Accessibility links

logo-print

როგორ უნდა დაფინანსდეს საქართველოს თავდაცვის სისტემა


იმ სამხედრო საფრთხემ, როელმაც ბოლო თვეების მანძილზე საქართველოს წინაშე მთელი სიმწვავით იჩინა თავი, სერიოზული გამოცდა მოუწყო ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სისტემას.

ამ გამოცდის ჩაბარება კი სათანადო მომზადებას, ფინანსურ უზრუნველყოფას საჭიროებდა. მწირი საბიუჯეტო დაფინანსების მიუხედავად, შეგნებულად კანონის დარღვევით, ანუ სახსრების „არამიზნობრივი“ ხარჯვით, თავდაცვის სამინისტრომ მაინც შეძლო უზრუნველეყო ქვეყნის უსაფრთხოება.

კოდორის ხეობის გამაგრება, სამხედრო სწავლება „კახეთი 2002“ და სხვა ღონისძიებები, რომელთა განხორციელება საქართველოს თავდაცვის უწყებას დასჭირდა იმისათვის, რომ ქვეყნისთვის თავიდან აეცილებინა რეალურად მოსალოდნელი საფრთხე, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილა და მათი ფინანსური უზრუნველყოფა ისევ თავდაცვის სხვა სფეროთა დაუფინანსებლობის ხარჯზე გახდა შესაძლებელი.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მირიან გოგიაშვილი საჭიროდ არ მიიჩნევს თავდაცვის სამინისტროს გადასცეს პარლამენტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული დამატებითი ფინანსები, 11 მილიონი ლარის ოდენობით.

14 ნოემბერს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა სამხედრო საბჭო, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტების ხელმძღვანელებიც დაესწრნენ. ალბათ, ამან უბიძგა თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძეს ღიად ეთქვა ის, რაც წლების მანძილზე მასში მხოლოდ „სიმწრის ღიმილს“ იწვევდა.

[თევზაძის ხმა] „მე რაც არ უნდა კარგად ვერკვეოდე, მაგალითად, ფინანსებში, ნაღდად არ მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ ჩემი კოლეგის მაგივრად რაღაც გადავწყვიტო. მან თურმე გადაწყვიტა, რომ საფრთხე საქართველოში არ არსებობს, იმიტომ რომ ვიღაცამ შეწყვიტა მუქარა. მე მოგახსენებთ, თუ საქართველო აქამდე იდგა პოტენციური საფრთხეების წინაშე, აი, არის სავარაუდო საფრთხე, მეზობლები, მაგალითად, ჩვენ დღეს რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ. ჩვენმა მეგობარმა მეზობელმა მიიღო ისეთი სამხედრო დოქტრინა, რომლითაც, პრაქტიკულად, სამივე ბაზა, რომელიც აქ დარჩა, ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაირთოს.“[სტილი დაცულია]

გაისადაც რომ შესაძლებელი იყოს ანალოგიური საფრთხის თავიდან აცილება, ამისათვის საჭიროა თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდა, რათა მას კვლავ იმ პროგრამებზე თანხის ჩამოჭრა არ დასჭირდეს, რომელთა განხორციელება წელს კითხვის ქვეშ დადგა.

მაგალითისათვის ვიტყვი, რომ, ზამთრის სამზადისისთვის განკუთვნილი ფულით „კახეთი 2002-ის“ დაფინანსების გამო, სრულფასოვნად ვერ სრულდება ამერიკის დახმარებით მიმდინარე „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ თანადაფინანსების პირობა. უსახსრობის გამო თავდაცვის უწყება ვერ მონაწილეობს ნატოს პროგრამის - „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ - ფარგლებში მიმდინარე ზოგიერთ სამხედრო სწავლებაში, ვერც საწევრო თანხებს იხდის. ამ დროს კი, საქართველოში ნატოს წევრობაზე ოცნებობენ და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ფიქრობენ, ეს კი თავდაცვის სამინისტროს სათანადო დაფინანსებას საჭიროებს და წლევანდელი 36 მილიონ ლარიანი ბიუჯეტი ან მომავალი წლისთვის დაპირებული 50 მილიონიანი საფინანსო გეგმა საკმარისი არ არის. თუ გავითვალისწინებთ თავდაცვის უწყების წლევანდელი დაფინანსების 71 პროცენტიან პრაქტიკასაც, თავდაცვის სისტემის ხელმძღვანელებს სერიოზული კითხვა უჩნდებათ იმის შესახებ, რიტუალური ტიპის ჯარი სჭირდება ჩვენს ქვეყანას თუ სწრაფი რეაგირების, პროფესიონალური ნაწილები. ანუ სამხედროები პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ითხოვენ.

[თევზაძის ხმა] „ჩვენ გვეკუთვნის, რომ, როცა მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, დაგითვალოთ კარგად, როგორც სპეციალისტებმა, და გითხრათ: აი, ამას სჭირდება ეს უზრუნველყოფა. ის, რაც ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა, როგორც სავარაუდო პროექტი, შეიძლება ის ზომაზე მეტიც იყოს მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავწყვიტავთ, რომელ პროგრამაზე ვამბობთ უარს. ოღონდ, შესაბამისად, რომელზეც ვამბობთ უარს, იმაზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ფიცის ქვეშ არიან და, პრაქტიკულად, ყველაფერზე პასუხს აგებენ, ის უნდა მოიხსნას რაღაცნაირად. “[სტილი დაცულია]

არსებული ამოცანების დასაფინანსებლად კი, სავარაუდოდ, 80-დან 120 მილიონ ლარამდეა საჭირო. ბიუჯეტის პროექტის ეს ალტერნატივები უკვე მომზადებული აქვს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად, და, თუ მათი გაზიარება არ მოხდა, ისე ბიუჯეტისათვის ხმის მიცემას არ აპირებენ ამ კომიტეტთა თავმჯდომარეები და, შესაბამისად, მათ უკან მდგომი პოლიტიკური ძალები. რამდენად გაამართლებს მაქსიმუმის მოთხოვნით საჭირო მინიმუმის მიღების მეთოდი, პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG