქვს და არც სურს ჰქონდეს მასობრივი განადგურების რაიმე იარაღი და, ამგვარად, არც ინსპექტორების დაბრუნება აშფოთებს."

თეთრი სახლის პრესმდივანმა სკოტ მაკკლელანმა ოთხშაბათს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატების აზრით, ბაღდადი ფლობს ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღს და მუშაობს ბირთვული იარაღის შექმნაზე.

გაეროს განიარაღების ინსპექტორებმა მომავალი წლის 21 თებერვლამდე უნდა წარმოადგინონ საწყისი ანგარიში. თუ იქამდე რაიმე სერიოზულ დარღვევას წააწყდებიან, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ უშიშროების საბჭოს.

ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ბუში ერაყის ნებისმიერ შეცდომას გამოიყენებს ომის დაწყების საბაბად, რუსეთი და საფრანგეთი კი არ გაიზიარებენ ასეთ აგრესიულ პოზიციას.

მაგრამ ამერიკელი ექსპერტის ენტონი კორდსმანის აზრით, ბუშის ადმინისტრაცია ინსპექტორებს მუშაობას აცლის და მცირე დარღვევებს არ წამოეკიდება. ამასთან, ექსპერტის აზრით თუ დეკლარაციაში, რომელიც 8 დეკემბერს უნდა წარმოადგინოს, ერაყი არაზუსტ ინფორმაციას შეიტანს, როგორც ამას უწინ სჩადიოდა, ეს, ფაქტობრივად ომის გამოცხადებად იქნება შეფასებული.

კორდსმანი აღნიშნავს, რომ ბუშმა უკვე ნათლად განაცხადა, რას აპირებს ამ შემთხვევაში: შეერთებული შტატები მიმართავს გაეროს და თუ გაერო მოქმედებას არ მოისურვებს, ვაშინგტონი თვითონ ჩაუდგება სათავეში ერაყის წინააღმდეგ ბრძოლის "მოსურნეთა კოალიციას"
XS
SM
MD
LG