Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი და რუსი მესაზღვრეები თანამშრომლობის სულისკვეთების შენარჩუნებას ცდილობენ


სასაზღვრო საკითხებში ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ 17 ოქტომბერს ერევანში ხელმოწერილი ოქმის შემდეგ ქართველი და რუსი მესაზღვრეები ორმხრივი ურთიერთობის პერსპექტივებს

ხუთშაბათს თბილისში არკვევდნენ. ამ მიზნით 14 ნოემბერს საქართველოში ჩამოვიდა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონალური სასაზღვრო სამსახურის შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმირ პუტოვი. თუმცა მაშინ, როცა ქართველი და რუსი მესაზღვრეები თანამშრომლობის სულისკვეთების შენარჩუნებას ცდილობენ, პოლიტიკოსები, კავკასის ქედის ორივე მხარეს სულ უფრო საგანგაშო განცხადებებს აკეთებენ.


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სასაზღვრო უწყებათა ხელმძღვანელების უკანასკნელმა შეხვედრამ ერევანში საბოლოოდ დაუსვა წერტილი რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთის ერთობლივი პატრულირების შესახებ ატეხილ მითქმა-მოთქმას. 17 ოქტომბერს გენერალ ვალერი ჩხეიძისა და კონსტანტინ ტოცკის მიერ ხელმოწერილ ოქმში მხარეებმა საზღვრის ერთობლივი დაცვის ყველა ცივილიზებული ასპექტის შესახებ შეძლეს შეთანხმების მიღწევა, გარდა ერთისა. დოკუმენტი უფლებას არ აძლევს რუს და ქართველ მესაზღვრეებს, თუნდაც ოპერატიული ვითარების უკიდურესად გამწვავების შემთხვევაში, იარაღით ხელში გადაკვეთონ მოსაზღვრე ქვეყნის ტერიტორია, რისი პრეტენზიაც, კაცმა რომ თქვას, რუსეთს ჰქონდა და არა საქართველოს. დანარჩენი პუნქტები კი, რაც ოქმში აისახა, - ინფორმაციის გაცვლა სიხშირეების შესახებ, საზღვრის გარკვეულ მონაკვეთზე რეგულარული შეხვედრების ორგანიზება თუ ოპერატიული ინფორმაციების გაცვლა, - რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის გაკეთება მშვენივრად შეიძლება ყოველგვარი ოქმის გარეშე, ვთქვათ, ელექტრონული ფოსტის ან ჩვეულებრივი ტელეფონის საშუალებითაც.

მაგრამ, როგორც ჩანს, ერევანში ხელმოწერილმა ოქმმა გარკვეული საფუძველი და წინაპირობა შექმნა საზღვარზე რეალური თანამშრომლობის დასაწყებად. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსის, პოლკოვნიკ გივი იუკურიძის განცხადებით, თბილისში მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში, შესაძლოა, ასევე დადგეს სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის საკითხიც.
[გივი იუკურიძის ხმა] "შესაძლოა, ეს საკითხებიც დადგეს დღის წესრიგში, იქიდან გამომდინარე, რომ ტექნიკური აღჭურვილობა რუსებს ცოტა უკეთესი აქვთ, ვიდრე ჩვენებს. მხოლოდ მაინც - ყველა თავის ტერიტორიაზე და არავითარ შემთხვევაში აქეთ გადმოსვლა და გადასვლა."

ჯერჯერობით საზღვრის დაცვის უწყება არ ამჟღავნებს თბილისში მიმდინარე მოლაპარაკების შედეგებს. დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონალური სასაზღვრო სამსახურის შტაბის უფროსმა, გენერალმა ვლადიმირ პუტოვმაც. მისი ქართველი კოლეგის, პოლკოვნიკ სალიას, განცხადებით კი, მოლაპარაკებათა მთავარ თემას კვლავ ერევნის ოქმში დაფიქსირებული საკითხების განხილვა წარმოადგენს.

[კორნელი სალიას ხმა] "სულ რვა საკითხია განსახილველი. ეს არის: კავშირის დამყარება ერთმანეთთან, ინფორმაციების გაცვლა და ერთობლივი სწავლების ჩატარება და ასეთი საკითხები."

გარდა ამისა, თავად ის ფაქტი, რომ თბილისში ჩამოვიდა ჩრდილოეთ კავკასიიის რეგიონალური სასაზღვრო სამსახურის შტაბის უფროსი, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პრიორიტეტულად კვლავ ჩეჩნეთის, დაღესტნისა და ინგუშეთის მონაკვეთებზე არსებული სიტუაცია რჩება. საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერევანში ხელმოწერილი ოქმის შემდეგ საზღვრის დაცვა ამ მიმართულებით უკვე გაძლიერდა. სასწრაფოდ გადასაჭრელ საკითხთა შორის კი რჩება საზღვრის მთელი პერიმეტრის რეკოგნოსცირება და პატრულირებისთვის ყველაზე არსებითი და სახიფათო მონაკვეთების განსაზღვრა, რაც არცთუ ისე მარტივი საქმე იქნება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ასეთი არაპროგნოზირებადი მონაკვეთების რაოდენობა საქართველო-რუსეთის საზღვარზე კვლავ საკმარისზე მეტია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG