Accessibility links

logo-print

შეუწყვეტენ თუ არა უფლებამოსილებას 5 პარლამენტარს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც ჩანს, მომავალ კვირას პარლამენტში დრამატული მოვლენები განვითარდება: ფრაქცია “აღორძინება” მოითხოვს იმ 5 პარლამენტარის უფლებამოსილების შეწყვეტას,

ვინც მონაწილეობა მიიღო თბილისის საკრებულოს პირველ სხდომაში და ამით, “აღორძინების” განცხადების თანახმად, კონსტიტუცია დაარღვია. ელდარ შენგელაია, გიორგი ბარამიძე, ელენე თევდორაძე, გოგი თოფაძე და გიორგი თარგამაძე – აი, ისინი, ვისი საკითხიც მომავალ კვირას პარლამენტის მსჯელობის საგნად იქცევა.

როგორც გახსოვთ, თბილისის საკრებულოს პირველ სხდომაში მონაწილე პარლამენტის წევრების პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა ფრაქცია “აღორძინებამ” დააყენა. ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის ვალერი გელბახიანის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის წევრები გაფრთხილებულნი იყვნენ, მონაწილეობა არ მიეღოთ საკრებულოს სხდომაში, მათ მაინც დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუცია:
[ვალერი გელბახიანის ხმა] “ 5 დეპუტატიდან სამმა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში მას შემდეგ, რაც მათი უფლებამოსილებები ცნობილი იქნა, მიუხედავად იმისა, რომ იყო გაფრთხილებები, რომ ისინი არღვევდნენ კონსტიტუციას, საფრთხეში ჩაიგდებდნენ თავს და დადგებოდა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.”
5 პარლამენტარის მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავდება: მართალია, ხუთივეს უფლებამოსილება საკრებულომ ცნო, მაგრამ ორმა პარლამენტარმა – მრეწველმა გოგი თოფაძემ და “აღორძინების” წევრმა გიორგი თარგამაძემ - სიტყვიერი განცხადება გააკეთა, რომ ისინი უარს ამბობენ საკრებულოს წევრობაზე, ხოლო, როცა, ამ განცხადების მიუხედავად, მაინც შეიყვანეს კენჭისყრის სიაში, ორივემ, პროტესტის ნიშნად, დატოვა საკრებულოს სხდომა და მონაწილეობა არ მიიღო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში, განსხვავებით გაერთიანებული დემოკრატების - ელდარ შენგელაიას, გიორგი ბარამიძისა და ელენე თევდორაძისაგან, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ იმის გამო, რომ, მათივე განმარტებით, ასეთი პირობა ჰქონდათ მიცემული.
საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს პარლამენტარის მიერ სხვა სახელმწიფო თანამდებობის შეთავსებას. და თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, პარლამენტმა ურჩს უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტოს. “ურჩები” დღეს აცხადებენ, რომ მათ თავად ბოლომდე ვერ გაურკვევიათ, დაარღვიეს კანონი თუ არა. როგორც ელენე თევდორაძემ განუცხადა ერთ-ერთ ტელეკომპანიას, ის იმდენად დაბნეულია, რომ უკვე აღარც აინტერესებს, რით დასრულდება ყოველივე. სხვათა შორის, თუ პარლამენტი მაინც მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, მათ უფლება აქვთ, ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ. თუმცა, ისევ პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მეტად საინტერესო დამოკიდებულებას თუ გავიხსენებთ, – მაგალითად, პარლამენტმა არაფრად ჩააგდო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ 4 პარლამენტარი უკანონოდ არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი, – სულაც არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ამჯერადაც პარლამენტმა შიდა გარიგებებით შეძლოს, ასე ვთქვათ, შიდა პრობლემის მოგვარება. თუმცა საკითხის განხილვა რომ აუცილებლად შედგება, უეჭველია.
XS
SM
MD
LG