Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაგოსის არქიპელაგიდან განდევნილი მოსახლეობა სამშობლოში დაბრუნებას და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს


მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან კოლონიზატორი სახელმწიფოები

თავიანთ კოლონიებს იურიდიული დამოუკიდებლობის მიცემაზე უარს აღარ ეუბნებოდნენ. მაშინ ეს აღიქმებოდა როგორც დასავლეთის სულგრძელობის ნიშანი. ზოგჯერ პარალელები კეთდებოდა: დასავლეთი თავის კოლონიებს ათავისუფლებს და რუსეთი კი ამაზე არც ფიქრობსო, - იტყოდნენ ხოლმე კომუნისტური კოლონიების მოქალაქეები. მას მერე დიდი დრო გავიდა. დასავლეთი - პირველ რიგში, შეერთებული შტატები და ბრიტანეთი - ცდილობს თავისი ინტერესები განახორციელოს, თუმცა მისი ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიხარა. დღეს ერთი კოლონიის მოქალაქეების განსაკუთრებულ პრობლემაზე გესაურებით, პრობლემაზე, რომელიც აერთიანებს ყველანაირ გასაჭირს - პოლიტიკურსაც, ეკონომიკურსაც და, უბრალოდ, ადამიანურსაც.
ლაპარაკი გვექნება ბრიტანეთის კოლონიაზე ინდოეთის ოკეანეში. 1965 წელს გაერთიანებულმა სამეფომ მავრიკს, სეიშელებსა და მალდივებს დამოუკიდებლობა უბოძა. მაშინვე ინანეს ეს ნაბიჯი, რადგან გაჩნდა საშიშროება, რომ შუა “ცივი” ომის პერიოდში დასავლეთი საყრდენს დაკარგავდა ინდოეთის ოკეანეში, სადაც საბჭოთა კავშირსაც შეიძლებოდა ჰქონოდა ინტერესი. ეს ხომ უზარმაზარი არეალია, რომელიც ერაყს, ავღანეთს, პაკისტანს მოიცავს და აღმოსავლეთ აფრიკიდან, რომლის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს ეს კუნძულები, ჩინეთამდე სწვდება. ამ დანაკარგის საშიშროების წინ მდგომმა ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ამერიკელებისთვის იჯარით მიეცა ჩაგოსის არქიპელაგის კუნძულები, კერძოდ, მისი უმთავრესი და უდიდესი კუნძული დიეგო გარსია, რომელზეც შეერთებულმა შტატებმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზის გამართვა მოინდომა. ჩაგოსის არქიპელაგი დროზე ჩამოაცილეს მავრიკს, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა. თვით ჩაგოსს ოფიციალურად ინდოეთის ოკეანეში ბრიტანეთის ტერიტორია ეწოდა და ბრიტანეთის საკუთრებად დარჩა.
ვაშინგტონში მოელოდნენ, რომ ბრიტანეთი მას მადაგასკარის ჩრიდილოეთით მდებარე ალდაბრას და ატოლებს გადასცემდა, მაგრამ გაირკვა, რომ, ამ მხრივ, პრობლემა გაჩნდა: ბუნების დამცველებმა გამოაცხადეს, რომ ამ კუნძულებზე ბინადრობდა ერთ-ერთი უნიკალური გოლიათი კუს სახეობა. ეს იყო მათი არგუმენტი. დიეგო გარსიაზე კი მხოლოდ ადამიანები ცხოვრობდნენ და მათი გასახლება და გაწირვა, მათთვის სამშობლოს წართმევა შეიძლებოდა. ბრიტანეთი ადგილობრივ მოსახლეობას, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, კოლონიზატორს რომ შეშვენის, ისეთი ქედმაღლობით მოექცა და 2000 ადამიანი უსამშობლოოდ დატოვა. ჩაგოსის არქიპელაგის მცხოვრებნი აღმოსავლეთ აფრიკელი მონების შთამომავლები არიან. მათი წინაპრები იქ კეთრით დაავადების გამო გაასახლეს მავრიკიდან. კოლონიური უწყების ერთ-ერთ ანგარიშში, რომლის ავტორი დიპლომატი დენის გრინჰილია, ვკითხულობთ, რომ იქ ცხოვრობენ საეჭვო წარმოშობის ტარზანები და პარასკევები. ამას შემდგომ მოჰყვა საზოგადოებრივი აზრის იმ მიმართულებით წარმართვა, რომ ისინი არ არიან მკვიდრი მოსახლეობა და რომ იქ მხოლოდ მცირე რაოდენობის დროებით მომუშავეები იმყოფებიან და ა.შ. თავიდან ბრიტანელებმა არქიპელაგიდან გაიყვანეს სამედიცინო პერსონალი, რითაც იქაურ მცხოვრებთ აიძულებდნენ სამედიცინო დახმარებისთვის მავრიკში წასულიყვნენ, უკან დაბრუნების შემდგომ კი მათ ფაქტის წინაშე აყენებდნენ, რომ კუნძული სამხედრო მიზნებით დაკეტილია. ასე გაგრძელდა რამდენიმე წელიწადს და 1973 წლისთვის ჩაგოსის არქიპელაგზე ადამიანიშვილი აღარ ცხოვრობდა, იქაურობა მთლიანად სამხედრო ბაზას დაეთმო. ისიც უნდა ითქვას, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება იმ წლებში ცდილობდა, იქიდან განდევნილი მოქალაქეების ბედი არ გახმაურებულიყო და ამას მიაღწიეს კიდეც. გაეროს პროტესტიც იმავე ბრიტანეთის მთავრობის მიერ იქნა ჩაჩუმებული.
მაგრამ გავიდა წლები და ჩაგოსელი ლტოლვილების გაერთიანებამ დაიწყო სამართლის ძიება. 1999 წელს მან უჩივლა კოლონიზატორ სახელმწიფოს. ლონდონში მიაგნო ადვოკატ სერ სიდნეი კენტრიჯს, რომელიც თავის დროზე ნელსონ მანდელას იცავდა და ის ციხიდან გამოაყვანინა. პროცესი ჩაგოსელებმა მოიგეს. სასამართლომ საკუთარი სახელმწიფოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და განდევნა უსამართლოდ მიიჩნია. ბრიტანეთმა დაარღვია საკუთარი “მაგნა ქარტაც” და გაეროს ადამიანის უფლებების კონვენციაც. ასე რომ, განდევნილ ჩაგოსელებს ნება დაერთოთ დაბრუნებულიყვნენ არქიპელაგის 65-იდან 64 კუნძულზე. თუმცა რა, კუნძულები გავერანებულია, არ არსებობს, ინფრასტრუქტურა, უსახსროდ იქ დაბრუნება სასიცოცხლო პირობების გარეშე დარჩენას ნიშნავს. ახლა ჩაგოსელები ზარალის კომპენსაციის მიღებას ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით მათ მცდელობას წარმატება არა აქვს. არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძული დიეგო გარსია, ამასთან, ყველაზე მეტად ათვისებული, მათთვის კვლავაც დახურულია. შეერთებულმა შტატებმა ბრიტანეთს ოფიციალურად მიმართა, რომ იქ განთავსებულია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო ბაზა, საიდანაც განხორციელდა სამხედრო ოპერაციები ერაყის წინააღმდეგ, და რომ იქ ადამიანების გამოჩენა ყოვლად მიუღებელია, რადგან მათ შორის შეიძლება იყვნენ სამხედრო საიდუმლოთი დაინტერესებული ძალები. ეჭვი არ არის, ბრიტანეთი შეერთებული შტატების საწინაღმდეგოდ არ იმოქმედებს და გასაიდუმლოებულ კუნძულზე არავის მიუშვებს, მით უმეტეს, რომ პრემიერმა ტონი ბლერმა ვაშინგტონს უკვე მისცა ერაყის წინააღმდეგ ახალი ომის საწარმოებლად დიეგო გარსიას გამოყენების უფლება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG