Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოს ნომერ პირველი პარტიის იმედები


საქართველოს ლეიბორისტული პარტია მას შემდეგ, რაც ქალაქის სათათბიროს თავმჯდომარეობა ნომერ მეორე პოლიტიკური ძალის ლიდერს – მიხეილ სააკაშვილს გაუნაღდა,

კვლავ მომავლის იმედით ცოცხლობს, იმ მომავლისა, რომელსაც იგი თბილისის ახლანდელი მერისა და ქვეყნის ახლანდელი პრეზიდენტის გარეშე ხედავს. კიდევ რა აღრმავებს ლეიბორისტთა ლიდერ შალვა ნათელაშვილის ოპტიმიზმს და რა იდეებისადმი ერთგულება მატებს მას ენთუზიაზმს?

ქართველ ლეიბორისტთა ლიდერის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე საუბარში კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ამომრჩეველთა ის ჯგუფი, რომელიც პარტიის წარმატებას განაპირობებს და რომელზე დაყრდნობითაც სურს ნათელაშვილს პოლიტიკური მიზნების მიღწევა. მოსახლეობის ამ ნაწილს, როგორც საკრებულოს ბოლო არჩევნებმაც დაადასტურა, ძალიან ესალბუნება ლეიბორისტთა ლიდერის მიერ სიტყვა - “უფასოს” ხშირად ხმარება, აგრეთვე იმ მომავლის წარმოდგენა, როცა მათ არავინ მოსთხოვს გადასახადებს და, შესაბამისად, მათი გადაუხდელობის გამოც არავინ გაუთიშავს დენს, ტელეფონს, არ გადაუკეტავს წყალს. იმ ნათელ მომავალში ყველაფრის საფასური ქვეყნისა და ქალაქის პატიოსან და უმწიკვლო მესვეურთა ძალისხმევით ბიუჯეტიდან დაიფარება. ვის ყურს აამებს ლეიბორისტთა ლიდერი? ვის სჯერა ამგვარი მომავლისა დღეს საქართველოში? ამ კითხვას თავად ნათელაშვილი უკვე მერამდენედ უპასუხებს:

[ნათელაშვილის ხმა]
“დამთავრდება გადასახადების, ანუ გატყავებების, პროცესი დედაქალაქში, შემოწმდება ყველა ობიექტი: ეს იქნება წვრილი და საშუალო ბიზნესი, ეს იქნება ბაზრობებზე მოკალათებული ჩვენი უამრავი თანამემამულე, რომელიც ითოშება იქ და ხან სიცხისგან კვდება და რომელსაც ართმევენ ყოველდღიურად სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოები, ბაზრის დირექციები, რევიზორები თანხას, ლუკმაპურის ფულში უჯდებიან წილში. დამყარდება წესრიგი ტრანსპორტის სისტემაში, იმ ტრანსპორტის სისტემაში, რომელიც დღეს ასაზრდოებს კორუმპირებულ სამთავრობო ელიტას; იმ ტრანსპორტის სისტემაში, სადაც ტაქსისტებს ყოველ დილით 5 ლარს ართმევენ საგზურის ფურცლის აღებაში სრულიად უკანონოდ და ეს თანხა - ჩვენ დავიანგარიშეთ ბატონ ფრიდონთან, აგერ, წარმოადგენს.. - თვეში ადის 6-7 მილიონამდე, სრულიად არასაბიუჯეტო თანხა, რომელიც მიემართება, აი, ამ გაბატონებული კლანის ჯიბეში”.

ნათელაშვილის მიერ ნახსენები “ბატონი ფრიდონი” ყოფილი კავშირგაბმულობის მინისტრი ფრიდონ ინჯია გახლავთ, რომელთან ერთადაც ითვლის ლეიბორისტთა ლიდერი, ვის ჯიბეში მიდის ესა თუ ის გადასახადი.

ბაზრობებზე მოვაჭრეებისა და ტაქსისტების პოტენციურ ამომრჩეველთა, თუ, გინდაც, გულშემატკივართა სიას ლეიბორისტთა ლიდერი დევნილებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, პოლიციისა და მედიცინის მუშაკებს უერთებს, მათ მთავრობის “გახალხურებას”, მაქსიმალურ სოციალურ დაცვას, “მუხლჩაუხრელ მუშაობას” და... სატელეფონო კავშირზე სააბონენტო გადასახადის მოხსნას ჰპირდება.

რაც შეეხება თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების კამპანიას, აქ ლეიბორისტთა ლიდერი იმედს საკრებულოს წამყვანი პოლიტიკური ძალების ერთიანობაზე ამყარებს და ფიქრობს, რომ ეს მათი დიდი პოლიტიკური მიზნის აღსრულების დასაწყისი იქნება.

საკრებულოს პარტიები ისევ და ისევ ჩაგრულებსა და მათ ხარჯზე მყოფ “გაბღენძილ ბიუროკრატებზე” საუბრობენ. ყველაზე სამწუხარო კი მაინც ის არის, რომ საქართველოს სინამდვილეში ტაქსისტიცა და ბიუროკრატიც - ორივე ჩაგრულია და შველა ორივეს სჭირდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG