Accessibility links

logo-print

შევარდნაძე სასტუმრო ბიზნესში ინვესტიციისათვის შეღავათებს ითხოვს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ოფიციალური მონაცემებით, სასტუმრო ბიზნესი საქართველოში ბოლო დროს სერიოზულ ზრდას განიცდის. ამის გამო პრეზიდენტი ამ სფეროში ინვესტიციებისათვის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის ინიციატივითაც კი გამოდის,

მაგრამ, თუ თავად ამ ბიზნესში დასაქმებულებს ვერწმუნებით, სასტუმროების მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს ნორმალურ ფუნქციონირებას და შემოსავლებიც მეტისმეტად მწირია.

სასტუმროების ბიზნესი საქართველოში, ერთი შეხედვით, ეკონომიკის საკმაოდ განვითარებული სეგმენტია. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების პოზიცია ამგვარია და ორიოდე დღის წინ ამ თემას პრეზიდენტი შევარდნაძეც კი გამოეხმაურა, რომელმაც ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში ახალი ინიციატივაც წამოაყენა. პრეზიდენტმა სურვილი გამოთქვა თხოვნით მიმართოს საკანონმდებლო ხელისუფლებას, რომ მან სასწრაფოდ განიხილოს სასტუმრო ბიზნესში ინვესტიციებისათვის შეღავათების დაწესების შესახებ კანონის მიღების საკითხი.

შევარდნაძეს მიაჩნია, რომ სასტუმრო ბიზნესი საქართველოში ,,გასაოცარი ტემპებით იზრდება”, რის შედეგადაც ამ სფეროდან ქვეყნის ბიუჯეტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში 52 მილიონი ლარი შევიდა.

52 მილიონი ლარი ეკონომიკის ერთი ვიწრო სეგმენტიდან, მართლაც, შთამბეჭდავი ციფრია, მაგრამ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ მოსაკრებლების უდიდესი ნაწილი მხოლოდ რამდენიმე მსხვილ სასტუმროზეა გადანაწილებული, მთლიანად კი სასტუმრო ბიზნესის ინფრასტრუქტურა მაინცდამაინც დიდი შემოსავლებით ვერ დაიკვეხებს.

საქართველოში სასტუმროების უმეტესი წილი დედაქალაქსა და რამდენიმე საკურორტო ცენტრშია კონცენტრირებული, ხოლო სხვადასხვა მსხვილ ქალაქსა და რაიონულ ცენტრებში ბოლო წლების განმავლობაში არათუ ახალი სასტუმროები არ აშენებულა, ძველი საბჭოური სასტუმროებიც ან გაპარტახებულია, ან ლტოლვილებით არის დასახლებული.

თავად სასტუმროები ჩვენთან შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დაიყოს. ამ სფეროში უდავო ლიდერებად უცხოური ინვესტიციებით შექმნილი კომპლექსები და საკურორტო ცენტრებში ბოლო დროს აშენებული სასტუმროები გვევლინებიან, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით სამ და უფრო მეტ ვარსკვლავიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან. ამ მხრივ, დღემდე ინარჩუნებს თავის კლასსა და რენომეს ”შერატონ მეტეხი პალასი”, რომელიც ყველაზე მეტად არის დატვირთული და, რაც მთავარია, საერთაშორისო თუ ადგილობრივი მასშტაბის კონფერენციების ჩატარების სასურველ ადგილად რჩება. ”მეტეხს” წელს სერიოზული კონკურენტი შეემატა ”მარიოტის” სახით.

ამ სასტუმროების დატვირთვის შედარებით მაღალ დონეს, ინფრასტრუქტურის გამართულობა, სერვისის დასავლური დონე და სწორი მენეჯმენტი განაპირობებს. ორივე სასტუმრო დასავლური ინვესტიციების მონაწილეობით არის შექმნილი. მომხმარებელთა შორის ამ სასტუმროების პოპულარობას დაცვის საკმაოდ საიმედო ხარისხიც განაპირობებს, რაც ბოლო პერიოდში უცხოელი სტუმრებისათვის, თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. სწორედ ამ ფაქტორების გამოა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო წარმომადგენლობები თუ დიპლომატიური მისიები ამ სასტუმროებში ამჯობინებენ ოფისის მოწყობას.

ბოლო წლებში უცხოელთა შორის შესამჩნევად იკლო თბილისში არსებული რამდენიმე ოჯახური მცირე სასტუმროს პოპულარობამ, რამაც ამგვარი ვილები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.

თუ უცხოელი სტუმრებისათვის ქართულ სასტუმრო ინდუსტრიაში მეტ-ნაკლები კონკურენცია და არჩევანის საშუალება არსებობს, ადგილობრივი მომხმარებელი, სიძვირის გამო, ფაქტობრივად, ალტერნატივის გარეშე არის დარჩენილი. იმ ტიპის სასტუმროები, სადაც მეტ-ნაკლებად ცივილიზებული დონის სერვისია და ფასებიც ”არ იკბინება,” ფაქტობრივად, აღარ გვხვდება. შესაბამისად, დედაქალაქის სტუმრებიც, ტრადიციულად, ღამეს ნათესავებთან ათევენ.
XS
SM
MD
LG