Accessibility links

logo-print

”საბიუჯეტო დაპირისპირება” თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს შორის მწვავდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხების ირგვლივ საკანონმდებლო ხელისუფლებაში ახალი სკანდალი მწიფდება.

საფინანსო უწყება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის მხოლოდ 57 მილიონ ლარს იმეტებს, მაშინ როდესაც, დავით თევზაძის თქმით, ჯარს ელემენტარულ დონეზე შესანახად, მინიმუმ, ორჯერ მეტი თანხა სჭირდება.

იმ დროს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილს ღიად აფიქსირებს და ახლო მომავალში ოფიციალურ განაცხადსაც წარადგენს ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მორიგ სამიტზე, ფინანსური უწყება ქართულ ჯარს ელემენტარული თანხების გარეშე ტოვებს და სამომავლოდაც არაფრის მიცემას არ აპირებს. თავდაცვის მინისტრი მომავალი წლის ბიუჯეტში სამხედრო ხარჯებისათვის 130 მილიონამდე ლარს ითხოვს, ფინანსთა სამინისტრო კი მხოლოდ 57 მილიონს იმეტებს. ამ საკითხის გარშემო დებატები საკანონმდებლო ხელისუფლებაში უკვე კრიტიკულ ზღვარს აღწევს: პარლამენტარები თავდაცვისათვის ხარჯების გაზრდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2003 წლის ბიუჯეტის დამტკიცება, შესაძლოა, ჩააგდონ კიდეც. ამ თემისადმი, ოპოზიციის გარდა, თავად სახელისუფლებო ფრაქციებშიც არაორაზროვანი დამოკიდებულებაა. ასე რომ, ბიუჯეტის ბოიკოტირების საფრთხე სავსებით რეალურია.

მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრების გარდა, თავდაცვის სამინისტროს წლევანდელი წლის დაფინანსებაშიც სერიოზული ”გარღვევა” აქვს. მიმდინარე წლის 10 თვის საბიუჯეტო ხარჯების გეგმიური მაჩვენებელი 40 მილიონ 521 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა ფინანსთა სამინისტრომ თავდაცვის უწყებისათვის მხოლოდ 29 მილიონი ლარი გაიმეტა, რაც გეგმის მხოლოდ 71,7 პროცენტს შეადგენს.

ცოტა ხნის წინ ანეგდოტური სიტუაციაც კი შეიქმნა საკომიტეტო მოსმენაზე, როდესაც თავდაცვის დაუფინანსებლობის მიზეზად ფინანსთა მინისტრმა რუსეთის მხრიდან აგრესიის საშიშროების არარსებობა დაასახელა. სამწუხაროა, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონს უხეშად არღვევს სწორედ ის უწყება, რომელიც პირველ რიგშია პასუხისმგებელი მის შესრულებაზე, ხოლო ორმაგად სამწუხაროა, როდესაც კანონის დარღვევა ასეთი არგუმენტით მართლდება. არადა, 11 მილიონი ლარი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ თავისი სამხედრო კოლეგებისათვის ვერ გაიმეტა, ისეთი პროგრამების დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა, როგორიც ”წვრთნის და აღჭურვის” პროგრამა, სამხედრო სწავლება ”კახეთი 2002” და მთელი რიგი დაგეგმილი სპეცპროგრამები გახლავთ. შესაბამისად, დავით თევზაძეს ამ პროგრამების გადასარჩენად სპეცსახსრების გამოყენება მოუხდა, რის გამოც, ბუნებრივია, სხვა ხარჯები მოიკვეცა.

ბიუჯეტთან დაკავშირებულ პრობლემებს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო შტაბის სპეციალური სხდომაც კი მიეძღვნა, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო მონაწილეობა. მართალია, ნინო ბურჯანაძე თავდაცვას მხარდაჭერას ჰპირდება, მაგრამ მოთხოვნილი 129 მილიონის დამტკიცების გარანტიას მაინც ვერ იძლევა. ამ შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ არჩევანი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ დასახელებულ შუალედურ ციფრზე შეჩერდება და კანონმდებლები თევზაძის უწყებისათვის 80 მილიონი ლარის გამოყოფას დაუჭერენ მხარს.

ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროს შორის ბიუჯეტის ირგვლივ არსებული დაძაბულობა კიდევ კარგა ხანს გასტანს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს, მართლაც, არა აქვს საშუალება ბევრი სასიცოცხლო პროექტი დააფინანსოს, ჩვენს მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს ელემენტარული პოლიტიკური ნება მაინც უნდა გააჩნდეს, რომ პრიორიტეტები გამოკვეთოს და ქვეყანა მშიერი და შიშველი ჯარისკაცების იმედად არ დატოვოს.
XS
SM
MD
LG