Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იარაღის საკითხში სადამ ჰუსენი დილემის წინაშე დგას


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა უახლოესი სამი კვირის განმავლობაში (უკანასკნელი ვადა 8 დეკემბერია), სადამ ჰუსეინმა გაეროს უნდა წარუდგინოს დეტალური დეკლარაცია იმის შესახებ, ფლობს თუ არა ბიოლოგიურ,

ქიმიურ და ბირთვულ იარაღს ან ახორციელებს თუ არა მათი შექმნის პროგრამებს. ერაყი ერთსაც და მეორესაც სისტემატურად უარყოფს და ეს 13 ნოემებრს, გაეროში გაგზავნილ წერილშიც გაიმეორა.

მაგრამ ვაშინგტონი, და არა მარტო ის, ირწმუნება, რომ 1991 წლის სპარსეთის ყურის ომამდე ცოტა ხნით ადრე, ბაღდადი საკმაოდ მიუახლოვდა ბირთვული იარაღის შექმნას და 1998 წელს გაეროს განიარაღების ინსპექტორების გაძევების შემდეგ, მას ჰქონდა ამ პროგრამის განახლების შესაძლებლობა.

სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, სადამ ჰუსეინმა შეიძლება დაუშვას ინსპექტორები ზოგიერთ ობიექტზე, ვინაიდან მათს არშეშვებას გაეროს უშიშროების საბჭო, რომელმაც ერაყს იარაღის ინსპექციის მკაცრი რეჟიმი დაუწესა, რეზოლუციის დარღვევად ჩათვლის.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტის ენტონი კორდსმანი ვარაუდით, სადამს, რომელსაც წარსულშიც სჩვევია სიცრუე, არ გაუჭირდება იმის თქმა, რომ მის განკარგულებაში მყოფი ქობინები და იარაღი გაუვნებელყოფილია, რომ ესა თუ ის ობიექტი ორმაგი დანიშნულებისაა და ა.შ.

ამავე აზრისაა ვაშინგტონელი სამხედრო ანალიტიკოსი საიმონ სერფატი. მისი სიტყვით, "სადამი იტყვის არაფერზე მეტს და ყველაფერზე ნაკლებს და საქმის გაჭიანურებას ეცდება."

სერფატი იხსენებს, რომ სადამი უწინაც ეფექტიანად იყენებდა გაჭიანურების ტაქტიკას იარაღის გადასამალად. მისი სიტყვით, შეერთებული შტატები და უშიშროების საბჭოს სხვა წევრები არ უნდა აჰყვნენ გაჭიანურების თამაშს, რომელიც სადამს მოუტანს სარგებელს და ბუშს პირში ჩალაგამოვლებულს დატოვებს.

[სერფატის ხმა] "თუ ბუში დათანხმდა არგუმენტებზე, რომლებიც უშიშროების საბჭოს დანარჩენმა წევრებმა შეიძლება გამოთქვან – "მივცეთ ინსპექტორებს შანსი" – ხოლო ინსპექტორები მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერაფერს იპოვიან, პრეზიდენტი ბუში ჩიხში მოექცევა, მას მოუწევს, დაელოდოს იმ დროს, როცა ინპექტორები რაიმეს აღმოაჩენენ."

ამ სიტუაციაში გაერო ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა. ერთ მხარეს ერაყია, ხოლო მეორე მხარეს შეერთებულმ შტატები. წარსულში გაეროს გაუცია ომის დაწყების სანქციები – მსგავსად 1991 წელს სპარსეთის ყურის ომისა, ერაყის ძალების ქუვეითიდან განდევნის მიზნით. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გაერო მსოფლიოში მშვიდობის განსამტკიცებლად დაარსდა. არ არის გასაკვირი, რომ მისი გენერალური მდივანი კოფი ანანი თავშეკავების მომხრეა. ოთხშაბათს მან თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოს ომი, თუ დარწმუნდება, რომ ერაყი სერიოზულად ეურჩება უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.

კორდსმანი კი ამბობს, რომ თუ ბაღდადი ისე იმოქმედებს, როგორც ამას წარსულში აკეთებდა, ვაშინგტონს ომის დასაწყებად საკმარისი გამართლება ექნება. ამასთან, კორდსმანი გამოთქვამს აზრს, რომ შეერთებული შტატები ომს არ დაიწყებს უმნიშვნელო მიზეზით, მაგალითად, ინსპექტორების მუშაობაში ორსაათიანიი დაყოვნების გამო.

გაეროს განიარაღების ინსპექტორთა გუნდის მეთაურმა ჰანს ბლიქსმა პარასკევს განაცხადა, რომ ინსპექციაში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა ან ინსპექტორთა მუშაობის შეფერხება რეზოლუციის პირობების დარღვევად ჩაითვლება.

"სერიოზულ დარღვევად ჩაითვლება, თუ ობიექტზე ორი საათის განმავლობაში არ დაგვიშვებენ, ვინაიდან მოულოდნელობა ინსპექციის არსებითი მომენტიაო", თქვა ბლიქსმა.
XS
SM
MD
LG