Accessibility links

logo-print

მსოფლიო ისევ ბინ ლადენზე ალაპარაკდა


რამდენიმე დღეა, ისევ შეიძინა აქტუალობა შეკითხვამ: ცოცხალია თუ არა ნომერ პირველ ტერორისტად მიჩნეული ოსამა ბინ ლადენი? როგორც ახალი ამბების გამოშვებებში უკვე ვიუწყებოდით,

ბინ-ლადენის ყოფნა-არყოფნისადმი ინტერესი განაახლა წამყვანი არაბულოენოვანი ტელეკომპანია “ალ ჯაზირის” ეთერში სამშაბათს, 12 ნოემბერს გაშვებულმა აუდიო-ჩანაწერმა, რომელზეც, სავარაუდოდ, ტერორისტთა ლიდერის ხმა ისმის. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ჩანაწერიდან: (სავარაუდოდ, ბინ ლადენის ხმა)“ალაჰის მორჩილი ოსამა ბინ ლადენი მოგმართავთ ქვეყნებს, რომლებიც თანამშრომლობთ ამერიკის უსამართლო მთავრობასთან. გზა უსაფრთხოებისაკენ იწყება აგრესიისათვის ბოლოს მოღებით. სამართლიანობა ყველასთვის ერთია”.

ვინ კითხულობს ამ მიმართვას, ამერიკელ სადაზვერვო ტექნიკის ექსპერტებს ჯერ არ დაუზუსტებიათ. აი, მიმართვის ადრესატებად კი, როგორც მოისმინეთ, დასავლეთის ქვეყნები გვევლინებიან და სწორედ ეს არის “ალ ჯაზირით” სამშაბათს გადაცემული ჩანაწერის ერთ-ერთი თავისებურება: წინა ჩანაწერებით ხომ ბინ ლადენი, უწინარესად, მუსლიმანურ სამყაროს მიმართავდა. ყურადღებას იპყრობს კიდევ ორი თავისებურება: აქამდე “ალ ჯაზირა” ბინ ლადენის ვიდეომიმართვებს აჩვენებდა, ახლა კი მის ხელთ მხოლოდ ხმა, ანუ აუდიოჩანაწერი აღმოჩნდა. და, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, მიმართვაში მოხსენიებულია ძალადობის ბოლოდროინდელი აქტები, მათ შორის აფეთქება ბალიზე და მძევლების აყვანა მოსკოვში. ეს კი, ლოგიკურია, ნიშნავს შემდეგს: თუ გაირკვა, რომ ჩანაწერზე მართლაც ბინ ლადენის ხმა ჟღერს, ნომერი პირველი ტერორისტი ცოცხლად უნდა მივიჩნიოთ.

რაც შეეხება მიმართვის შინაარსს, მისი შეჯამება ადვილი ამოცანაა: მკაცრად არის გაკრიტიკებული შეერთებული შტატებისა და ისრაელის მოქმედება მუსლიმანთა წინააღმდეგ, მუსლიმანთა მიერ განხორციელებული აქტები გამოცხადებულია საპასუხო აგრესიად და გამოთქმულია მუქარა დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ავსტრალიის მიმართ, რომ მუსლიმანები მომავალშიც ძალადობით უპასუხებენ მათ წინააღმდეგ ძალადობას.

(ჯეიმზ ფილიპსის ხმა) “განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ შეერთებული შტატების ზოგიერთი მოკავშირის დასახელებით, ბინ ლადენი ზრდის ძალადობის სამიზნეთა რიცხვს და ცდილობს, განხეთქილება დათესოს შეერთებულ შტატებსა და ანტიტერორისტული კოალიციის მნიშვნელოვან წევრებს შორის. ეს, შესაძლოა, ამ ქვეყნებში მომავალ თავდასხმებზე მინიშნება იყოს”, ამბობს ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ცენტრის, “მემკვიდრეობის ფონდის” თანამშრომელი ჯეიმზ ფილიპსი, რომელსაც ჩვენი ვაშინგტონელი კორესპონდენტი ჯეფრი დონოვენი ესაუბრა. მაგრამ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორ ნათან ბრაუნის შეფასებით, მიმართვის მთავარი მიზანია არა დასავლეთის დაშინება, არამედ ბინ-ლადენის მიმდევრებისა და თანამოაზრეების გამხნევება. ბრაუნი ამ მოსაზრებას შემდეგი მაგალითით ასაბუთებს: მიმართვაში მოხსენიებულია ბაღდადის მიწასთან გასწორება 1258 წელს მონღოლთა მხედართმთავრის მიერ – ტრაგედია, რომელიც მუსლიმანურ სამყაროში დღემდე არ დავიწყებიათ, მაშინ როცა დასავლეთში ის ისტორიკოსების გარდა აღარავის ახსოვს.

აი, სამშაბათს გავრცელებული მიმართვისადმი ინტერესი კი კარგა ხანი არ განელდება: (ჯორჯ ბუშის ხმა) “ვინც უნდა იყოს ამ ჩანაწერის გამავრცელებელი, მან მსოფლიოს შეახსენა, რომ ომი გრძელდება და ამ ცნობას ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. მოვეკიდებით კიდეც”, განაცხადა ოთხშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა.

საინტერესოა აგრეთვე ზოგი მიმომხილველის მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რატომ გავრცელდა მიმართვა არა ვიდეო-, არამედ აუდიოჩანაწერის სახით: ვარაუდობენ, რომ, თუ საქმე მართლაც ბინ ლადენს ეხება, ის ან მძიმედ ავადმყოფობს, ან თავს არიდებს სამალავის გამხელას.
XS
SM
MD
LG